დვორკოვიჩი ფიდეს პრეზიდენტია

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ახალი, რიგით მე-7 პრეზიდენტი 46 წლის რუსი პოლიტიკოსი არკადი დვორკოვიჩია.
ბათუმის სასტუმრო შერატონში გამართული ფიდეს 89-ე კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნებით დასრულდა. დვორკოვიჩმა 103 ხმა დააგროვა და მთავარი კონკურენტი, ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი (საბერძნეთი) დაამარცხა. ამ უკანასკნელს 78-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი.

ბერძენი ფუნქციონერი 1982 წლიდან ხელმძღვანელობს საბერძნეთის ჭადრაკის ფედერაციას, 1986 წლიდან კი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

მესამე კანდიდატმა ნაიჯელ შორტმა (ინგლისი) არჩევნებში მონაწილეობა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ იუარა და დვორკოვიჩის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა.

46 წლის არკადი დვორკოვიჩი განათლებით ეკონომისტია. 2012 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 18 მაისამდე ის რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2008 წლის 13 მაისიდან 2012 წლის 21 მაისამდე კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე. 2015 წლის 22 ივნისიდან დვორკოვიჩი რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, ამავდროულად, ზაფხულში რუსეთში ჩატარებული საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა.

ფიდეს ახალი პრეზიდენტის მამა ვლადიმირ დვორკოვიჩი (2005 წელს გარდაიცვალა) მოჭადრაკე და საერთაშორისო საჭადრაკო არბიტრი გახლდათ. 1982-84 წლებში ის საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი იყო, წლების განმავლობაში კი მსოფლიოს ჩემპიონის გარი კასპაროვის მწვრთნელთა გუნდში შედიოდა.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პირველ პრეზიდენტად ნიდერლანდელი დიპლომატი ალექსანდერ რუები აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე 1924-49 წლებში მოღვაწეობდა, მას შემდეგ კი ფიდეს პრეზიდენტები იყვნენ: ფოლკე როგარდი (შვედეთი; 1949-70), მაქს ეივე (ნიდერლანდები; 1970-78), ფრიორიკ ოლაფსონი (ისლანდია; 1978-82), ფლორენსიო კამპომანესი (ფილიპინები; 1982-95) და კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი; 1995-2018).

ლაშა გოდუაძე, ბათუმი, სასტუმრო შერატონი (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 3 ოქტომბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian