ახალი კონტრაქტი ლევანდოვსკის

რობერტ ლევანდოვსკიმ დიდებულად დაიწყო სეზონი: 4 ოფიციალურ მატჩში 6 გოლი გაიტანა და ლოგიკურია, რომ მიუნხენის ბაიერნმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

კიკერის ინფორმაციით, ბავარიული კლუბი 31 წლის პოლონელს ახალ, გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს და ფორვარდიც თანახმაა – ხელმოწერის შემდეგ ისინი 2023 წლის 1 ივლისამდე ითანამშრომლებენ.

რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდა ბაიერნს და ყველა სეზონში ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა, სადღეისოდ კი მიუნხენური კლუბის მაისურით ჩატარებულ 246 მატჩში უკვე 197 გოლი დაუგროვდა.

2019-20 წლების სეზონის I ტურში, ბერლინის ჰერტას წინააღმდეგ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგის ერთი საინტერსო რეკორდიც დაამყარა – გახდა პირველი, რომელმაც ზედიზედ 5 სეზონის I ტურში გაიტანა გოლი.

შარშან პოლონელი მეოთხედ გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი, ამავდროულად, გერმანიის თასის ფინალების ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი შეიქნა, ზედიზედ მე-4 სეზონი კი 40 და მეტი გოლით დაასრულა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 აგვისტო)

ka_GEGeorgian