თბილისი 2015: 29 ივლისის ამბები
ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს საქართველოს გუნდმა 3 მედალი მოიპოვა: შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში რობინზონ ბეგლარაშვილმა 60კგ წონით კატეგორიაში იმარჯვა, ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ) და ნატალია ყიფშიძე (48კგ) კი III ადგილზე გავიდნენ!
ამ ტურნირის ისტორიაში ჩვენმა გუნდმა 58 მედალი მოიგო და აქედან 50 ძიუდოისტების ანგარიშზეა! ამ 50 მედლიდან საქართველომ 5 თბილისი 2015-ის ეგიდით მოიგო: შეგახსენებთ – ზურაბ კახნიაშვილმა და თემურ ნოზაძემ გუშინწინ ბრინჯაო მოიპოვეს.
„ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია – ქომაგები ჩემგან ამას ელოდნენ და მიხარია, რომ მათი იმედები გავამართლე! კიდევ იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოვუტანე! ეს ჩემთვისაც პირველი ოქროა უმაღლესი დონის შეჯიბრებებზე“, – განაცხადა რობინზონ ბეგლარაშვილმა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქრო მისთვის წელს მოგებული მეოთხე ჯილდოა: თებერვლის დასაწყისში მან საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატში გაიმარჯვა, მარტში თურქეთის ქალაქ ანთალიაში ევროპის თასი მოიგო, ივლისის პირველ კვირაში კი სოფიაში გამართულ ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა.
ჩემპიონის ტიტულამდე რობინზონმა ზედიზედ დაამარცხა სომეხი ტიგრან ბადალიანი (იპონი), აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი (იპონი), ნახევარფინალში ნიდერლანდელი ლარს კაპჰუისი შებოჭა, ფინალში კი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ოქროსმედალოსანს იტალიელ მანუელ ლომბარდოს აჯობა.
კარგად დაიწყო ჭიდაობა ბაგრატ ნინიაშვილმაც: მართალია მოლდოველ კონსტანტინ გაბუნს გაფრთხილებით მოუგო, სამაგიეროდ, 1/4-ფინალში ისრაელის გუნდის წევრი ოფეკ შანი ეფექტურად დააგდო. ფინალისკენ მიმავალი გზა ქართველს იტალიელმა ჯოვანი ესპოზიტომ გადაუკეტა – დამატებით დროში ნინიაშვილი მსაჯებმა მეორედ გააფრთხილეს და გამარჯვებაც ესპოზიტოს დარჩა. ფინალში აპენინელმა უკრაინელი გევორქ მანუკიანი დაამარცხა, ქართველმა კი ბრინჯაოს მედალი აზერბაიჯანელ პაშა ალიევს მოუგო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 5-7 ივლისს სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილი ნახევარფინალში სწორედ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამარცხდა.
თუ ბიჭებისგან მედალი მოსალოდნელი იყო, 48კგ წონაში ნატალია ყიფშიძის III ადგილს სიურპრიზი შეგვიძლია ვუწოდოთ. ნატომ შეჯიბრება თურქ ტუგცე ბედერთან მარცხით დაიწყო, დამამშვიდებელში გადასულმა კი ზედიზედ დაამარცხა რუსი დარია ხარლაპანოვა (გაფრთხილება), ჩეხი დენისა ბარანოვა (მახრჩობელა ილეთი) და გაერთიანებული სამეფოს გუნდის წევრი კირა ბატემანი (გაფრთხილება). თბილისი 2015-ის ბრინჯაო ნატალია ყიფშიძისთვის კარიერაში პირველი მედალია!
დღეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში მედლები გოგონათა შორის 2 წონაში გათამაშდება (52კგ და 57კგ), ვაჟებში კი ჩემპიონი 73კგ-ში გამოვლინდება. საქართველოს სახელს ევროპის წლევანდელი ჩემპიონი მზია ბებოშვილი (52კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და კონტინენტის პირველობის კიდევ ერთი გამარჯვებული ლაშა დუდაშვილი (73კგ) დაიცავენ.
ჯგუფური ეტაპი დაასრულეს კალათბურთელებმა, ფრენბურთელებმა და ხელბურთელებმა. აქედან ნახევარფინალში გასვლის შანსს მხოლოდ ვაჟი კალათბურთელები ინარჩუნებდნენ, მაგრამ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში ლატვიასთან 49:66 დამარცხდა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. გუშინვე გოგონებმა ბელგიასთან 40:75 წააგეს.
ფრენბურთელთა ტურნირში ჩვენმა ორივე გუნდმა მესამე შეხვედრაც წააგო – ვაჟებმა რუსეთთან 0:3, გოგონებმა კი თურქეთთან – 1:3. ქართველები ახლა მხოლოდ V ადგილისთვის ითამაშებენ: ბიჭების მეტოქე სერბეთია, გოგონებისა – პოლონეთი.
ხელი მოეცარათ ხელბურთელებსაც: ვაჟებს სლოვენიელებმა აჯობეს 19:35, გოგონებს კი რუმინელებმა 24:32. ბიჭებში მედლებისთვის გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი და სლოვენია ითამაშებენ, გოგონათა შორის კი დანია, ნორვეგია, რუსეთი და ჩეხეთი.
ჩოგბურთელთა ტურნირს ერთეულთა შორის მხოლოდ ერთი ქართველი შემორჩა: ნიკოლოზ დავლიანიძემ ანჟეი ლასკას სძლია 6:1, 6:4 და დღეს 1/4-ფინალში პოლონელ დანიელ რაფალ მიხალსკის გაეჯიბრება. 1/8-ფინალში დავით ჭელიძე რუმინელ სტეფან პალოსთან დამარცხდა – 4:6, 0:6, ანა შანიძემ თბილისი 2015-ზე პირველ ნომრად განთესილ ჩეხ ლუსი კანკოვასთან წააგო – 6:2, 2:6, 2:6, ხოლო ანა მაქაცარიას ლატვიელმა დანიელა ვისმანემ აჯობა – 3:6, 6:3, 1:6.
წყვილთა შორის ორივე „ქართული“ დუეტი განაგრძობს ასპარეზობას: შანიძე-მაქაცარია 1/4-ფინალში სლოვენიელებს კაია იუვანს და ნიკა რადიშიჩს, დავლიანიძე-ჭელიძე კი ამავე ეტაპზე იტალიელებს გაბრიელე ბოსიოს და რიკარდო პერინს შეხვდებიან.
მძლეოსანთა შორის მართალია ქართველი სპორტსმენები მედლისთვის ვერ იბრძვიან, მაგრამ ცალკეულ დისციპლინებში ფინალში გასვლას ახერხებენ. მაგალითად, დავით ლუკავა 400 მეტრზე თარჯრბენში იასპარეზებს. მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს ბადროს მტყორცნელი გიორგი დავითაშვილი, ისევე, როგორც უროს მტყორცნელი ნინო წიქვაძე.
სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ მედლების საერთო ჩათვლას იტალია ლიდერობს: 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მეორე რუსეთია 10 მედლით (4-4-2), უნგრეთი კი მესამე – 12 მედალი (4-2-6).
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 30 ივლისი)