კარიერა ფრაზებში #41: რაფაელ ჩიმიშკიანი

XX საუკუნის მიწურულს, როცა სპორტის სხვადასხვა სახეობებში საუკეთესოები გამოავლინეს, რაფაელ ჩიმიშკიანი საქართველოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს.
ის შეუდარებელი იყო: ნამდვილი ათლეტი, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო, რის მოგებაც კი იმ დროისთვის იყო შესაძლებელი: გახდა ოლიმპიური თამაშების ოქრომედალოსანი, 2-ჯერ მოიგო მსოფლიო პირველობა, 6-ჯერ – კონტინენტის უძლიერესი ძალოსნის სახელი…
იცოდით? რაფაელ ჩიმიშკიანი თბილისის საპატიო მოქალაქეცაა!
ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონის შესანიშნავ კარიერას ქართულ და რუსულ სპორტულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ. ბატონო რაფო ჟურნალისტებთან ყოველთვის გულღია გახლდათ.

…„შუსტრი“ ბიჭი ვიყავი: ვჭიდაობდი, ტანვარჯიშზე დავდიოდი, ჩილიკა ჯოხითაც ვთამაშობდი და ბურთის კენწვლაც მეხერხებოდა, მაგრამ ყველაზე ძალიან ფეხბურთის თამაში მიყვარდა!

…ბავშვები ვიყავით, მაგრამ სიმართლის ფასი ვიცოდით. ორგულები, ცუდი კაცები არ გვიყვარდა. ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს მეზობლის ფანჯარას რომ ჩავამტვრევდი, მამაჩემთან მაბეზღებდნენ და ისიც მკაცრად მსჯიდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს იმათ ვაჟბატონებს დავიჭერდი და ცხვირ-პირს ვუჩეჩქვავდი.

…ჩვენ დროს ფეხბურთი ნამდვილი ზეიმი იყო! მატჩის დაწყებამდე მე და ჩემი მეგობრები ტროლეიბუსის უკანა „შიტოკზე“ შევხტებოდით და ზემელიდან ისე მივდიოდით დინამოს სტადიონზე. საჩვენო ბილეთი, ცხადია, არსად იყო, ამიტომ, ტრიბუნებზე ვიპარებოდით. ერთხელ მეგობრებიდან მარტო მე შევძელი ცხენოსანი პოლიციის ქვეშ გაძრომა და თამაშზე დასწრება. უბანში რომ დავბრუნდი, დიდხანს ვტრაბახობდი გოგი ანთაძე, გაიოზ ჯეჯელავა, გრიგოლ გაგუა, ბორის პაიჭაძე ვნახე-მეთქი… მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ მე და ბორის პაიჭაძე ძმაკაცები გავხდებოდით.

…ბორიასთან გამორჩეული ურთიერთობა მქონდა. ხომ იცით, მას ფეხბურთის კარუზოს ეძახდნენ! სომხურად მეძახდა ხოლმე: პუჭურ, როდის გამოივლიო… ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, ჩემი თაობის კერპი!

…მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თაობა მეორე მსოფლიო ომის საშინელებას მოესწრო – ჩვენ ყველანი ომგამოვლილი ვიყავით – მაინც გვქონდა ბედნიერების შეგრძნება და რწმენა, რომ მალე უკეთესად ვიცხოვრებდით. მახსოვს დედაჩემი მე და ჩემ ძმას რომ გადმოგვძახებდა ეზოში: ბიჭებო ამოდით, ლობიო ჭამეთო, სიხარულით ავრბოდით სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით – დედა სინამდვილეში სიმინდს ხარშავდა და ლობიოს ოციოდ კაკალს ამატებდა კერძში. ასეთი დღეებიც გამომივლია.

…დედაჩემი ქართველი იყო, ნინო ბერიძე და ქართულ კერძებს ბრწყინვალედ ამზადებდა. ტოლმაც ეხერხებოდა… მშობლებისგან დიდი სიყვარული მახსოვს!

…სახელოვანი სპორტსმენი ვიყავი, როცა ერთმა მაღალჩინოსანმა შემომთავაზა, გვარს გამოგიცვლით, პასპორტს ერთ დღეში „ჩაგახუტებთო“. უარი ვუთხარი – არ მინდა ვინმემ გვარი შემიგინოს-მეთქი. ვუპასუხე: მე რომ კარიერის გამო გვარ-რჯული შევიცვალო და ერს ვუღალატო, ხვალ შენც გიღალატებ-მეთქი. ამ პასუხის გამო სომხებიც დღემდე დიდ პატივს მცემენ და ქართველებიც.

…ჩვენთან ეზოში, გაბაშვილის ქუჩაზე, ერთი მსახიობი კაცი ცხოვრობდა, ვანო ტურიაშვილი. თავისით ააწყო შტანგა, დილაობით ვარჯიშობდა-ხოლმე. 1942 თუ 1943 წელი იყო, მეორე მსოფლიო ომის შავი დღეები… ერთხელაც, მისგან მალულად ავწიე ეს თვითნაკეთი შტანგა. ძია ვანოზე უკეთ გამომივიდა. მაინც დამინახა და მითხრა, პატარა ხარ, არ შეიძლებაო, მაგრამ იმ დროს უკვე ძალიან მინდოდა ძალოსნობაზე სიარული.

…კიდევ იცით რატომ ავირჩიე სპორტის ეს სახეობა? ეზოში ფიზკულტურის ინსტიტუტის ერთი სტუდენტი ცხოვრობდა, გვარად სარაჯიშვილი. სამწუხაროდ, სახელი აღარ მახსოვს. დილაობით აივანზე ცივი წყლით იზელდა ტანს. ისეთი ლამაზი სხეული ჰქონდა, რომ მინდოდა მას დავმსგავსებოდი. ამიტომაც 1946 წლის 3 თუ 5 სექტემბერს, სწავლის დაწყებისთანავე, ბესიკის ქუჩაზე, დინამოს დარბაზს მივაკითხე და ძალოსნობის სექციაში ჩავეწერე. ჩემი პირველი მწვრთნელი პავლე გუმაშიანი სწორედ იქ გავიცანი.

…ხშირად მეორე ისტორიაც მომიყოლია, რის გამოც ძალოსნობაზე შესვლა გადავწყვიტე. ჩვენ დროს მტკვრის სანაპიროს იმ მონაკვეთზე, სადაც მოგვიანებით რესტორანი არაგვი ააშენეს, საბანაო ადგილი იყო, რომელსაც ბიჭები კუპალნაიას ვეძახდით. ომის დასრულებისთანავე ბიჭებთან ერთად იქ ერთი სამხედრო, ვალენტინ იანკოვიჩიც ბანაობდა, შესანიშნავი აღნაგობის კაცი. ერთ დღეს წამაქეზა, მოდი ვიჭიდაოთ, თუ მაჯობებ, მეორე დღეს ძალოსნობაზე მიგყვებიო. იცოდა, რომ ვარჯიში მინდოდა. ვიჭიდავეთ, ვაჯობე და წყალში გადავაგდე, თან მეც გადავყევი. ის კარგად ცურავდა, მე – ვერა და იქ უკვე იმან იყარა ჯავრი – ბლომად წყალი მაყლაპა. საბოლოოდ სიტყვა არ გატეხა და ძალოსნობის დარბაზში მიმყვა.

…მაშინ ასაკობრივი პირველობები არ ტარდებოდა და დავიწყე თუ არა ვარჯიში, მესამე თუ მეოთხე თვეს, ეგრევე უფროსების პირველობაზე მიკრეს თავი – გორკში ქვეყნის საუკეთესო ათლეტების მხარდამხარ გამოვედი. სხვათა შორის, სწორედ იქ, პირველივე შეჯიბრზე ვნახე საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი გრიგორი ნოვაკი, რომელიც ჩემი კერპი იყო. სასტუმროს ნომერში შევხვდი და გვერდით რომ ჩამიარა, რუსულად ჩავილაპარაკე, ნუთუ ასეთი პატარაა ეს ნოვაკი-მეთქი. გაიგონა და მომიტრიალდა: შენც რა დიდი გოლიათი მყავხარ, მალე გნახავ ფიცარნაგზე რა ბიჭიც ხარო… ის ჩემპიონატი, ცხადია, ნოვაკმა მოიგო. შესანიშნავი სპორტსმენი იყო, მალე დავმეგობრდით, ჰელსინკში კი, ოლიმპიურ სოფელში ერთ ოთახში ვცხოვრობდით. რაც შეეხება დებიუტს, საკავშირო ჩემპიონატზე მჩატე წონაში IX ადგილზე გავედი.

ჩიმიშკიანი

1956 წელი, მოსკოვი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადა: რაფაელ ჩიმიშკიანი ლეგენდარული ფალავნების, ვახტანგ ბალავაძის (მარცხნივ) და გივი კარტოზიას გარემოცვაში

…1947 წელს უკვე ძალაც მომემატა და ვგრძნობდი, რომ მეტის მიღწევა შემეძლო. საქართველოს პირველობა უპრობლემოდ მოვიგე, თან სამივე მოძრაობაში რესპუბლიკის რეკორდი დავამყარე! ქვეყნის ჩემპიონატზე ვეღარ ვიასპარეზე – ბრმა ნაწლავმა შემახსენა თავი და ოპერაციის შემდეგ მთელი სეზონი გამიცდა. ერთი წლის მერე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში უკვე მეექვსე ვიყავი!

…კარიერის მანძილზე უამრავი ოქროს და ვერცხლის მედალი მოვიგე, მაგრამ მე ყველა გამარჯვება მახსოვს. დაუვიწყარია ის დღე, როცა პირველად დავდექი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე – ეს 1948 წელს მოხდა, ლენინგრადში. მაშინ დინამოელ თანაკლუბელებთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. მეორე დღეს ჩემი ფოტო გაზეთ სოვეტსკი სპორტში დაიბეჭდა – სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე!

…1950 წელს პარიზში ერთდროულად გაიმართა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. საფრანგეთში ივან უდუგოვის სათადარიგოდ გავემგზავრე. ჩემდა საბედნიეროდ, მან პარიზში ვერ იასპარეზა – ავად გახდა, ფიცარნაგზე მის ნაცვლად გასულმა კი ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, ხოლო მსოფლიოზე მხოლოდ ირანელ ნამდუს ჩამოვრჩი! მე და ნამდუმ ერთი წონა დავძლიეთ, მაგრამ რომ აგვწონეს, მეტოქე 100 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა და ოქროც მას ერგო.

…ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების წინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ქალაქ ივანოვოში ჩატარდა. პირველობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ვიავადმყოფე და წონა მოვიმატე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ჩემმა კონკურენტმა ნიკოლაი საქსონოვმა მოიგო, ოლიმპიადაზე მაინც წამიყვანეს. მწვრთნელებმა კარგად იცოდნენ რომ მასაც ვჯობდი და მეორე კონკურენტ მაზურენკოსაც. თანაც, ოლიმპიადაზე თითო ქვეყანას წონაში 3 სპორტსმენის გამოყვანის უფლება ჰქონდა, ამიტომ, ჩემი ოლიმპიადაზე წასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს მდგარა.

…ოლიმპიადისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყეთ. პირველი შეკრება ვიბორგში გავიარეთ. იქ კიდევ ერთხელ გავხდი ავად – ფილტვების ანთება დამემართა, თუმცა ბედად, ნაკრებს ძალიან კარგი ექიმი ჰყავდა – კუხალევსკი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი, რომელმაც სამედიცინო ინსტიტუტი ჩვენთან დაასრულა. იმან მიშველა და ჰელსინკში ჩასვლამდე ფეხზე დამაყენა.

…ვიბორგიდან ჰელსინკამდე მატარებლით ვიმგზავრეთ. მახსოვს, ჩემთან ერთად ვაგონ-ჰოსპიტალში ლეგენდარული მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილიც მოხვდა – ისიც გაციებული იყო. ჩვენი ვაგონი შემადგენლობას აბოლოებდა, ამაზე კი არსენმა კარგად იხუმრა, ნუ დარდობ რაფო, ფინეთიდან ორივე პირველი ვაგონით ვიმგზავრებთ – ჩვენ იქ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებითო! ასეც მოხდა – მეც ოქრო მოვიგე და არსენმაც, თუმცა ის მაშინ მოსკოვში ცხოვრობდა და რუსეთის სახელით ასპარეზობდა.

