ქაჯაია ოქროთი დაჯილდოვდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რჩეულ სპორტსმენთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის მსვლელობისას ოფიციალურად გადაეცა ევროპის II თამაშების ოქროს მედალი.

მძიმეწონოსანმა ფალავანმა ივნისში გამართულ წლის ერთ-ერთ მთავარ შეჯიბრზე II ადგილი დაიკავა: ლიეტუველ რომას ფრიდრიკასთან (4:0), აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათთან (10:4) და ნორვეგიელ ოსკარ მარვიკთან (2:0) გამარჯვების შემდეგ გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსთა ფავორიტ კირილ ჰრიშჩანკასთან დამარცხდა – 1:5. მოგვიანებით ჰრიშჩანკა დოპინგზე ჩავარდა და ოქროს მედალი ჩამოერთვა, შესაბამისად, ქაჯაია ევროპის II თამაშების ჩემპიონად გამოცხადდა.

იაკობ ქაჯაიას ოქროს მედლით საქართველოს გუნდი მინსკი 2019-ის საერთო გუნდურ ჩათვლაში VII ადგილამდე ამაღლდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის II თამაშებზე ქართველმა ათლეტებმა 30 მედალი მოიგეს, მათ შორის 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა იაკობ ქაჯაიას ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივის შესრულებისთვის სპეციალური დიპლომიც გადასცა, ისევე, როგორც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიას და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილსა და ელიზბარ ოდიკაძეს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 27 დეკემბერი)
ფოტო: 
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian