თბილისი 2015: 28 ივლისის ამბები

ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდმა მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი მედლები მოიპოვა – ძიუდოისტები ზურაბ კახნიაშვილი და თემურ ნოზაძე III ადგილზე გავიდნენ!

ძიუდოისტებისგან გულშემატკივრები ყოველთვის ოქროს მედლებს ელიან. ზურაბ კახნიაშვილი და თემურ ნოზაძეც ჩემპიონობის კანდიდატებად ითვლებოდნენ, თუმცა მათი პირველი შეხვედრების შემდეგ ქომაგებს ოქრო კი არა, ბრინჯაოც სანატრელი ჰქონდათ – ორივე სტარტზევე დამარცხდა. საბედნიეროდ, მომდევნო პაექრობებში ბიჭებმა უკეთ იასპარეზეს და III ადგილზე გავიდნენ.

50კგ წონით კატეგორიაში ზურაბ კახნიაშვილის ნაცვლად ევროპის ვიცე-ჩემპიონს გიორგი ნიაზაშვილს უნდა ეჭიდავა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან ვარჯიშისას თითი მოიტეხა და კახნიაშვილს ამიტომაც უხმეს. მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეგულებულ ზურაბს I წრეში რუმინელ ვლად ლუნკანთან მოეცარა ხელი, მაგრამ მომდევნო ორთაბრძოლები ვაზარით მოიგო – ბერძენ იოანის აგკციდისს, ნიდერლანდელ სტევენ კილმანს და ჩეხ დავით ვოპატს ზედიზედ აჯობა. საინტერესოა, რომ კახნიაშვილის მძლეველი ლუნკანი საბოლოოდ მედლის გარეშე დარჩა, თბილისი 2015-ის ჩემპიონის ტიტული კი იტალიელმა ბიაჯიო დ’ანჯელომ მოიპოვა, რომელმაც ფინალში შვეიცარიელი პოლ რონჩი დაამარცხა.

55კგ წონაში საქართველოს ღირსებას თემურ ნოზაძე იცავდა. თანაგუნდელის მსგავსად, პირველი ორთაბრძოლა მანაც წააგო – მომავალ ჩემპიონთან, მოლდოველ იონ მიხაილოვთან. დამამშვიდებელ წრეში გადანაცვლებულმა ნოზაძემ ჯერ უკრაინელ კირილ სამოტუგს აჯობა – იპონზე დააგდო, ბრინჯაოს მედლისთვის კი თურქ უგურქან ზეჰირს სძლია. თემურმა მედალი შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე გაინაღდა, როცა ზეჰირი ბრუნით ვაზარზე დააგდო. ამ წონის ჩემპიონი უკვე ვახსენეთ – იონ მიხაილოვმა ფინალში აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს სძლია.

დღეს ძიუდოისტთა ტურნირში საქართველოს გუნდის 3 წარმომადგენელი იჭიდავებს: გოგონათა შორის ნატალია ყიფშიძეს (48კგ) ვიხილავთ, ვაჟებში კი რობინზონ ბეგლარაშვილს (60კგ) და ბაგრატ ნინიაშვილს (66კგ). ცნობისათვის: ბეგლარაშვილმა ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე III ადგილი დაიკავა, ნინიაშვილი კი ფინალში დამარცხდა.

წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს ქართველ ჩოგბურთელთა კვარტეტი – გუშინ მზიურის კორტებზე ოთხივემ გაიმარჯვა და 1/8 ფინალში გავიდა! ნიკოლოზ დავლიანიძემ, რომელიც ოლიმპიურ ფესტივალზე მე-5 ნომრადაა განთესილი, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელს, მარტინ ემილ ჰუდს სძლია – 6:4, 5:7, 7:5, დავით ჭელიძემ კი ლატვიელი დანიილს ბატმანოვსი დაამარცხა – 7:5, 3:1. მეორე სეტში ბალტიისპირელი დაშავდა და კორტი ნაადრევად დატოვა. 1/8-ფინალში დავლიანიძის მეტოქე ბელარუსი ანჟეი ლასკა იქნება, ჭელიძე კი რუმინელ სტეფან პალოს დაუპირისპირდება.

გოგონათა შორის ანა შანიძემ ბერძენ ნიკოლოპულოს აჯობა: 2:6, 6:4, 6:4, ანა მაქაცარიამ კი ბულგარელ გერგენა ტოპალოვას სძლია – 6:1, 2:6, 6:4. შანიძის სადღეისო მეტოქე ჩეხი ლუსი კანკოვაა, მაქაცარიას კი ლატვიელ დანიელა ვისმანესთან პაექრობა ელის. ცნობისათვის: კანკოვა ოლიმპიური ფესტივალის პირველ ნომრადაა განთესილი, ვისმანე კი მეორეა.

გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში კვლავ სანახაობრივი თამაში აჩვენა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა, თუმცა სასტარტო შეხვედრისგან განსხვავებით, ბიჭები ამჯერად დამარცხდნენ – ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდმა 74:81 გაიმარჯვა. თურქებთან მატჩის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა მეორე მეოთხედი ჩააგდო, თუმცა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად ბიჭებმა გამარჯვება ვეღარ მოახერხეს. კვლავ ორმაგი დუბლი მიითვალა გიგა ბითაძემ – 21 ქულას 14 მოხსნა, 4 დაფარება და 5 შედეგიანი გადაცემა დაუმატა, თუმცა მისი მონაგარი ბოსნიელთა მე-13 ნომერმა მუსამ გადაფარა – 30 ქულა, 11 მოხსნა, 7 შეგედიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 4 დაფარება.

დღეს ჩერქეზიშვილის გუნდი ჯგუფის უკანასკნელ მატჩში ლატვიას დაუპირისპირდება. გამარჯვებული ნახევარფინალში გავა. მეტოქემ, რომელიც საწყის მატჩში ბოსნიელებთან დამარცხდა, გუშინ თურქეთს 84:42 აჯობა.

ვაჟი კალათბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ, ხელბურთელებმა და ფრენბურთელებმა მედლებისთვის ბრძოლა უკვე დაამთავრეს. გუშინ ხელბურთელი გოგონები რუსეთთან 16:34 დამარცხდნენ, ვაჟებს კი ფრანგებმა აჯობეს – 30:46. რაც შეეხებათ ფრენბურთელებს, ვაჟებმა და გოგონებმა ერთნაირი ანგარიშით 0:3 წააგეს ბულგარეთთან და იტალიასთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ფრენბურთელი გოგონების მონდომება – სამივე სეტში ბოლომდე იბრძოლეს – 15:25, 19:25, 18:25.

ფრენბურთელთა არენის გვერდით, ტანვარჯიშის დარბაზში გუშინ სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟთა გუნდებმა იასპარეზეს. I ადგილზე გაერთიანებული სამეფოს გუნდი გავიდა, მეორეზე იტალია, მესამე კი რუსეთი იყო. საქართველოს ნაკრებმა – საბა აბესაძე, დიმიტრი გოვოროვი, იოანე ჯიმშელეიშვილი – 152,1 ქულით მე-14 ადგილზე დაიკავა. აქვე დავძენთ, რომ დიმიტრი გოვოროვი, რომელმაც მრავალჭიდში 77.050 ქულა მოაგროვა, ფინალში იასპარეზებს.

მძლეოსანთა შორის მედლების 4 კომპლექტი გათამაშდა, თუმცა განსაკუთრებით თვალსასეირო 100 მეტრზე გოგონათა და ვაჟთა შორის ფინალური გარბენები გამოდგა. გოგონებში ირლანდიელმა კიარა ნევილმა იპირველა – 12.01 წამი, მეორე პოლონელი კლაუდია ნატალია ადამეკი იყო (12.16წმ), მესამეზე კი ნორვეგიელი ინგვილდ მეინსეტი გავიდა (12.17წმ).

ვაჟებში აშკარა ფავორიტმა, შვედმა როჯერ ჰენრიკ ლარსონმა გაიმარჯვა, რომელიც საკვალიფიკაციოშიც ძალიან შთამბეჭდავად დარბოდა. მან ოქროს მედალი სეზონის საუკეთესო შედეგით – 10.72 წამი – მოიგო. II ადგილზე კიდევ ერთი სკანდინავიელი, ფინელი ლაური ტუომილეჰტო გავიდა, რომელიც შვედს 0.1 მეასედით ჩამორჩა, ესპანელი პოლ ავილა რეტამალი კი 10.92წმ-ით მესამე იყო.

თბილისი 2015-ის პირველმა ოქროსმედალოსანმა, მოლდოველმა მოცურავემ ალექსეი სანცოვმა გუშინ მეორედ იზეიმა ჩემპიონობა – თავისუფალი სტილით 400 მეტრზე გაიმარჯვა. 3:53.42 წუთი – ასეთი იყო მისი შედეგი. ესპანელი ველის სარკასტრო, რომელიც საუკეთესო იყო საკვალიფიკაციოში, II ადგილზე გავიდა, უნგრელი რიჩარდ მარტონი კი მესამე გახლდათ.

ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ მედლების რაოდენობით რუსეთის გუნდი ლიდერობს – 4 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მეორე ადგილზე იტალიაა – 4-1-3, ალექსეი სანცოვის ორი ოქროს მედლით „გამდიდრებული“ მოლდოვა კი მესამეა – 3 ოქრო და 3 ბრინჯაო.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 29 ივლისი)

ka_GEGeorgian