პიერ დე კუბერტენის მანიფესტი რეკორდულ თანხად გაიყიდა

127 წლის წინ შედგენილი მანიფესტი, რომელმაც დასაბამი მისცა ოლიმპიური თამაშების აღორძინებას, ნიუ იორკში, სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად – 8 806 500 აშშ დოლარად გაიყიდა!

მოსალოდნელი იყო, რომ ისტორიული ხელნაწერი 700 ათასიდან მილიონ დოლარამდე დაფასდებოდა, მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

საქმე ეხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის მიერ 1892 წელს შედგენილ 14-გვერდიან ხელნაწერს, სადაც საუბარია ფრანგი ბარონის სურვილზე, აღედგინა ანტიკური ოლიმპიური თამაშები.

სოთბის თანახმად, ესაა ყველაზე დიდი თანხა, რომელიც სპორტთან დაკავშირებულ რელიკვიაში გადაიხადეს. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ნიუ იორკ იანკის მოთამაშის ბეიბი რუთის ბეიზბოლის მაისურს, რომელიც ზაფხულში 5,64 მილიონად გაიყიდა.

საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ ოლიმპიურ რელიკვიაში, მილიონ 466 574 დოლარია. სწორედ ამდენი გაიღო უცნობმა კოლექციონერმა ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოთხიდან ერთ-ერთ ოქროს მედალში.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 27 დეკემბერი)

ka_GEGeorgian