ტურ დე ფრანსი: ეგან ბერნალმა ისტორია დაწერა

22 წლის ეგან ბერნალი პირველი კოლუმბიელია, რომელმაც ტურ დე ფრანსი მოიგო! ამასთანავე ის ყველაზე ახალგაზრდაა 110 წლის განმავლობაში, რომელმაც საფრანგეთის გრან ტური I ადგილზე დაასრულა! შესაბამისად, ბერნალი ჩემპიონის ყვითელ მაისურთან ერთად ახალგაზრდა მრბოლთათვის განკუთვნილ თეთრ მოსასხამსაც დაეუფლა.

უკანასკნელ, XXI ეტაპს ბერნალი I ადგილზე შეხვდა და რადგან დაუწერელია წესია, რომ ბოლო საშეჯიბრო დღეს რბოლას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ყველამ წინასწარ მიულოცა კოლუმბიელს გამარჯვება.

ინეოსის ახალგამომცხვარი ლიდერი გუშინდელი ეტაპის წინ თავშეკავებული იყო, თუმცა ფინიშის გადაკვეთის შემდეგ კოლუმბიელმა ემოციები ვერ დამალა: „ორი წლის წინ ხელშეხვეული ვიჯექი და ვუყურებდი, როგორც იგებდა კრის ფრუმი ტურ დე ფრანსს. გულში ვნატრობდი, რომ ერთ დღეს მეც იგივე გამეკეთებინა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც 2 წლის შემდეგ ტურ დე ფრანსის ჩემპიონი გავხდებოდი! მადლობა ყველას, ოჯახს, მეგობრებს, გუნდს და იმ ათასობით უცნობს, რომლებიც სამშობლოდან მგულშემატკივრობდნენ“.

ეგან ბერნალმა ფინიში ინეოსის სხვა მრბოლებთან ერთად გადაკვეთა. მათ შორის იყო შარშანდელი ტრიუმფატორი გერეინ ტომასიც, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა ტიტულის შენარჩუნებამდე – წუთი და 11 წამი. III ადგილი ჯამბო-ვისმას ნიდერლანდელმა ლიდერმა სტივენ კრუიშვაიკმა დაიკავა – +1.31 წუთი.

ბერნალის გამარჯვების შემდეგ კოლუმბიელმა ველომრბოლებმა ერთგვარი ჰეთ-თრიქი შეასრულეს: 1987 წელს ლუის ერერა პირველი კოლუმბიელი გახდა, რომელმაც გრან ტური მოიგო – ვუელტა, 2014 წელს კი ნაირო კუინტანამ ჯირო დ’იტალია დაასრულა I ადგილზე.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 ივლისი)

ka_GEGeorgian