კომოს ტბაზე: ვარენა
კომოს ტბისკენ მატარებლით გავემგზავრეთ და ვარენას რომ მივუახლოვდით (პატარა ქალაქს, სადაც ჩავდიოდით), ხელმარცხნივ, ფანჯრებიდან ულამაზესი სანახაობა გადაიშალა – მზე, მოლივლივე ცისფერი ტბა, პატარა გემები, იახტები და ათასფერ ყვავილებში ჩაფლული ოქროსფერკრამიტგადახურული კოხტა სახლები!
იდეალური კომბინაცია!
უნდა ვაღიარო: 80-იანი წლების დასაწყისში, ჩემებს გაგრაში რომ მივყავდი დასასვენებლად და მატარებლის ფანჯარაში თავგაყოფილი რომ ვტკბებოდი ზღვის სუნით და ხედებით, ზუსტად ის განცდა დამეუფლა. ძველისძველი, ბავშვობისდროინდელი, რომელიც კარგა ხნის დავიწყებული მეგონა.
კომოს ტბა ულამაზესია!
კომოს ტბა თვალწარმტაცია!
კომოს ტბა ზღაპრულია!
იქაურობას მხოლოდ აღტაცებით თუ მოვიგონებ. მეეჭვება ადამიანს კომოს ტბის დანახვაზე სუნთქვა არ შეეკრას!
მწერალი რომ ვიყო, ალბათ უფრო მოხდენილად აღვწერდი იქაურობას, მაგრამ ასე მგონია, სამყაროს შემოქმედი პირადად ქმნიდა კომოს ტბის თითოეულ ნაპირს, ხატავდა მის შემოგარენს და რაც კი საუკეთესო გააჩნდა, ყველაფერი იქ დატოვა. და თვითონაც სადღაც იქვე დაიდო ბინა, რომელიმე კოხტა, მწვანეში ჩაფლულ სახლში…
იტალიაში მოგზაურობას რომ ვგეგმავდით, კომოს ერთი სრული დღე დავუთმეთ და ტბის შუა ნაწილში გაშენებულ ვარენასაც დილიდანვე ვესტუმრეთ, მაგრამ გთხოვთ: იქაურობის ნახვას თუ გადაწყვეტთ, ჩვენი შეცდომა არ გაიმეოროთ – კომოს ტბის გარშემო ერთი დღე კი არა, ერთი თვეც რომ გაატაროთ, არ ინანებთ! ზღაპრულია და იმიტომ! ასე რომ, კვირა ან უფრო მეტი ამ ტბისთვის არ დაგენანოთ!
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე განიერ მონაკვეთში 4,5, ხოლო სიგრძეში 46 კილომეტრია, კომოს ტბა სიდიდით მესამეა ამ დალოცვილ იტალიაში და მხოლოდ გარდას და მაჯიორეს ჩამორჩება.
სამაგიეროდ, ყველაზე ღრმაა – ზოგიერთ ადგილზე ფსკერი 200 მეტრზეა და ამ მხრივ, ნორვეგიის ფიორდებში ჩაკარგულ 4 ტბას თუ არ ჩავთვლით, ევროპაში პირველია.
და კიდევ: შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ იტალიის ყველაზე მოკლე, 250-მეტრიანი მდინარე – ფიუმელატე (რძის მდინარე) სწორედ ვარენადან ჩაედინება კომოში!
მაგრამ ასეთ ამბებს თავი უნდა დავანებო. კომო, კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ: უ-ლა-მა-ზე-სია! და ციფრებით და რიცხვებით მასზე საუბარი, ასე მგონია იქაურობას აუფერულებს.
რკინიგზის სადგურიდან სანაპიროსკენ დავეშვით, ცენტრალურ მოედანზე გავჩერდით, ცოტა სული მოვითქვით და გემის ბილეთებიც შევიძინეთ. ტბაზე გასეირნება და ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ბელაჯიოს და მენაჯიოს მონახულება ჯერ კიდევ თბილისში დავგეგმეთ.
რაც შეეხება სანაოსნო ტურებს: არის 3 ქალაქზე გათვლილი, შედარებით დიდი, 8 გაჩერებით და 3-დღიანი ბილეთები. შესაბამისად, იმას იყიდი, რომელიც გსურს. სანახაობით ტკბობა კი გარანტირებულია – ტბის შუაგულიდანაც ისეთივე ლამაზი ხედები იშლება, როგორც ნაპირებიდან.
გემზე ასვლამდე ვარენას სანაპიროზე გავისეირნეთ და სანამ გოგოები წინ გაიჭრნენ, მე იქაურობით ვტკბებოდი და მთელი იმ სილამაზის ფოტოებში ასახვას ვცდილობდი. თუ როგორ გამომივიდა, აგერ არის ფოტოები და თქვენ შეაფასეთ.
ნაყინი რომ არ ვახსენო, აბა როგორ?! გელატო – ჩემი სიყვარული! იტალიური ნაყინი ცალკე ამბავია… სანამ გოგოები ვილა მონასტერიოში სეირნობდნენ, ნაპირზე ვიჯექი, გელატოთი ვტკბებოდი და გონებაში ლექსის წერას, მინიმუმ გარითმვას ვცდილობდი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ კიკლი კიკლი კიბეს იქით ვერ მივდიოდი და განზრახვაზე ხელი ავიღე – ნაყინით გულმოცემულმა ისევ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე.
არ მიკვირს კომოს ტბით ძლიერნი ამა ქვეყნისანი ადვილად რომ იხიბლებოდნენ – ევროპის ბევრი ქვეყნის მონარქი თუ სამეფო ოჯახის წევრი საუკუნეების განმავლობაში ისვენებდა ამ მშვენიერი ტბის გარშემო და ამიტომაცაა, ამდენი სასახლე რომაა პატარა ქალაქებში.
ამ ვილებიდან ზოგიერთში დღეს მუზეუმია (ვილა მონასტერიოც ასეთია), ბევრი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ეკუთვნით, არაერთი კი სასტუმროდაა გადაკეთებული და დროდადრო სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის ანტიკვარული ავტომობილების გამოფენას (ამაზე სხვა დროს აუცილებლად დავწერ), ხელოვნების ნიმუშების აუქციონებს და სუპერპოპულარული სამოდელო სახლების ჩვენებებსაც კი. არაერთი ვილა ჰოლივუდის ფილმებშიცაა გადაღებული…
ვარენადან შუადღით გავემგზავრეთ ბელაჯიოში. იქაურობას, რა თქმა უნდა, ცალკე ალბომს მივუძღვნი. მენაჯიოსაც, რომელიც ვარენას და ბელაჯიოს შემდეგ, საღამოს მოვინახულეთ.
ბოლო კი ისევ ვარენა იყო, სადაც ხოშტარიას კაფე ვნახეთ და გემრიელი ლუდის, ლაზანიას და პიცების თანხლებით ზღაპრული დღე ტკბილად დავასრულეთ.
ბოლოს ისევ გირჩევთ: კომოსთვის ერთი დღე ძალიან ცოტაა.
და თუ იტალიაში გამგზავრებას მოისურვებთ, თავისუფლად შეიძლება რამდენიმე დღე მხოლოდ ამ საოცრებას დაუთმოთ.
კომო სამუდამოდ თქვენში დარჩება!
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ვარენა, კომოს ტბა, იტალია; 2019 წლის 1 ოქტომბერი