ლონდონი 2012: 30 ივლისი

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! გუშინ ლონდონში პირველად აღიმართა საქართველოს დროშა და პირველად აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი!

ჩემს გრძნობებს ახლა სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. უზომოდ ბედნიერი ვარ და მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში დამეხმარა! – განაცხადა ლაშამ ოლიმპიური ოქროს მოგებიდან რამდენიმე წუთში.

როცა 20 წლის ხარ და მსოფლიოს მწვერვალიდან უცქერ, როცა გამარჯვებისგან თავბრუ გესხმის და იცი, რომ სამშობლო ამაყობს შენით, გაუთავებელი საუბარი და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები არცაა საჭირო.

66-კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, 1/16 ფინალში კი ჩილელი ალეხანდრო სუნიგა წუთსა და 39 წამში იპონით, წმინდა გდებით დაამარცხა. 1/8 ფინალშიც იგივე მოხდა: ფრანგი დავიდ ლაროში ქართველმა ბეჭებით დასცა ტატამზე. ლაროში ის ძიუდოკაა, რომელსაც შავდათუაშვილმა გაზაფხულზე, ჩელიაბინსკში გამართულ ევროჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაშიც სძლია.

მეოთხე წრეში ლაშას მასპინძელთა იმედი კოლინ ოუტსი ერგო. ბრიტანელთა ენითაუწერელი ქომაგობა, ისევ მეორე ტატამი, ისევ მოხდენილი გდება და ისევ იპონი – წმინდა გამარჯვება! ოუტსის წასაქცევად გორელმა ფალავანმა წუთი და 36 წამი იკმარა.

ძიუდო

ნახევარფინალში ლაშამ მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი მასაში ებინუმა იპონით დაამარცხა

მერე ნახევარფინალის დრო დადგა, ტატამის მეორე მხარეს კი ლურჯ კიმონოში მსოფლიოს ჩემპიონი იდგა – 22 წლის იაპონელი მასაში ებინუმა. იქ, ამომავალი მზის ქვეყანაში ძიუდო სპორტთა სპორტია და მას, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიის სახელით მიდის, მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს – სამშობლოში ოქროთი დაბრუნება. ყველა სხვა შედეგი, თუნდაც ვერცხლი, ჩავარდნაა და სხვა არაფერი. ებინუმამ გუშინ ჩინებულად იჭიდავა, მაგრამ ნახევარფინალში ორი წლით უმცროს ქართველთან ვერას გახდა – წმინდად დამარცხდა!

მეოთხე პაექრობა, მეოთხე იპონი და… ფინალი. მეტოქე? 31 წლის უნგრელი მიკლოშ უნგვარი, ოლიმპიური თამაშების ვეტერანი და სხვადასხვა ტურნირებზე მოგებულ ოქროებს თავი დავანებოთ, ევროპის ორგზის ჩემპიონი და უბრალოდ, ძალიან გამოცდილი ძიუდოკა.

ამჯერად იპონი ვერ ვნახეთ და ალალად რომ ვთქვათ, არც ჭიდილი იყო სანახაობრივი, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: ამით ლაშას მედალს რამე დააკლდა? ოლიმპზე ასასვლელად ლამაზი ფანდი და იუკოც საკმარისი გამოდგა, მერე კი, როცა მსაჯმა მარცხენა შემართა და მსოფლიოს ქართველის ტრიუმფი ამცნო, ყველაფერს წერტილი დაესვა: 20 წლის ლაშა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

2004 წელს ათენში ზურაბ ზვიადაურმა იპირველა, 2008 წელს – ირაკლი ცირეკიძემ. ახლა ლაშა შავდათუაშვილის დრო დადგა. ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოიგეს ოქრო!

ის უფრო კლასიკურ, იაპონურ ძიუდოს ჭიდაობს – დინჯი, მოზომილი მოძრაობებით. ფრთხილია და ქულებს იშვიათად კარგავს. სხვა რა გითხრათ? თუ ტრავმამ ან სხვა რამემ ხელი არ შეუშალა, დამიჯერეთ, უდავოდ დიდი სპორტსმენი გაიზრდება“, – ეს სიტყვები გორის სპორტული კლუბის ხელმძღვანელმა, თავადაც ძიუდოისტმა და სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა გიორგი თენაძემ შარშან თქვა.

ლაშა შავდათუაშვილი

20 წლის ლაშა შავდათუაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია საქართველოდან!

2011 წელს ლაშამ ახალგაზრდებში მეორედ მოიგო პრაღის ევროპის თასი, პირველად გაიმარჯვა მსოფლიო თასზე ბუენოს აირესში, ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოზე თანატოლთა შორის ბრინჯაოს დაეუფლა, იმარჯვა საქართველოს ჩემპიონატში, მეორედ მოიგო ქალაქ მუდანიას საერთაშორისო ტურნირი საბერძნეთში და… ლონდონში წასვლაზეც განაცხადა პრეტენზია.

წლის დასაწყისში ჩვენი ნაკრების ავსტრიელ თავკაცს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ პიტერ ზაიზენბახერს ამ წონაში გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა და რადგან ლაშამ იანვარში ქულის დაუკარგავად მოიგო უფროსებში სადებიუტო შეჯიბრება – თბილისის საერთაშორისო ტურნირი, მწვრთნელმა მისი საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდა გადაწყვიტა.

თებერვალში ლაშამ კიდევ ერთხელ, მესამედ, თუმცა ახლა უკვე უფროსებში მოიგო პრაღის ევროპის თასი, მერე ჩელიაბინსკში, ევროჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა და… 20 წლის სპორტსმენმა მთავარ გუნდში დებიუტიდან ხუთ თვეში ოლიმპიადაზე ასპარეზობა გაინაღდა!

მეორე საშეჯიბრო დღე ჩვენმა გუნდმა ლაშა შავდათუაშვილის ერთადერთი ოქროს მედლით დაასრულა.

შავდათუაშვილი

66კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე: ვერცხლის მედალოსანი მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), ლაშა შავდათუაშვილი და ბრინჯაოს პრიზიორები – მასაში ებინუმა (იაპონია) და ჩო იუნ-ჰო (სამხრეთი კორეა)

როცა ლაშა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა და ლონდონური ოქროთი დაიმშვენა მკერდი, თქვენი არ ვიცი და მე ოთხი წლის წინანდელი ამბები, 2008 წლის ზაფხული და პეკინის ოლიმპიადა გამახსენდა.

იმ დღეებში, როცა ქართველი ოლიმპიელები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, მეზობლად წოდებული გადამთიელები საქართველოს წელში გაწყვეტას ლამობდნენ.

მე არ ვიცი სად იყო 16 წლის გორელი ბიჭი მაშინ, იმ საშინელ და გაუსაძლის დღეებში, მაგრამ ვიცი, რომ დღეს ის ოლიმპიური ჩემპიონია და თითოეული ჩვენგანის გულშია.

რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა ცნებებია, ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით: დღეს ოლიმპიური ჩემპიონი, 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი საქართველოს საუკეთესო ელჩია მსოფლიოში!

იმ ქალაქის შვილი, რომელსაც ოთხი წლის წინ რუსული ჭურვები აწვიმდა, დღეს გამარჯვებულია.

ლაშას 29 ივლისის ტრიუმფი ჩემთვის ბევრი კითხვის პასუხია. დღეს მე მისით ვამაყობ!

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 30 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012


მედალოსნები: 29 ივლისი
ველოსპორტი
გოგონები – საგზატკეცილო ველორბოლა (140,3კმ)
1.მარიანე ვოსი (ნიდერლანდები) – 3:35:29სთ
2.ლიზი არმიტსტედი (დიდი ბრიტანეთი) – 3:35:29სთ
3.ოლგა ზაბელინსკაია (რუსეთი) – 3:35:31სთ

მშვილდოსნობა
გოგონები – გუნდური
1.სამხრეთი კორეა (ლი სუნ-ჯინი, კი ბო-ბაე, ჩოი ჰიეონჯუ)
2.ჩინეთი (ფან იუიტინი, ჩენ მინი, შუ ჟინი)
3.იაპონია (კაორი კავანაკა, რენ ჰაიაკავა, მიკი კანიე)

ტყვიის სროლა
გოგონები – პნევმატური პისტოლეტი (10მ)
1.გუო ვენჟუნი (ჩინეთი) – 488,1 ქულა
2.სელინ გობერვილი (საფრანგეთი) – 486,6 ქულა
3.ოლენა კოსტევიჩი (უკრაინა) – 486,6 ქულა
*-ნინო სალუქვაძე – 376
33-ე ადგილი საკვალიფიკაციოში. ფინალში ვერ მოხვდა
გოგონები – მრგვალი სტენდი
1.კიმ როდი (აშშ) – 99 ქულა (მსოფლიო რეკორდი)
2.ვეი ნინი (ჩინეთი) – 91 ქულა
3.დანკა ბარტეკოვა (სლოვაკეთი) – 90 ქულა

ფარიკაობა
ვაჟები – ხმალი
1.არონ შილადი (უნგრეთი)
2.დიეგო ოკიუცი (იტალია)
3.ნიკოლაი კოვალიოვი (რუსეთი)

ცურვა
ვაჟები – ბრასი, 100მ
1.კამერონ ვან დერ ბურგი (სამხრეთი აფრიკა) – 58.46წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.კრისტიან სპრენგერი (ავსტრალია) – 58.93წმ
3.ბრენდან ჰანსენი (აშშ) – 59.49წმ
ვაჟები – თავისუფალი, 4X100
1.საფრანგეთი (ამორი ლევო, ფაბიენ ჟილო, კლემენტ ლეფერი, იანიკ ანელი) – 3:09.93წთ
2.აშშ (ნათან ედრიანი, მაიკლ ფელპსი, კალენ ჯონსი, რაიან ლოხტე) – 3:10.38წთ
3.რუსეთი (ანდრეი გრეჩინი, ნიკიტა ლობინცევი, ვლადიმირ მოროზოვი, დანილა იზოტოვი) – 3:11.41წთ
გოგონები – თავისუფალი, 400მ
1.კამილ მუფა (საფრანგეთი) – 4:01.45წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ელისონ შმიტი (აშშ) – 4:01.77წთ
3.რებეკა ედლინგტონი (დიდი ბრიტანეთი) – 4:03.01წთ
გოგონები – ბატერფლაი, 100მ
1.დანა ვოლმერი (აშშ) – 55.98წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.ლუ იუინი (ჩინეთი) – 56.87წმ
3.ალისია კატსი (ავსტრალია) – 56.94წმ

ძალოსნობა
ვაჟები – 56კგ
1.ომ იუნ-ჩოლი (ჩრდილოეთი კორეა) – 293კგ (125+168 ორ)
2.ვუ ჟინბიაო (ჩინეთი) – 289კგ (133+156)
3.ვალენტინ ხრისტოვი (აზერბაიჯანი) – 286კგ (125+159)
გოგონები – 53კგ
1.ჰსუ შუ-ჩინგი (ტაივანი, ოლიმპიური დროშით) – 219კგ (96+123)
2.სიტრა ფებრიანტი (ინდონეზია) – 206კგ (91+115)
3.იულია პარატოვა (უკრაინა) – 199კგ (91+108)

ძიუდო
ვაჟები – 66კგ
1.ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2.მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
3.მასაში ებინუმა (იაპონია) და ჩო იუნ-ჰო (სამხრეთ კორეა)
*-ლაშა შავდათუაშვილი
1/32 – თავისუფალი იყო
1/16 – ალეხანდრო სუნიგა (ჩილე) – მოგება
1/8 – დავიდ ლაროში (საფრანგეთი) – მოგება
1/4 – კოლინ ოატსი (დიდი ბრიტანეთი) – მოგება
1/2 – მასაში ებინუმა (იაპონია) – მოგება
ფინალი – მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი) – მოგება
გოგონები – 52კგ
1.ან კუმ-აე (ჩრდილოეთი კორეა)
2.იანეტ ბერმოი (კუბა)
3.როზალბა ფორჩინიტი (იტალია) და პრისცილა გნეტო (საფრანგეთი)

წყალში ხტომა
გოგონები – ტრამპლინი (3მ), სინქრონული
1.ვუ მინშია და ჰე ზი (ჩინეთი) – 346.20 ქულა
2.კელსი ბრაიანტი და ებიგეილ ჯონსტონი (აშშ) – 321.90 ქულა
3.ჯენიფერ აბელი და ემილი ჰეიმენსი (კანადა) – 316.80 ქულა

ka_GEGeorgian