ლუისის 20 ზღაპრული მიღწევა

ფორმულა 1-ის შარშანდელი ტრიუმფატორი, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი 7 იანვარს 34 წლის გახდა.

„ავტოსპორტიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ. მერსედესთან კონტრაქტი 2020 წელს მეწურება, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება მიზნებს, მინდა რომ ბევრჯერ გავიმარჯვო, მიღწეული ნამდვილად არ მაკმაყოფილებს“, – განაცხადა ბრიტანელმა ჩემპიონმა დეკემბერში, სანკტ-პეტერბურგში, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის გალა-დაჯილდოებაზე.

ლუის ჰემილტონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად ითვლება და კარსმომდგარ სეზონშიც მთავარი ფავორიტი იქნება. თანაც, მისი მერსედესი ძველებურად მოტივირებულია, გუნდის შეფი ტოტო ვოლფი კი ამბობს, რომ 2019 წელს მერსედესის მთავარი მიზანი ფერარის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება და კონსტრუქტორთა თასის ზედიზედ მეექვსედ მოგებაა.

დღეს ფორმულა 1-ის იმ რეკორდებს გაგაცნობთ, რომლის ავტორი ჰემილტონი გახლავთ. აქვე დავძენთ, რომ 34 წლის პილოტი ახალი წლის წინ მეშვიდედ დაასახელეს საუკეთესო ბრიტანელ ავტომრბოლად.

4 – გამარჯვება სადებიუტო სეზონში (2007).

6 – პოულ-პოზიცია სადებიუტო სეზონში (2007).

9 – ზედიზედ პოდიუმები დებიუტიდან: ავსტრალიიდან დიდი ბრიტანეთის გრან პრის ჩათვლით (2007).

10 – გამარჯვება სეზონში, თუმცა წლის ჩემპიონის ტიტულის გარეშე დასრულება (2016).

12 – სადებიუტო სეზონიდან დაწყებული კალენდარული წელი მინიმუმ ერთი გრან პრით.

17 – პოდიუმები ერთ სეზონში (2015, 2016, 2018).

18 – რბოლები ზედიზედ, სადაც მინიმუმ ერთი წრე ლიდერობდა: უნგრეთი (2014) – დიდი ბრიტანეთი (2015).

23 – გამარჯვება სხვადასხვა გრან პრიზე.

24 – პოულ-პოზიცია სხვადასხვა გრან პრიზე.

26 – გამარჯვება სხვადასხვა ტრასაზე.

27 – პოულ-პოზიცია სხვადასხვა ტრასაზე.

33 – ქულებით ზედიზედ დასრულებული რბოლები: იაპონია (2016) – საფრანგეთი (2018).

47 – გამარჯვება პოულ-პოზიციიდან.

83 – პოულ-პოზიცია.

109 – ქულა სადებიუტო სეზონში (2007 წელს).

132 – ყველაზე მეტი რბოლა პირველი სასტარტო რიგიდან.

229 – რბოლა ზედიზედ.

380 – ქულა 2016 წელს, ყველაზე მეტი საერთო ჩათვლაში II ადგილზე გასულისთვის.

408 – ყველაზე მეტი ქულა საჩემპიონო სეზონში (2018 წელს).

3 018 – ქულა კარიერაში.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 იანვარი)

ka_GEGeorgian