ოქროს ბურთი 2018: 11 ფაქტი
კრიშტიანუ რონალდუს ტურინის იუვენტუსში ტრანსფერის შემდეგ, მადრიდის რეალის გულშემატკივრების ფავორიტი ლუკა მოდრიჩია.
ესპანურ პრესას თუ ვენდობით, სამეფო კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში ყველაზე კარგად სწორედ ხორვატი ნახევარმცველის მაისური იყიდება.
მოდრიჩი შესანიშნავია, 2018 წელი კი მისთვის დიდებული გამოდგა: გაზაფხულზე მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ზაფხულში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, შემოდგომით კი ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გუშინ, 3 დეკემბერს, ხორვატმა ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთი“ აღმართა, ყველაზე ძველი და პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი. და იცით ვის აჯობა მოდრიჩმა? მიხვდებოდით: რონალდუს!
…ლუკა მოდრიჩი პირველი ხორვატია, რომელმაც ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთი“ მოიგო.
…მოდრიჩი რეალის მე-7 წევრია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო. ამ მხრივ მე-2 ადგილზე ბარსელონა და იუვენტუსი არიან, სხვადასხვა დროს მათი 6 ფეხბურთელი აღიარეს საუკეთესოდ. ბარსას აქტივში 6 მოთამაშის 11 ტრიუმფია, ამდენივე ტურინელმა კი 8-ჯერ მოიგო პრიზი.
…ლუკამ წლევანდელ რეფერენდუმში 753 ქულა მოგროვა. „ოქროს ბურთის“ ისტორიაში ეს მე-2 საუკეთესო შედეგია – შარშან რონალდუმ 946 ქულით მოიგო.
…ზედიზედ მე-3 წელია ეს ჯილდო მადრიდის რეალის ფეხბურთელს რჩება. 2016 და 2017 წლებში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.
…ზედიზედ 4-ჯერ „ოქროს ბურთი“ მხოლოდ იუვენტუსის და ბარსელონის ფეხბურთელებს მოუგიათ. ტურინელთაგან 1982 წელს პაოლო როსიმ გაიმარჯვა, 1983, 1984 და 1985 წლებში კი მიშელ პლატინიმ. რაც შეეხება ბარსელონას, 2009-12 წლებში ლეო მესიმ მოიგო ფრანს ფუტბოლის მთავარი ჯილდო.
…მხოლოდ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ფლობდნენ ამ ტიტულს 5-ჯერ.
…კრიშტიანუ რონალდუ წელს მხოლოდ მოდრიჩს ჩამორჩა, ისე კი მეექვსედ დაასრულა გამოკითხვა II ადგილზე. ამ მხრივ პორტუგალიელი ერთადერთია. ის მეთოთხმეტედ მოხვდა ნომინანტთა შორის, რაც ასევე რეკორდია.
…„ოქროს ბურთის“ ლაურეატებიდან მხოლოდ 8 მოთამაშემ მოახერხა 2 მთავარი გუნდური ტიტულის – მსოფლიო ჩემპიონატის და ჩემპიონთა თასის/ლიგის მოგება. ესენი არიან: ბობი ჩარლტონი („ოქროს ბურთი“ 1966 წელს მოიგო), გერდ მიულერი (1970), ფრანც ბეკენბაუერი (1972, 1976), პაოლო როსი (1982), ზინედინ ზიდანი (1998), რივალდო (1999), რონალდინიო (2005) და კაკა (2007).
…„ოქროს ბურთის“ ისტორიაში მხოლოდ 7 ფეხბურთელია, რომლებმაც ფრანს ფუტბოლის გამოკითხვა სხვადასხვა დროს I, II და III ადგილებზე დაასრულეს. ესენი არიან ლეო მესი (ტიტული 2009, 2010, 2011, 2012, 2015 წლებში მოიგო), ფრანც ბეკენბაუერი (1972, 1976), რონალდო (1998, 2002), ლუის სუარესი (1960), რაიმონ კოპა (1958), გერდ მიულერი (1970) და ზინედინ ზიდანი (1998).
…ხორვატია 21-ე ქვეყანაა, რომლის წარმომადგენელმაც გაიმარჯვა. ყველაზე მეტი ლაურეატი ჰყავს გერმანიას – 5-მა ფეხბურთელმა 7-ჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“. ასევე 5 იტალიელი დაასახელეს საუკეთესოდ, თუმცა მხოლოდ 5-ჯერ.
…1995 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი არაევროპელებმაც მიიღეს, მთავარი ჯილდო 4-მა ბრაზილიელმა (5-ჯერ), არგენტინელმა (5-ჯერ) და ლიბერიელმა მოიგო.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 4 დეკემბერი)