საქართველო 1:1 მოლდოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მე-4 შეხვედრა ჩაატარა – 12 ნოემბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე მოლდოვას უმასპინძლა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

ირლანდიასა და განსაკუთრებით უელსში ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ნაკრები ფავორიტად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, მოლდოვამ, რომელმაც მანამდე ყველა საკვალიფიკაციო მატჩი წააგო, ქულის გადარჩენა მაინც შეძლო. ქართველმა ფეხბურთელებმა I ტაიმი უკეთ ჩაატარეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოო ჯამში მარცხს თავი დააღწია.

საქართველოს ნაკრებმა მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში: ვაკო ყაზაიშვილმა „მოჭრილი“ დარტყმით გაუტანა მოლდოველებს – 1:0. მასპინძლებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს, მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილმა და ვაკო გვილიამ.

მოლდოველებმა საპასუხო ბურთი 78-ე წუთზე გაიტანეს: ალექსანდრ გაცკანმა გიორგი ლორიას უყურადღებობა არ აპატია და შორი მანძილიდან დალაშქრა საქართველოს ნაკრების კარი – 1:1. მატჩის უკანასკნელ წუთზე მოლდოველებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ – ვიკტორ გოლოვატენკოს თავურის შემდეგ ბურთი რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა კარს.

„მატჩი იმიტომ ვერ მოვიგეთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა ჩემი დავალება ვერ შეასრულა. გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივრებმა სტადიონი თითქმის გაავსეს, ჩვენ კი მათი მოლოდინის გამართლება ვერ შევძელით. შეცვლებმა ჩვენი თამაში გააუარესა და ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ 4 მატჩის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა გვაქვს, ჯგუფში III ადგილზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდულია და მას შეუძლია წარმატების მიღწევა“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

4 ტურის შემდეგ D შესარჩევ ჯგუფს 10 ქულით ირლანდია ლიდერობს. სერბეთი 8 ქულით მეორეა, უელსი კი მესამე – 6 ქულა.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე მეორეადგილოსანი სერბეთია – მატჩი თბილისში 24 მარტს გაიმართება.

12 ნოემბერი, 2016. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 40 624
საქართველო 1:1 მოლდოვა
გოლებ: 1:0 ვაკო ყაზაიშვილი (16), 1:1 ალექსანდრ გაცკანი (78)
საქართველო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კაპ), გიორგი ნავალოვსკი, ბუბა დაუშვილი, ვაკო გვილია (ლადო დვალიშვილი 72), თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი (დავით სხირტლაძე 80), გიორგი ქვილითაია (ჯაბა კანკავა 64)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
მოლდოვა: ილიე ჩებანუ, ვიაჩესლავ პოსმაცი, იონ იარდანი, ალექსანდრუ ეპურეანუ (კაპ), პეტრუ რაკუ (ვიკტორ გოლოვატენკო 41), ალექსანდრუ გაცკანი, ვიტალი ბორდიანი, ვადიმ ბოლოჰანი, მაქსიმ მიხაილოვი (გეორგე ანდრონიკი 77), ეუგენ სიდორენკო (ალექსანდრუ ანტონიუკი 70), იგორ ბუგაიოვი
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
გაფრთხილება: მაქსიმ მიხაილოვი, ბუბა დაუშვილი, ვიტალი ბოლოჰანი, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით სხირტლაძე, იონ იარდანი
მსაჯები: გეორგი კაბაკოვი; მარტინ მარგარიტოვი, მარტინ ვენევი (ბულგარეთი)


ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 12 ნოემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian