სამტრედია საქართველოს ჩემპიონია!

საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატი სამტრედიამ მოიგო! საჩხერის ჩიხურასთან გამართული განმეორებითი ფინალი ფრედ 2:2 დასრულდა, პირველ შეხვედრაში 2:0 გამარჯვების წყალობით კი სამტრედიელებმა ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგეს და პირველად მოიპოვეს ტიტული!

განმეორებით ფინალს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენამ უმასპინძლა. ბაჩანა არაბულის და გიორგი დათუნაიშვილის გოლებით სამტრედიელები 2:0 იგებდნენ, თუმცა ბესიკ დეკანოიძემ და საბა ლობჟანიძემ ჩიხურა მარცხისგან იხსნეს – 2:2. ჩემპიონი და მეორე პრიზიორი ოქროს და ვერცხლის მედლებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვეს.

„დიდი მადლობა ყველას! ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებ… ამ წუთებში შემიძლია გითხრათ, რომ ზუსტად იგივეს ვგრძნობ, რასაც 19-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დროს განვიცდიდი – ეს ძალიან დიდი სიხარულია! ბედნიერი ვარ, რომ ამ გამარჯვებით სამტრედიელებს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ეს ქალაქი ამ გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა“! – განაცხადა ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

სამტრედია საქართველოს ჩემპიონატის მომგები მე-8 კლუბია. ყველაზე მეტი ტიტული – 16 – დინამო თბილისის აქტივშია, 3-ჯერ გახდა ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო, 2-2-ჯერ თბილისის ვიტ ჯორჯია, რუსთავის ოლიმპი და ზესტაფონი, ხოლო თითოჯერ ბოლნისის სიონი, გორის დილა და სამტრედია.

XXVIII ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სამტრედიას ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გახდა – მან 11 გოლი შეაგდო.

2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის შედეგებით, 2017-18 წლების ევროპის საკლუბო ტურნირებში სამტრედია ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, საჩხერის ჩიხურა, ბათუმის დინამო და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო კი უეფას ევროპის ლიგაზე.

შეგახსენებთ: ბრინჯაოს მცირე ფინალში ბათუმის დინამომ დინამო თბილისს 1:0 მოუგო.

2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის ფორმატით გაიმართება. გარდამავალი პირველობის მიხედვით, XXIX ეროვნულ ჩემპიონატში ეს კლუბები ითამაშებენ: სამტრედია, საჩხერის ჩიხურა, ბათუმის დინამო, დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო, თბილისის საბურთალო და ლოკომოტივი, ფოთის კოლხეთი, გორის დილა და ქობულეთის შუქურა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 12 დეკემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian