დინამო იარაბეკმა ჩაიბარა

საქართველოს თასის და სუპერთასის მფლობელმა დინამო თბილისმა დღეს ახალი მწვრთნელი, 53 წლის სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი წარადგინა. იარაბეკმა ამ თანამდებობაზე გია გეგუჩაძე შეცვალა, რომელიც გუშინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცად დაინიშნა.

ახალი მწვრთნელის პრეზენტაციის წინ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მადლობა გადაუხადა გეგუჩაძეს წარმატებული მოღვაწეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იარაბეკის ხელში გუნდი დიდ გამარჯვებებს მიაღწევს.

დღესვე გაცხადდა, რომ ახალი თავკაცის თანაშემწეები მილან ივანკა და ბრანისლავ მრაცი იქნებიან, მეკარეთა მწვრთნელი კი გელა ჭანტურია.

„ჩემ გადაწყვეტილებაზე კლუბის სახელმა დიდი გავლენა იქონია – თამამად შეიძლება ითქვას, რომ დინამოს ყველა პირობა აქვს შექმნილი, რაც წარმატებული კლუბისთვის აუცილებელია. აქ მოტივირებული ფეხბურთელები თამაშობენ და ჩვენ მხოლოდ ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. გამარჯვება – ეს იქნება ჩემი გუნდის მიზანი ყველა შეხვედრაში. ტრანსფერებზე ახლა ვერაფერს გეტყვით – მენეჯერთან ერთად განვიხილავთ ყველა საკითხს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა იურაი იარაბეკმა.

დინამო თბილისის ახალმა თავკაცმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს სამშობლოში, საფეხბურთო კლუბ ბლავაში დაიწყო. 2009-13 წლებში ზლატე მორავცეს ვიონის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, 2013-15 წლებში კი ტრნავის სპარტაკს ხელმძღვანელობდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში სპარტაკი სლოვაკეთის 2013-14 წლების ჩემპიონატში III ადგილზე გავიდა, გასულ სეზონში კი IV იყო.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 27 იანვარი)
ფოტო: დინამო თბილისი

ka_GEGeorgian