ATP-იმ აირჩია: ტურინი!
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ტურნირს 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით იტალია, ქალაქი ტურინი უმასპინძლებს. ეს ინფორმაცია ATP-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
„ვულოცავთ იტალიელებს კიდევ ერთ უმაღლესი დონის ტურნირს! იტალიის ჩოგბურთის ფედერაციასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ღრმავდება და ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი პროექტები იტალიაში ჩოგბურთის განვითარებას ძალიან წაადგება, ATP–ის ფინალებს კი ახალ სიმაღლეზე გაიყვანს“, – განაცხადა კრის კერმოდიმ, ATP-ის აღმასრულებელმა მენეჯერმა.
ტურინი იტალიის მესამე ქალაქია, რომელიც უმაღლესი დონის საჩოგბურთო ტურნირს უმასპინძლებს. რომში მასტერსის სერიის შეჯიბრი ტარდება, მილანში კი წლის ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ჩოგბურთელები თამაშობენ მთავარი პრიზისთვის.
„მოხარულნი ვართ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ჩვენი პროექტი მოიწონა. ტურინი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს ATP-ის თასის გათამაშებას და დარწმუნებული ვარ, ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩოგბურთის და ზოგადად, სპორტის პოპულარიზაციას ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა კიარა აპენდინომ, ტურინის მერმა.
ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი პირველად 1970 წელს ჩატარდა ტოკიოში, მას შემდეგ კი არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატს უამრავმა ქალაქმა უმასპინძლა. 2009 წლიდან მთავარი თასი ლონდონში თამაშდება.
ამ ტურნირის რეკორდსმენი შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, რომელმაც 6-ჯერ მოიგო თასი, 4-ჯერ კი ფინალში ითამაშა. 5-5-ჯერ მოუგიათ ტურნირი ივან ლენდლს, პიტ სამპრასს და ნოვაკ ჯოკოვიჩს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 აპრილი)