კაშიამ ნიდერლანდების თასი მოიგო
საქართველოს ნაკრების და არნემის ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ ნიდერლანდების თასი აღმართა! გადამწყვეტ შეხვედრაში არნემელებმა ალკმაარის აზ 2:0 დაამარცხეს.
კაშია მეორე ქართველია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. 1998 და 1999 წლებში თასი ამსტერდამის აიაქსის გოლეადორმა შოთა არველაძემ მოიგო. 1998 წლის ფინალში, პსვ ეინდჰოვენთან 5:0 მოგებულ მატჩში, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა გოლიც შეაგდო.
გურამ კაშია მეშვიდე სეზონს ატარებს არნემის ვიტესის შემადგენლობაში. 30 აპრილს მოგებული თასი მისთვის პირველი უცხოური ტიტულია. თბილისის დინამოს შემადგენლობაში გურამმა თითოჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 1 მაისი)