კობი ბრაიანტი 1978-2020: დალას მევერიქსმა მამბა უკვდავჰყო

NBA-ის 2011 წლის ჩემპიონის დალას მევერიქსის მფლობელმა, 61 წლის მილიარდერმა მარკ ქიუბენმა განაცხადა, რომ კობი ბრაიანტის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მის კლუბში 24-ე ნომრით აღარავინ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი ერთადერთი კალათბურთელია ლიგის ისტორიაში, რომელიც გუნდმა ორი სათამაშო ნომრით დააფასა – „შავი მამბას“ წასვლის შემდეგ ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მას სამუდამოდ მიაკუთვნა მე-8 და 24-ე ნომრები.

დალას მევერიქსის ისტორიაში სამუდამო ნომერს აქამდე მხოლოდ 3 მოთამაშე ფლობდა: დერეკ ჰარპერი – #12, ბრედ დევისი – #15 და როლანდო ბლექმენი – #22.

41 წლის კობი ბრაიანტი გუშინ, 26 იანვარს, დილით, კალიფორნიაში მომხდარ ტრაგედიას შეეწირა. ვერტმფრენი, რომლითაც ის, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდა, ლოს ანჯელესთან ახლოს, კალაბასასში ჩამოვარდა. ლოს ანჯელესის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენს ძრავა გაუფუჭდა.

ლეგენდარული კალათბურთელის ოჯახს თანაგრძნობის წერილი, ათასობით ადამიანთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გაუგზავნა, NBA-ის რეგულარული სეზონის ყველა წუხანდელი თამაში კი, ტრაგედიის მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, წუთიერი დუმილით დაიწყო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian