ალ ატიას მესამე ტრიუმფი

დაკარის 41-ე რალი ახლა უკვე ისტორიის კუთვნილებაა – წლევანდელი რბოლა პერუს დედაქალაქ ლიმაში გამთენიისას დასრულდა.

ავტომობილებს შორის ყველაზე უკეთ „უდაბნოს პრინცმა“ ნასერ ალ ატიამ იასპარეზა. ყატარელმა მოახერხა და სისწრაფეს უსაფრთხო რბოლა შეუთავსა. ამ ყველაფერთან ერთად მისი ტოიოტა საუკეთესოდ მომზადებული გამოდგა და საბოლოო შედეგიც შესაბამისია – ჩემპიონის ტიტული. ნასერ ალ ატია მესამედ გახდა დაკარის ჩემპიონი.

მსოფლიო რალის 9-გზის ტრიუმფატორმა სებასტიან ლოებმა საერთო ჩათვლაში III ადგილი დაიკავა, რაც ფრანგისთვის უდავოდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. მის სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ლოებმა წელს 4 ეტაპი მოიგო, ყველაზე მეტი დაკარულ კარიერაში.

მოტომრბოლებს შორის ფინიშთან პირველი ავსტრალიელი ტობი პრაისი მივიდა. ამერიკელი რიკი ბრაბეცი სტარტიდან მოწინავეთა შორის იყო, თუმცა VIII ეტაპზე ჰონდას ძრავმა დააღალატა და რბოლას გამოეთიშა. სათქმელია, რომ ბრაბეცმა შარშანაც იგივე მიზეზით ვერ დაასრულა დაკარი.

VII ეტაპის შემდეგ პრაისი საერთო ჩათვლაში III იყო, თუმცა მთავარი კონკურენტის გამოთიშვის შემდეგ ზედიზედ 3-ჯერ გაიმარჯვა და საბოლოოდ თითქმის 10 წუთი მოუგო ავსტრიელ თანაგუნდელ მათიას ვალკნერს.

კვადროციკლებში შეუდარებელი იყო ნიკოლას კავილიასო. 10 ეტაპიდან 9 მოიგო, ერთხელ II ადგილზე გავიდა, ჩემპიონის ტიტული კი უდიდესი უპირატესობით მოიპოვა.

ედუარდ ნიკოლაევის, დმიტრი სოტნიკოვის და გერარდ დე როის გუნდები V ეტაპიდან დაწყებული უცვლელად ლიდერობდნენ სატვირთო ავტომობილების შეჯიბრს და ჩემპიონატიც ამ თანმიმდევრობით დაასრულეს.

რუსმა მეოთხედ მოიგო დაკარი (I ტრიუმფის დროს, 2010 წელს, ვლადიმირ ჩაგინის თანაშემწე გახლდათ), საერთო ჯამში კი მეცხრედ შედგა პოდიუმზე.

რბოლის ორგანიზატორების თქმით, დაკარის ერთ ქვეყანაში ჩატარება გამართლებული გამოდგა. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სხვებიც დაინტერესდებიან მარათონული გადარბენის მასპინძლობით, დაკარის ტრასა კვლავ რამდენიმე ქვეყანაზე გაივლის. შეგახსენებთ, რომ შარშან რბოლა პერუს გარდა არგენტინასა და ბოლივიაშიც ჩატარდა.

დაკარის რალი 2019
მოტოციკლები
1.ტობი პრაისი (ავსტრალია; რედ ბულ KTM) – 33:57.16 საათი
2.მათიას ვალკნერი (ავსტრია; KTM) – +9.13 წუთი
3.სემ სანდერლენდი (დიდი ბრიტანეთი; KTM) – +13.34

ავტომობილები
1.ნასერ ალ ატია და მატიო ბომელი (ტოიოტა) – 34:38.14
2.ნანი რომა და ალექს არო ბრავო (მინი) – +46.42
3.სებასტიან ლოები და დანიელ ელენა (პეჟო) – +1:54.18

სატვირთო ავტომობილები
1.ედუარდ ნიკოლაევი, ევგენი იაკოვლევი, ვლადიმირ რიბაკოვი (კამაზი) – 41:01.35
2.დმიტრი სოტნიკოვი, დმიტრი ნიკიტინი, ილნურ მუსტაფინი (კამაზი) – +25.36
3.გერარდ დე როი, დარეკ როდევალდი, მოისეს ტორალიარდონა (ივეკო) – +1:34.44

კვადროციკლები
1.ნიკოლას კავილიასო (არგენტინა; იამაჰა) – 43:01.54
2.ხერემიას გონსალესი (არგენტინა; იამაჰა) – +1:55.37
3.გუსტავო გალიეგო (არგენტინა; იამაჰა) – +2:11.48

SxS-ის კლასი
1.ფრანსისკო ლოპესი და ალვარო ლეონი (საუს რეისინგ კან-ამი) – 42:19.05
2.ხერარდ ხუელი და დანიელ ოლივერასი (მონსტერ ენერჯი კან-ამი) – +1:02.35
3.რეინალდო ვარელა და გუსტავო გუგელმინი (კან-ამ ჩილე) – +1:05.19

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 18 იანვარი)

ka_GEGeorgian