Wings for Life World Run: საქართველოში, ზედიზედ მეოთხედ!
8 მაისს კახეთმა ზედიზედ მეოთხედ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას სპორტის ისტორიაში – მსოფლიო რბენას Wings for Life. გარბენი ტრადიციულად ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა.
წლევანდელი Wings for Life სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia Sport-ის ფარგლებში მოეწყო. გარბენის მზარდამჭერები იყვნენ ფედერაცია სპორტი ყველასათვის და რედ ბულის წარმომადგენლობა.
საქართველოში ვაჟთა შორის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა – ფინიშ-მანქანა მას 35,43 კილომეტრის დაფარვის შემდეგ წამოეწია. გოგონებში პირველი ნინო მიქაძე იყო. მან 29,23 კილომეტრი გაირბინა. ორივე ჩემპიონი თავად აირჩევს თუ სად იასპარეზებს 2018 წელს. შეგახსენებთ, რომ ეს Wings for Life-ის გამარჯვებულთა მთავარი პრიზია.
მსოფლიო რბენის წლევანდელი გლობალური გამარჯვებული ვაჟთა შორის შვედი არონ ანდერსონი გახდა, რომელმაც დუბაიში 92,14 კილომეტრი დაფარა. გოგონათა შორის პოლონელმა დომინიკა სტელმახმა გაიმარჯვა. ჩილეში, სანტიაგოში გამართულ რბენაში ფინიშ-მანქანა მას 68,21 კილომეტრზე წამოეწია.
წლეულს საქველმოქმედო მსოფლიო რბენა 6 კონტინენტზე, 58 ქვეყნაში, 110 ადგილზე გაიმართა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაში 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მათ შორის გახლდათ უხუცესი მორბენალი, 94 წლის შოთა სამუშია, რომელმაც კახეთში იასპარეზა.
საქართველოში 5 ათასი მსურველი დარეგისტრირდა. მონაწილეთა ლიმიტის ამოწურვის გამო, რეგისტრაცია 6 დღით ადრე დასრულდა. საქველმოქმედო გარბენში საქართველოში Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩებიც მონაწილეობდნენ: მოთხილამურე ივა წიკლაური, პარალიმპელი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი და ვეტერანი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი. ფინიშ-მანქანას კიდევ ერთი კეთილი ნების ელჩი, ავტომრბოლი მევლუდ მელაძე მართავდა.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 9 მაისი)