…ძალოსნების შეჯიბრება სპორტკომპლექს მესუჰალეში ჩატარდა. შეჯიბრება გვიანობამდე გაგრძელდა. ყველა ოლიმპიურ სოფელში დაბრუნდა, ბოლო ავტობუსი კი მხოლოდ ჩვენ, ძალოსნებს გველოდებოდა. ოლიმპიურ სოფელში წასვლის წინ გივი კარტოზიამ და ვახტანგ ბალავაძემ მითხრეს: რაფო, აბა შენ იცი, გვასახელე, სასტუმროში რომ დაბრუნდები, იცოდე, გელოდებით და გვნახეო… შეჯიბრის მსვლელობისას მწვრთნელებმა ძალიან მომიშალეს ნერვები – არ უკვეთავდნენ იმ წონას, რასაც ვითხოვდი. საბოლოოდ მაინც ჩემპიონი გავხდი – დილის 3 საათი იყო, ფორმა რომ გამოვიცვალე და ჩემი ნივთები ჩავალაგე.

…სოფელში სანამ მივედით, კაი დრო გავიდა. ავტობუსის ფარების შუქზე ჩვენ სასტუმროსთან სილუეტებს მოვკარი თვალი – თურმე გივი და ვახტანგი კიდევ მელოდებიან! როცა გაიგეს ჩემპიონობის ამბავი, მხრებზე შემისვეს და ლამის მთელი ჩვენი დელეგაცია გააღვიძეს, ყვიროდნენ რაფო ჩემპიონია, რაფო ჩემპიონიაო! გივიმ ხელში ამიტაცა და მიმეორებდა, შენ ჩემი ძალა ხარო! ეს იმხელა სიხარული იყო, აგერ, ამხნის კაცი ვარ და დღემდე თვალზე ცრემლი მადგება! ვერანაირი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რასაც მაშინ ვგრძნობდი!

…ჰელსინკიდან თბილისში მოსკოვის გავლით რომ ვბრუნდებოდით, ვახტანგ ბალავაძის მშობლიურ სამტრედიაში გულშემატკივრებმა ჩვენი მატარებელი გააჩერეს – თურმე მე, ვახტანგს, გივის, დავით ციმაკურიძეს გვეძებდნენ… ბაქანზე, მთელ სიგრძეზე პურ-მარილი იყო გაშლილი – მაგიდები ერთმანეთზე მიედგათ და იყო ერთი ამბავი! ცამეტივე ვაგონიდან ჩამოიყვანეს მგზავრები, ლამის ორი საათით გაგვაჩერეს, ყველამ ძალიან მაგრად მოილხინა! ტურისტები, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად მოდიოდნენ, მატარებელში ასვლას არ ჩქარობდნენ – ჩვენ აქაც მშვენივრად ვართო, ამბობდნენ.

…1954 წლის შემოდგომით მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, კონცერტ ჰაუზში გაიმართა. ორი კონკურენტი მყავდა – საბჭოთა სპორტსმენი ივან უდუგოვი და ბირმელი ტონ მოუნგი. უფრო ამ უკანასკნელისა მეშინოდა – ბრწყინვალე, ჩამოსხმული ტანი ჰქონდა, ძალიან ძლიერი ხელები… მიუხედავად ამისა ორივეს ადვილად ვაჯობე, თან მსოფლიო რეკორდი დავამყარე!

…ოლიმპიური თამაშების ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის მოსკოვში პრემიას ყოველთვის მაძლევდნენ. ოქროს მედალი 6 ათას მანეთად ფასდებოდა. ფულზე საუბარი არასდროს მიყვარდა, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ რუსი ჩემპიონები 15 ათას მანეთს იღებდნენ, არარუსები კი ნაკლებს.

რაფაელ ჩიმიშკიანი

ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოდან (მარცხნიდან): კახი კახიაშვილი, ლაშა ტალახაძე, რაფაელ ჩიმიშკიანი და გიორგი ასანიძე

…1956 წელს, მელბურნში, ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ბოლო შეკრება ტაშკენტში მოგვიწყვეს ძალოსნებს, მოჭიდავეებს და მოკრივეებს. საკავშირო სპორტკომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არკადი ვორობიოვმა, რომელსაც სტალინი არ უყვარდა, მისი ძაგება დაიწყო. სტალინის დროს ის ამას, ცხადია ვერ გაბედავდა, მაგრამ 1956 წელს უკვე ნიკიტა ხრუშჩოვი იყო ქვეყნის სათავეში, მას კი სტალინის კულტის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. ჰოდა, ეს ვორობიოვი ძალიან ეშხში რომ შევიდა, არსენ მეკოკიშვილმა ისეთი სთხლიშა სახეში, ხუთ მეტრზე გადააგდო! ვენაცვალე მის მარჯვენას, ღირსი იყო ის არაკაცი! ცხადია, არსენს ეს არ აპატიეს – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო, მეორე დღესვე დაითხოვეს შეკრებიდან.

…მელბურნში არც მე გამიშვეს. ოლიმპიადის სპორტული ფორმაც მომცეს, პასპორტიც და თვითმფრინავის ტრაპთანაც მიმიყვანეს, მაგრამ სულ ბოლო მომენტში ამომაგდეს გუნდიდან. ძალიან გავბრაზდი, ისე მომეშალა ნერვები, მეგონა გული გამისკდებოდა. თბილისში ჩამოსულმა დარდი ვერავის გავუზიარე და ამ საშინელების გადასატანად ბევრი დავლიე.

…იქ, ავსტრალიაში, ჩემმა და არსენ მეკოკიშვილის შემცვლელებმა ძალიან ცუდად იასპარეზეს. მეკოკიშვილის ნაცვლად სვერდლოვსკელი ვიხრისტიუკი წაიყვანეს, რომელმაც მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა, ჩემი შემცვლელი მინაევი კი ჩემპიონს მთელი 10 კილოგრამით ჩამორჩა!

…გარეწარ ვორობიოვს რამდენიმე წლის შემდეგ სოხუმში შევხვდი, სადაც შეკრება გვქონდა. ერთხელ ოთახში დავიმარტოხელე, კედელთან მივაყენე და ვუთხარი: ახლა ჩემ ხელში ხარ, რასაც მინდა იმას გიზამ, აირჩიე ფეხის თითები დაგაჭრა თუ ხელის-მეთქი. ფიზიკურად ჩემზე დიდი იყო, მაგრამ ქვეშაფსია. ეგონა მართლა ვუპირებდი თითების დაჭრას და ხვეწნა-მუდარა დამიწყო, არ დამღუპოო. რისი თქმაც მინდოდა პირში ვუთხარი და გული მოვიოხე!

…ხშირად მეკითხებოდნენ, დინამოს გულშემატკივრობ თუ არარატსო. პასუხი მზად მქონდა: ჩემი წინაპრები სომხეთიდან კი არიან, მაგრამ რამდენიმე თაობაა ჩემები თბილისში ცხოვრობენ და მეც დინამოს გულშემატკივარი ვარ-მეთქი. თანაც, ყველამ იცოდა, რომ სპორტსაზოგადოება დინამოს წევრი ვიყავი.

…ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ იმის გამო არ მიშვებდნენ, რომ უპარტიო ვიყავი. შეკრებიდან მომხსნეს და მითხრეს, თბილისიდან პარტბილეთს თუ არ ჩამოიტან, აღარ მოხვიდეო. რა უნდა მექნა? ისევ ბორია პაიჭაძემ მიშველა: მაშინდელი სტალინის, ახლანდელი დიდუბის რაიონის რაიკომის პირველ მდივანთან მიმყვა და მეორე დღესვე მომცეს პარტიის წევრობის კანდიდატის მანდატი.

…1954 წელს ტყუპი ქალიშვილი შემეძინა, უბედნიერესი კაცი ვიყავი! ავსტრიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრე, სადაც ჩემპიონი გავხდი მსოფლიო რეკორდით! 25 წლის ბიჭი ვარ და ცაში დავფრინავ, თბილისში დაბრუნებამდე შვილებს ძალიან ლამაზი სათამაშოები ვუყიდე, მაგრამ შინ მისულს ერთი საწოლი ცარიელი დამხვდა… ეს საშინელება იყო, თავის მოკვლა მინდოდა! გივი კარტოზია დამიდგა გვერდით, ბორია პაიჭაძეც ჩემთან ერთად იზიარებდა ჭირს… თითქმის ყოველ დღე ვსვამდი… ისევ მეუღლემ გადამარჩინა. ბიჭებმა მოსკოვის მახლობლად ერთი თვით გამიშვეს დასასვენებლად, მერე მეორე საგზურიც გამიკეთეს… ნელ-ნელა გონს მოვედი… ვარჯიში რომ განვაახლე, ისე ვიყავი დასუსტებული, 60-კილოიან შტანგასაც ვერ ვწევდი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ გავედი ფიცარნაგზე და ქვეყნის ჩემპიონი გავხდი!

…ფული რა არის? ფული ხელის ჭუჭყია. ამაში ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი. დღეს მოდის, ხვალ – მიდის… მთავარი სიყვარულია, სიყვარულს კიდე ფულით ვერ იყიდი. მე ასე მწამს, ასე გავიზარდე.

…ყველაზე დიდი სიხარული? თუ სპორტს გვერდზე გადავდებთ, ყოველთვის სიხარულით ვიხსენებ მშობლებს – დედაჩემის სიყვარულს და მამაჩემის სამართალს. მათ ძალიან ბევრი მასწავლეს. მახსოვს ტყუპების დაბადება და ის სიმწარე, რაც გიამბეთ… მაგრამ ცხოვრება ყოველთვის დაღმართი არაა – პირველი გოგოს მერე კიდევ სამი ქალიშვილი შემეძინა. ბოლო დროს ყველაზე ძალიან იმან გამახარა, რომ თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს.

…როგორ ცხოვრობს რაფო ახლა? დილით ადრე ვდგები და შვილების და შვილიშვილების ბედნიერებით ვხარობ.

…რა მენატრება? ჩემი პლეხანოვი მენატრება! იცით რამხელა სიყვარულს ვხედავდი იმ ქუჩაზე? ხელი მეღლებოდა, იმდენ კაცს ვესალმებოდი! ჩემ დროს თბილისი სიყვარულის ქალაქი იყო. ჰოდა, ის თბილისი მენატრება!

რაფაელ ჩიმიშკიანი
დაიბადა 1929 წლის 23 მარტს
ძალოსნობა (56, 60კგ წონითი კატეგორიები)
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1952 (ჰელსინკი; 60კგ); მსოფლიოს ჩემპიონი – 1954 (60კგ; ვენა, ავსტრია), 1955 (60კგ; მიუნხენი, გერმანია); მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 1950 (56კგ; პარიზი, საფრანგეთი), 1953 (60კგ; სტოკჰოლმი, შვედეთი); ევროპის ჩემპიონი – 1950 (56კგ; პარიზი, საფრანგეთი), 1952 (60კგ; ჰელსინკი, ფინეთი), 1954 (60კგ; ვენა, ავსტრია), 1955 (60კგ; მიუნხენი, გერმანია), 1956 (60კგ; ჰელსინკი, ფინეთი), 1957 (60კგ; კატოვიცე, პოლონეთი); ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 1953 (60კგ; სტოკჰოლმი, შვედეთი); მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი – 1951; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1956; სსრკ ჩემპიონი – 1948 (გუნდური), 1949 (პირადი და გუნდური), 1950 (გუნდური), 1951 (პირადი და გუნდური), 1952 (გუნდური), 1954, 1955, 1960; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1950, 1952, 1953, 1957, 1958; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1956, 1962; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1952; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2012; ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 2002; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი – 2018; ღირსების ორდენი – 1996; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2002; ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ) – 1956

*-დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნად.

*-ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ჰელსინკში (ფინეთი) მსოფლიო რეკორდით მოიგო, სამჭიდის ჯამში 337,5კგ დაძლია.

*-1952-57 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში – 3-ჯერ, აკვრაში – 2-ჯერ

*-1955 წლის ივნისში, მოსკოვში საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ძალოსანთა ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა. თავის წონით კატეგორიაში (60კგ) 340კგ დაძლია და მეტოქე დაამარცხა.

*-არის ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

*-2003 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „რაფაელ ჩიმიშკიანი“.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian