თბილისი 2015: 30 ივლისის ამბები

ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის V საშეჯიბრო დღეს საქართველო გუნდურ ჩათვლაში VIII ადგილზე და 7 მედლით ხვდება, აქედან 3 ოქროა და 4 ბრინჯაო.

გუშინდელი დღე, 30 ივლისი ქართული სპორტის ისტორიაში ჩაიწერა: ჩვენმა ძიუდოისტმა გოგონებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს – თბილისი 2015-ის ჩემპიონობა მზია ბებოშვილმა (52კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) იზეიმეს!

„ძალიან გახარებული ვარ! ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ჩემპიონობა სწორედ ქომაგების დახმარებით მოვიგე! ძალიან ვღელავდი… სამი კვირის წინ ევროპის ჩემპიონობა მოვიგე და ვიცოდი, რომ გულშემატკივრები ჩემგან ახლაც ოქროს მედალს ელოდნენ… მიხარია მათი მოლოდინი რომ გავამართლე! მალე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და ვეცდები იქაც წარმატებით გამოვიდე“, – განაცხადა ფესტივალზე მეორე „ქართული ოქროს“ მფლობელმა მზია ბებოშვილმა.

ჩვენი ძიუდოს ისტორიაში პირველმა ქართველმა მედალოსანმა გოგომ მზია ბებოშვილმა (2013 წელს მან ტალინში ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიგო) თბილისი 2015 დიდებულად დაიწყო: 1/8-ფინალში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი აიმეე გრანტი 9 წამში სუფთად დაამარცხა! შემდეგ მოლდოველი ანა როტარის ჯერი დადგა, რომელიც მზიას ვაზარის უგებდა, თუმცა ბებოშვილმა შებოჭა და გაიმარჯვა კიდეც. 1/2-ფინალში მზიამ რუს ნასიბა იბრაგიმოვას სძლია, ფინალში კი ნიდერლანდელ იისე ბურენს აჯობა.

„ასეთი შეჯიბრის მოგება ძალიან სასიამოვნოა. რთული იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მგულშემატკივრობდა და ამის წყალობით გავიმარჯვე! დიდი მადლობა ყველას, ძალიან გახარებული ვარ“! – ეს ეთერ ლიპარტელიანის სიტყვებია, გუშინდელი დღის მეორე ტრიუმფატორისა.

ბებოშვილის დარად, მანაც შესანიშნავად იჭიდავა: I წრეში ჩეხ ვერა ზემანოვას გაფრთხილებებით აჯობა, შემდეგ კი მაკედონიელი ამრა ფეიზულა და რუსი დანა ნაგუჩევა შებოჭა. 1/2-ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ფინელი ემილია კანერვა „იმსხვერპლა“, ფინალში კი პოლონელ ანა დაბროვსკას აჯობა.

„გოგონების დღევანდელმა ასპარეზობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ამდენი გულშემატკივარი ხშირად უარყოფითად მოქმედებს სპორტსმენებზე, თუმცა მიხარია, რომ ჩვენი გოგონებისთვის სავსე დარბაზი დამატებითი სტიმული გამოდგა. მზია და ეთერი ძალიან მოტივირებულები იყვნენ. რამდენიმე დღეში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და მჯერა, ჩვენი გოგონათა ნაკრები იქაც წარმატებით გამოვა“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი თენაძემ.

გუშინ ვაჟთა შორის ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ლაშა დუდაშვილმაც (73კგ) იჭიდავა, მაგრამ მედალს ვერ შეწვდა. პირველ შეხვედრაში მან ლატვიელ ნიკიტა დუინოვსს აჯობა, მომდევნო ეტაპზე რუს არტურ პანაიტოვთან დამარცხდა, დამამშვიდებელ დღეში გადანაცვლებულმა კი საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ვასილ ბალამპანაშვილთან ვერაფერი გააწყო. სპეციალისტთა აზრით, ლაშა თბილისი 2015-ს გადაღლილი შეხვდა.

სამწუხაროდ, ფესტივალზე გამოსვლა დაასრულეს ჩვენმა ჩოგბურთელებმა. ერთეულთა შორის 1/4-ფინალში მხოლოდ ნიკოლოზ დავლიანიძე ასპარეზობდა, თუმცა პოლონელ დანიელ მიჩალსკის ვეღარ გასცდა – 3:6, 1:6.

რაც შეეხებათ წყვილებს, დავით ჭელიძე-ნიკოლოზ დავლიანიძე იტალიელებთან გაბრიელ ბოსიოსთან და რიკარდო პერინისთან დამარცხდნენ – 5:7, 3:6, ანა მაქაცარია და ანა შანიძე კი სლოვენიელებთან, კაია იუვანთან და ნიკა რადისიჩთან – 4:6, 0:6.

გუშინვე 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ჩვენი გუნდის ორმა წევრმა იასპარეზა, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა ვერც ირაკლი კვარაცხელიამ შეძლო (53.72წმ) და ვერც ალექსანდრე ლომიძემ (56.29წმ) შეძლეს.

გოგონებს შორის 100 მეტრზე ბატერფლაით რუსუდან გოგინაშვილმა იასპარეზა (1:08.61წმ), ხოლო 50 მეტრზე თავისუფალში მერი მუმლაძემ (27.92წმ) და მარიამ იმნაძემ (28.31). 4X100-ზე თავისუფალი სტილით ცურვაში შერეულ ესტაფეტაში საქართველოს ნაკრები XXIII იყო.

ვაჟ ტანმოვარჯიშეთა მრავალჭიდი გუშინ დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან ფინალში გასვლა მხოლოდ დიმიტრი გოვოროვმა შეძლო. საერთო ჯამში მან 79.100 ქულა დააგროვა და XII ადგილი დაიკავა.

თბილისის ზღვის გარშემო ველომრბოლებმა იასპარეზეს: 71-კილომეტრიანი დისტანცია თამაზ წერეთელმა 1:41.43 საათში დაფარა, ვანო კვახაძემ 1:41.59სთ-ში, ხოლო ლაშა ამირიძემ 1:55.30-ში. წერეთელი 61-ე ადგილზე გავიდა, კვახაძე 72-ე იყო, ამირიძე კი 82-ე.

საქართველო მედალთან ახლოს იყო მძლეოსანთა შეჯიბრში, თუმცა ჩვენი გუნდის წევრებს არ გაუმართლათ: 400 მეტრზე თარჯრბენში დავით ლუკავამ ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ვერ იასპარეზა.

უროს მტყორცნელი ნინო წიქვაძე ბოლო ცდის შემდეგ – 59,43 მეტრი, პირადი რეკორდი – III ადგილზე იყო, მაგრამ თურქმა დუნია ეზგი საიანმა ასევე ბოლო ცდაზე გადაასწრო – 61,61 მეტრი – და ბრინჯაო მოიპოვა.

V ადგილზე გავიდა ბადროს მტყორცნელი გია დავითაშვილი. მან პირველივე ცდაზე 50,50 მეტრი დააფიქსირა, მაგრამ მომდევნო ცდებში შედეგი ვეღარ გააუმჯობესა.

დღეს მძლეოსნობის არენაზე 4X100-ზე ესტაფეტაში ვაჟთა გუნდი იასპარეზებს, ბადრი ქიმაძე ბირთვის კვრაში ეცდება მედლის მოგებას, ლაშა-გიორგი გურგენიძე უროს სტყორცნის, საბა სოსელია კი ჭოკით მხტომელთა შორის გამოვა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 31 ივლისი)

ka_GEGeorgian