ეროვნული სლოვაკს ჩააბარეს

სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.

ეროვნული გუნდის ახალი თავკაცი ჟურნალისტების წინაშე დღეს, 13 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის საკონფერენციო დარბაზში წარსდგა. პრესკონფერენციას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირიც დაესწრნენ.

მსურს საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარმოგიდგინოთ, – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ლევან კობიაშვილმა – ბატონი ვაისი გამოცდილი სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მასთან ერთად წარმატებული იქნება. ნიშანდობლივია, რომ ეროვნულ ნაკრებს პირველად უხელმძღვანელებს უცხოელი სპეციალისტი, რომელსაც ნაკრებში მოღვაწეობის გამოცდილება გააჩნია. ასევე აღვნიშნავ, რომ მთავარ მწვრთნელთან პირველად გაფორმდა კონტრაქტი, სადაც ფიქსირებული ანაზღაურების გარდა ბონუსიცაა გათვალისწინებული. აქვე დავძენ, რომ ეროვნული გუნდის ბოლო მწვრთნელს კახი ცხადაძესა და მის გუნდთან არსებული ყველა საკითხი მოგვარებულია და მხარეები ერთმანეთთან პირნათელნი ვართ. მადლობას ვუხდი კახის და მის გუნდს ეროვნულ გუნდში მოღვაწეობისთვის“.

„საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრამდე VI კალათაში იყო. როცა ასეთი რამ ხდება, ესე იგი, რაღაც არაა წესრიგში, თუმცა ჩემი მიზანი მიზეზების ძიება კი არა, სიტუაციის გამოსწორებაა“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც 2012-15 წლებში ყაზახეთში, ალმატის ქაირატში მუშაობდა.

ვაისის დებიუტი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში სწორედ ყაზახეთის ნაკრებთან შედგება – ამხანაგური მატჩი 29 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.

„საქართველოს ნაკრების 10 მატჩი ვნახე, როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური. ამჯერად თავს შევიკავებ იმ თამაშების შეფასებისგან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ეროვნულის რამდენიმე წევრი ევროპის ძლიერ კლუბში თამაშობს და მათი გამოცდილება და ოსტატობა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩემთვის მთავარია ნაკრებმა, ასე ვთქვათ, „ჭკვიანი თამაში“ ისწავლოს. ჩვენ კონკრეტულ მეტოქეს უნდა მოვარგოთ სტილი. რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ის მალე კომპლექტდება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მხარდამხარ სლოვაკი და ქართველი სპეციალისტები იმუშავებენ. უახლოეს დღეებში საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს დავესწრები, რაც ქართული ფეხბურთის გაცნობაში დამეხმარება. აქვე გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელს, თანამემამულე იურაი იარაბეკს შევხდები და კონსულტაციებს გავივლი“, – დასძინა ვლადიმირ ვაისმა.

ვლადიმირ ვაისმა პირველ წარმატებას ბრატისლავის არტმედიასთან ერთად მიაღწია: 2-ჯერ მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი, ერთხელ თასი, თითოჯერ კი კლუბი ჩემპიონთა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

2008-12 წლებში ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა, ისტორიაში პირველად, 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და 1/8-ფინალში გავიდა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 14 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian