კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია! სამეფო კლუბის ლიდერმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო, კარიერაში კი მესამედ.

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, კონგრესჰაუსში გამართულ ფიფას გალა-დაჯილდოებაზე პორტუგალიელმა არგენტინელ ლეო მესის და გერმანელ მანუელ ნოიერს აჯობა. გამოკითხვაში 181 ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 182 კაპიტანი და 181 ჟურნალისტი მონაწილეობდა. რონალდუმ ხმათა 37,66% მოაგროვა, ლეო მესიმ – 15,76%, ხოლო მანუელ ნოიერმა 15,72%.

2014 წელი რონალდუსთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა: რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ამას გარდა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორის ტიტული, მეორედ გახდა ესპანეთის პირველობის ბომბარდირი, ხოლო ევროპის „ოქროს ბუცი“ მესამედ ჩაიბარა.

ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ მადრიდელთა ლიდერი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ და თავდამსხმელად აღიარა, BBC-მ კი რჩეულ არაბრიტანელ სპორტსმენად დაასახელა. და რაც მთავარია, რონალდუმ პირველად მოიპოვა უეფას მთავარი ინდივიდუალური ჯილდო – უძლიერესი ევროპელი მოთამაშის ტიტული!

„უზომოდ გახარებული ვარ! მადლიერი ვარ ყველა თანაგუნდელის, რომელთა გარეშე ამ წარმატებას ვერ მოვიპოვებდი. მადლობა დედას, მეუღლეს, შვილს, ოჯახს… ეს „ოქროს ბურთი“ თქვენ გეძღვნებათ“! – განაცხადა გამარჯვებულმა, რომელმაც სამადლობელი სიტყვის შემდეგ აღელვება ვერ დაფარა და დაიღრიალა. რონალდუ „ოქროს ბურთით“ ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა დააჯილდოვა.

ქალთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული გერმანიის ნაკრების და ვოლფსბურგ ლეიდის თავდამსხმელმა ნადინე კესლერმა მოიპოვა, წლის საუკეთესო მწვრთნელად მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი გახდა, ქალთა ფეხბურთში კი ანალოგიური ჯილდო ვოლფსბურგ ლეიდის მთავარმა მწვრთნელმა რალფ კელერმანმა მოიგო.

ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზით – წლის ულამაზესი გოლი – კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი ხამეს როდრიგესი დაჯილდოვდა. სპეციალისტებმა მის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ურუგველთა კარში გატანილი ბურთი საუკეთესოდ სცნეს. როდრიგესის გოლმა ხმათა 42% მიიღო.

ფიფას პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო ვეტერან იაპონელ ჟურნალისტს ჰიროში კაგავას გადაეცა, სამართლიანი თამაშის პრიზი კი მსოფლიო ჩემპიონატის მოხალისეებს. ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს თქმით, ეს თასი ფიფას მუზეუმში დაიდებს ბინას.

 

ფიფას 2014 წლის სიმბოლური ნაკრები
მეკარე – მანუელ ნოიერი (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია)
მცველები – ფილიპ ლამი (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია), სერხიო რამოსი (მადრიდის რეალი, ესპანეთი), ტიაგუ სილვა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი; ბრაზილია), დავიდ ლუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი; ბრაზილია)
ნახევარმცველები – ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი), ანხელ დი მარია (მადრიდის რეალი, ესპანეთი/მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; არგენტინა), ტონი კროოსი (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია/მადრიდის რეალი, ესპანეთი; გერმანია)
თავდამსხმელები – კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი, ესპანეთი; პორტუგალია), არიენ რობენი (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია; ნიდერლანდები), ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)

 

ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი
2014 კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
2013 კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
2012 – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2011 – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2010 – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2009 – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2008 – კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; პორტუგალია)
2007 – კაკა (მილანი, იტალია; ბრაზილია)
2006 – ფაბიო კანავარო (ტურინის იუვენტუსი, იტალია/მადრიდის რეალი, ესპანეთი; იტალია)
2005 – რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2004 – რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2003 – ზინედინ ზიდანი (მადრიდის რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2002 – რონალდო (მილანის ინტერი, იტალია/მადრიდის რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
2001 – ლუიშ ფიგუ (მადრიდის რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
2000 – ზინედინ ზიდანი (ტურინის იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1999 – რივალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1998 – ზინედინ ზიდანი (ტურინის იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1997 – რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი/მილანის ინტერი, იტალია; ბრაზილია)
1996 – რონალდო (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდები/ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1995 – ჟორჟ ვეა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი/მილანი, იტალია; ლიბერია)
1994 – რომარიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1993 – რობერტო ბაჯო (ტურინის იუვენტუსი; იტალია)
1992 – მარკო ვან ბასტენი (მილანი, იტალია; ნიდერლანდები)
1991 – ლოთარ მათეუსი (მილანის ინტერი, იტალია; გერმანია)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 13 იანვარი)

ka_GEGeorgian