როჯერისთვის 1200 არაფერია
მადრიდის მასტერსმა დაწყებამდე მიიპყრო სპეციალისტების ყურადღება: ვეტერანმა დავიდ ფერერმა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ კარიერას სწორედ იქ დაასრულებდა, გაზაფხულზე კი როჯერ ფედერერმა თქვა: თიხნარის ტურნირებს ესპანეთის დედაქალაქში დავუბრუნდებიო.
ფერერი უკვე გამოეთიშა მასტერსს და დიდი ჩოგბურთიდანაც წავიდა, 37 წლის შვეიცარიელი მაესტრო კი, ახალგაზრდების წინააღმდეგობის მიუხედავად, 1/4-ფინალშია.
გუშინ როჯერმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში სძლია გაელ მონფილსს – 6:0, 4:6, 7:6. დიდი სლემის 20-გზის ტრიუმფატორმა მე-3, გადამწყვეტ სეტში 2 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და ზღაპრულ კარიერაში 1 200-ე გამარჯვება იზეიმა! ფედერერის მომდევნო მეტოქე დიმინიკ ტიმია.
პროფესიულ კარიერაში 1 200 და მეტი მატჩი მხოლოდ ამერიკელმა ჯიმი კონორსმა მოიგო. 70-80-იანი წლების სუპერვარსკვლავმა კარიერა 1 274 მოგებით და 282 მარცხით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 109 ტიტულით დაასრულა.
ფედერერი მოგებებით და თასებით მხოლოდ მას ჩამორჩება: მონფილსთან ზეობა, როგორც გითხარით, 1 200-ე გახლდათ, შვეიცარიელის ტიტულების რაოდენობა კი 101-ს უტოლდება. სხვა საქმეა, რომ „მხიარული როჯერის“ მონაგარიდან მეტია, ასე ვთქვათ, პრესტიჟული თასები: ფედერერი დიდი სლემის ჯილდოებითაც უსწრებს კონორსს, ისევე როგორც მასტერსების რაოდენობით.
„მსმენია, თითქოს იმიტომ ვთამაშობ, რომ რეკორდები მსურს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი: ამას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. კარიერის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, როცა მოგებები ან თასები დამითვლია. 37 წლის ასაკში კიდევ რომ გავდივარ კორტზე, ეს მხოლოდ ჩოგბურთის სიყვარულით აიხსნება. თამაში კვლავ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და სანამ ასე იქნება, წასვლაზე არ ვიფიქრებ. თუმცა, არ დავმალავ: ისიც კარგად ვიცი, რომ ასე 3 და 4 წელი არ გაგრძელდება“, – განაცხადა როჯერმა მონფილსთან გამარჯვების შემდეგ.
ფედერერმა 2006, 2009 და 2012 წლებში მოიგო ეს ტურნირი, 28 მასტერსით კი მხოლოდ რაფაელ ნადალს (32) და ნოვაკ ჯოკოვიჩს (31) ჩამორჩება.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 10 მაისი)