IJF-მა თუშიშვილი დააჯილდოვა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ – IJF – წონითი კატეგორიების რეიტინგის პირველადგილოსნები ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
IJF-მა 2018 წლის შედეგებით 220 ათასი დოლარი გასცა. ხაზგასასმელია, რომ იმ ვაჟსა და გოგონას, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულით დაასრულეს რეიტინგი, 50-50 ათასი დოლარი გადაეცათ.
პრემირებულთა შორის არიან გურამ თუშიშვილი (+100კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ). მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორმა თუშიშვილმა 2018 წელი 8 012 ქულით დახურა, რაც ვაჟთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, შესაბამისად, მას 50 ათასი დოლარიც ერგო.
ვარლამ ლიპარტელიანი თავის წონაში იყო პირველი და 10 ათასი დოლარი გადაეცა.
პრემია ვაჟთა შორის კიდევ 2 ქართველზე გაიცა: რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეზე (60კგ) და ესპანური ძიუდოს ისტორიაში პირველ მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილზე (90კგ).
ქალთა შორის 2018 წელს ყველაზე მეტი ქულა ფრანგმა კლარისე აგბენენუმ დააგროვა.
IJF-ის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა რეიტინგის ლიდერების თანხით დაჯილდოება 2016 წლიდან დაიწყო.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 30 იანვარი)