კუნძული დედაქალაქის ცენტრში: კიევ-პეჩორის ლავრა

მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი. წლის ბოლოს ნამეტანი აირია ჩვენი ფეხბურთის მმართველი სახლი – ხელმძღვანელობა იცვლებოდა და იყო საქმეების გადაბარება-გადმობარება.

ერთ მშვენიერ დღეს თანამშრომელი მოდის და მეუბნება: რთული სიტუაციაა, ბიჭები სხვაგან არიან და იქნებ მიშველო, დანიის ვიზები გვჭირდება, პასპორტები აგერაა და კარგი იქნება კიევში თუ წახვალ და ამ ამბავს მოაგვარებო.

სხვა რა გზა იყო?

კიევში 3 დღით ჩასულმა პირველივე დღეს მივიტანე საბუთები დანიის საკონსულოში. ორ დღეში მობრძანდითო, მითხრეს. დათქმულ დროს მივაკითხე, იქ კი „მახარეს“: მცირე პრობლემა წარმოიქმნა, საბუთები ჯერ ვერ გავამზადეთ და 3 დღეში კიდევ გამოიარეთო.

ასე შევრჩი უკრაინის დედაქალაქს ერთი კვირით. და რადგან კიევის ცენტრი მანამდეც საფუძვლიანად შევისწავლე, იქ წავედი, სადაც არ ვყოფილვარ და იქაურობა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა – კიევ-პეჩორის ლავრას ვგულისხმობ.

პირდაპირ უნდა ვთქვა: სხვა სამყაროა!

იმ დღით გაოგნებული, საკონსულოში მისვლამდე ერთი დღით ადრე მეორედ მივედი ლავრაში და ისევ ჩავედი ახლო და შორეულ მღვიმეებში.

იქ ნანახმა იგივე გავლენა მოახდინა – შუშის სასახლეებში ჩასვენებულ წმინდანთა ათეულობით უხრწნელი სხეულები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, გიდის ნაამბობი კი დამატებით ეფექტს იწვევს.

ფოტოაპარატი მაშინაც თან მქონდა, მაგრამ მღვიმეებში ჩასვლის წინ ჩვენი ჯგუფი, როგორც სხვა დანარჩენი, მკაცრად გააფრთხილეს: ფოტო და ვიდეო გადაღება არ შეიძლება და გთხოვთ თავი შეიკავოთო. ამიტომაც, მხოლოდ ამ ფოტოებს გამოვფენ ახლა.

ისე კი, კიევ-პეჩორის ლავრას ძალიან საინტერესო და მძიმე ისტორია აქვს. განსაკუთრებით შემზარავი XX საუკუნის ამბებია: საბჭოთა ხელისუფლება… ნაცისტები… არაერთგზის დახვრეტილი სამღვდელოება… აფეთქებული ეკლესია-სამრეკლოები… გაძარცვული და სხვადასხვა ქვეყანაში გატანილი ძვირფასეულობა…

აქ აღარ დავწერ და თუ დაგაინტერესებთ, ინტერნეტში იოლად იპოვით საინტერესო მასალებს შემზარავი ვიდეოკადრების ჩათვლით.

ბოლოს კი იმ ეფექტზე გეტყვით, რაც ლავრის გალავანში მეორედ შესვლისას ვიგრძენი: კიევი ხომ დიდი და ხმაურიანი ქალაქია, ცენტრი კი დაუნდობელი მორევივითაა – გითრევს და ძნელად რომ თავი დააღწიო. აი კიევ-პეჩორის ლავრა კი კუნძულს ჰგავს, საერო ცხოვრებისგან თავის დაღწევის და სულის მოთქმის საშუალებას რომ გაძლევს კაცს.

რაც შეეხება დანიის ვიზებს, მეორე ცდაზე ყველაფერი მოგვარდა. ხოლო რა ამბები გადამხდა ჰანს-ქრისტიან ანდერსენის ზღაპრულ სამშობლოში, ამაზე სხვა ალბომში მოგიყვებით.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
კიევი, უკრაინა; 2009 წლის 5 ოქტომბერი

ka_GEGeorgian