შიფრინის სრული ტრიუმფი

24 წლის მიქაელა შიფრინმა ბრწყინვალე სეზონი ტრიუმფალურად დახურა: ანდორაში გიგანტური სლალომის ეტაპი მოიგო და მე-4 ბროლის გლობუსი მოიპოვა!

ამერიკელი პირველი სამთო მოთხილამურეა, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო საერთო ჩათვლის მსოფლიო თასი, ასევე გაიმარჯვა სლალომში, გიგანტურ სლალომსა და სუპერგიგანტში. ასეთი რამ ვაჟთა შორისაც არავის გაუკეთებია!

„ახლა ცოტას დავისვენებ, ხვალ ან ზეგ კი ბარსელონაში ჩავალ და მაღაზიებს მოვივლი. შოპინგის დროს ყველაზე უკეთ ვერთობი“, – ასე უპასუხა შიფრინმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მისი უახლოესი გეგმებით დაინტერესდა.

შიფრინმა მიმდინარე სეზონში მსოფლიო თასის 17 ეტაპზე გაიმარჯვა, კარიერაში კი უკვე 60 ტრიუმფი დაუგროვდა. თუ მომდევნო სეზონებშიც მსგავსი სისწრაფით ისრიალა, სავარაუდოდ, მსოფლიო რეკორდსმენის ლინდსი ვონის ყველა დროის რეკორდსაც შეუტევს. 34 წლის ვონმა, ვინც ახლახანს დაასრულა კარიერა, მსოფლიო თასის 82 ეტაპი მოიგო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 18 მარტი)

ka_GEGeorgian