ტრეზეგეს თავზე ორთქლი ასდის. არა, ბოლი. უკაცრავად – ოხშივარი
70-იანი წლების დასაწყისში ჩვენმა დინამომ ჩემპიონატის შეხვედრა ერევანში არარატთან დიდი ანგარიშით წააგო. თამაშის მიწურულს თბილისელთა კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, კომენტატორმა ეროსი მანჯგალაძემ კი გათანგულ დინამოელებზე ირონიულად ჩაილაპარაკა: მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი…
ეროსი გენიოსი იყო: შესანიშნავი მსახიობი რადიორეპორტაჟებსაც მონოსპექტაკლად აქცევდა. მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი საქვეყნოდ ცნობილი ხუმრობა: მთელი თამაში ქომაგებს ეუბნებოდა ფრეაო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი გულდაწყვეტილებს ახარა, ჩვენ 2:1 მოვიგეთ, ის ერთი გოლი თქვენთვის გადანახული მქონდაო…
ეროსის მემკვიდრე კოტე მახარაძე იყო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 13 მაისის რეპორტაჟით. შემდეგ ნუგზარ ჯუღელის დრო დადგა: „სპორტის სასახლე და საკალათბურთო ამინდი“, „ისუნთქე, ოპოშნიანო, ისუნთქე“ და მისი სხვა გამონათქვამები დღეს გულშემატკივარმა ზეპირად იცის.
ფეხბურთის და იუმორი განუყრელია.
დღეს, ჩვენი ჟურნალის საზაფხულო ნომერში მოთამაშეების, მწვრთნელების და კომენტატორების სასაცილო ფრაზებს შემოგთავაზებთ.
დიმიტრი ობოლაძე (სპორტული კომენტატორი)
…ისეთი დაძაბული თამაშია, რომ მეც კი ვუშვებ შეცდომებს!
…პინტო, ეტყობა, ცოტა ვერაა გაწონასწორებული ფსიქიკურად – სკამიდან წითელი მიიღო და მოედანზე რომ ყოფილიყო რას იზამდა!
…როცა მესი არ თამაშობს, ბარსელონას რაღაც აკლია და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს რაღაც სწორედ მესია.
…ტრეზეგეს თავზე ორთქლი ასდის. არა, ბოლი… უკაცრავად – ოხშივარი.
…დიდა ბურთს მშვიდად დაეუფლა. ზედმეტად მშვიდადაც კი.
დავით მინაშვილი (სპორტული კომენტატორი)
…ფერდინანდმა ან ძალიან კარგად ითამაშა, ან ძალიან ცუდად. გამეორებაზე გამოჩნდება, თავისთავად ცხადია.
…სიტუაცია ითხოვდა ძანეტი ბურთს გამოსთხოვებოდა.
…როგორც ხშირად ხდება, გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდი გამოდის ხოლმე.
…ასეთი მანძილიდან ბურთის აცილება რეკომენდებული არ არის.
…როგორც მოგეხსენებათ, დელ ბოსკეს 2012 წელს ვადა გასდის.
სანდრო ცნობილაძე (სპორტული კომენტატორი)
…მსოფლიო ჩემპიონატი იყიდა მაგთიმ. უკაცრავად, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები იყიდა მაგთიმ.
…ჯოვანი დოს სანტოსი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ არის ცალფეხა.
…ლივერპულელთა სამწუხაროდ კუიტი ცალფეხათა კატეგორიას განეკუთვნება.
…ლამი და კოული ერთნაირი კომპლექტაციის და კონფიგურაციის ფეხბურთელები არიან.
…გერმანელი ფეხბურთელები თამაშის წესების დარღვევას სიგნალიზირებენ.
ვახტანგ გეგელია (სპორტული კომენტატორი)
…რამხელა გამორბენს აკეთებს ბლანკო, გზაში არ დაიღალოს!
…კარაგუნისი მე საერთოდ მკვდარი მეგონა და თურმე საბერძნეთში თამაშობს, კაპიტანი ყოფილა ნაკრების.
დავით ხვადაგიანი (სპორტული კომენტატორი)
…გაშვებული გოლის შემდეგ ლივერპული დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, რომელსაც მანამდეც ფლობდა მეტ-ნაკლები უპირატესობით.
…აფერუმ შენს ვაჟკაცობას, კიუიტო!
იოჰან კრუიფი (ლეგენდარული მოთამაშე და მწვრთნელი)
…რელიგიური არ ვარ. ესპანეთში 22-ვე მოთამაშე თამაშის წინ პირჯვარს იწერს. ეს რომ საქმეს შველოდეს, ყველა შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა.
…იტალიელები ვერ მოგიგებენ, მაგრამ შესაძლოა, თქვენ დამარცხდეთ მათთან.
…ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ მარტივად თამაში ძალიან რთულია.
…თუ ბურთი შენ არ გაქვს, კარში ვერ დაარტყამ. თუ კარში არ დაატყამ, გოლს ვერ გაიტან. თუ გოლს ვერ გაიტან, ვერ მოიგებ.
ჟოზე მოურინიუ (ჩელსის მწვრთნელი)
…თქვენ მართლა გაინტერესებთ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები? 4-3-3 სისტემას ვანიჭებ უპირატესობას.
…ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემზე უკეთესიც არ მოიძებნება.
ბილ შენკლი (ლივერპულის მწვრთნელი)
…საფეხბურთო გუნდი რაღაცით ფორტეპიანოს მაგონებს: 8 კაცი მის დასაძვრელად მჭირდება, 3 კი ულამაზესი კომპოზიის შესასრულებლად.
…თუ ფეხბურთელი დაბნეულია და არ იცის რა უყოს ბურთს, ჯანდაბას, მეტოქის კარში მაინც შეაგდოს. დანარჩენზე თამაშის შემდეგ დაველაპარაკები.
იან რაში (უელსელი ფეხბურთელი)
…იუვენტუსში გადასულს, მეგონა რომ უცხო ქვეყანაში ვცხოვრობდი.
დევიდ ბექემი (ინგლისელი ფეხბურთელი)
…ის წარსულში იყო, ჩვენ ახლა მომავალში ვართ.
ხორხე ვალდანო (არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი)
…ფეხბურთის თამაში დაცვაში ჩამჯდარ გუნდთან იგივეა, რაც ქალის ნაცვლად, ხეს მოეალერსო.
სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი მწვრთნელი)
…ასე მგონია, ფილიპო ინძაგი თამაშგარეში დაიბადა.
დევიდ კოულმენი (სპორტული კომენტატორი)
…ამ ულამაზესი მატჩის შედეგს არ გეტყვით. სამაგიეროდ, მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ იტალიელთა გამარჯვების გოლი.
ოსკარ უაილდი (ირლანდიელი პოეტი)
…რაგბი ბარბაროსების სპორტია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ. ფეხბურთი კი პირიქით: ჯენტლმენების სპორტია ბარბაროსების შესრულებით.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 1–31 აგვისტო)