დიდი სპორტიდან დიდი ხნით დისკვალიფიცირებული რუსეთი

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსი სპორტსმენები და გუნდები 4 წლით მოკვეთა საერთაშორისო ტურნირებიდან.
ტოკიოს 2020 და პეკინის 2022 წლის ოლიმპიადები რუსეთის გუნდის გარეშე ჩაივლის, ისევე როგორც მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი და ბევრი სხვა დიდი საერთაშორისო ტურნირი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სოკ-ი სრულად დაემორჩილებოდა
WADA-ს გადაწყვეტილებას.
WADA-ს მკაცრი განაჩენის მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია და აჭარასპორტი ამის შესახებ პერიოდულად წერდა: რუსულ სპორტში გამეფებული სიბინძურე და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ მხარდაჭერილი დოპინგ-პროექტები.
მსოფლიოს ანტისადოპინგი სააგენტოს დღევანდელ გადაწყვეტილებას 3 მთავარ მიმართულებად თუ დავყოფთ, ასეთ სურათს მივიღებთ:

ჰიმნის და დროშის გარეშე
რუსეთის ოლიმპიური გუნდი და რუსი ათლეტები დისკვალიფიცირებულნი არიან ტოკიოს 2020 და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადებიდან, მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან და ცალკეულ სახეობებში (მძლეოსნობა, საწყლოსნო სახეობები და ასე შემდეგ) მსოფლიო/კონტინენტური ჩემპიონატებიდან. ხსენებულ შეჯიბრებებში დაიშვებიან ცალკეული რუსი სპორტსმენები იმ შემთხვევაში თუ:

ა) მათი გვარ-სახელები ხსენებული არ არის რიჩარდ მაკლარენის მოხსენებაში, რომელიც რუსულ სპორტში გამეფებულ დოპინგ-სკანდალს ეხება;

ბ) მათი სინჯები არაა გაყალბებული მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მიერ;

გ) მათ სრულად გაიარეს ყველა დოპინგ-სინჯი;

დ) თუ მათი სინჯების პასუხები WADA-ს მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

რაც მთავარია: ყველა ის ათლეტი, რომელთაც რუსული სპორტის 4-წლიანი დისკვალიფიკაციის პერიოდში საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვებენ, ვერ იასპარეზებს რუსეთის დროშის ქვეშ და მათი გამარჯვების შემთხვევაში არ აჟღერდება რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი.

დიდი საერთაშორისო ტურნირები
დღევანდელი დისკვალიფიკაციის შემდეგ დიდი შანსია, რომ რუსეთმა ვერ უმასპინძლოს ქვემოჩამოთვლილ შეჯიბრებს, რომელთა ქვეყანაში ჩატარება თითქმის გადაწყვეტილი იყო:

2022 – მსოფლიო ჩემპიონატი ფრენბურთში

2023 – მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში

2023 – ზაფხულის უნივერსიადა

2025 – მსოფლიო ჩემპიონატი სპორტის საწყლოსნო სახეობებში.

სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ ევრო 2020-ის მატჩებს, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალს დღევანდელი დისკვალიფიკაცია არ შეეხება.

ამავდროულად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რუსეთი ვერ განაცხადებს პრეტენზიას ამა თუ იმ დიდი საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობაზე.

ოფიციალური პირების დისკვალიფიკაცია და ხარჯები
რუს მაღალჩინოსნებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში აეკრძალათ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში (მათ შორის ფიფაში) აღმასრულებელ თანამდებობებზე მოღვაწეობა.

რუსეთის ოლიმპიური და პარალიმპური კომიტეტების ხელმძღვანელებს, ისევე როგორც საერთაშორისო ფედერაციების რუს მაღალჩინოსნებს და ცალკეული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს აეკრძალათ ოლიმპიადებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და ასაკობრივ თამაშებზე ოფიციალური სტატუსით დასწრება.

WADA-ს მიერ ჩატარებული გამოძიების მთლიან ხარჯებს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დაფარავს.

ასევე: რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ჯარიმის სახით გადაიხდის 2019 წლის შემოსავლების 10% ან ფიქსირებულ 100 ათას დოლარს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 9 დეკემბერი)

ka_GEGeorgian