კობი ბრაიანტი 1978-2020: სამძიმარი ზინედინ ზიდანისგან
„კობი, თქვენ ჩემი ოჯახისთვის სამაგალითო იყავით. დღეს ჩვენ, ისევე, როგორც მილიონობით სხვა, დამწუხრებულნი ვართ. ჩვენი ფიქრები ამ წუთებში თქვენ ოჯახს დასტრიალებს. ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროთ კობი და ჯანა მარია“.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ერთ-ერთი სოციალური ქსელით ასე გამოეხმაურა კობი ბრაიანტის ტრაგედიას.
41 წლის ვეტერანი კალათბურთელი 26 იანვარს, დილით, კალიფორნიაში მომხდარ ტრაგედიას შეეწირა. ვერტმფრენი, რომლითაც ის, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდა, ლოს ანჯელესთან ახლოს, ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდა.
კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესას, ქალიშვილებს და ოჯახს თანაგრძნობის წერილი, ათასობით ადამიანთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გაუგზავნა.
„შავი მამბა“ ერთადერთი კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, რომელსაც კლუბმა ორი ნომერი სამუდამოდ მიაკუთვნა – ბრაიანტის პატივისცემის ნიშნად, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ხმარებიდან ამოიღო #8 და #24.
დალას მევერიქსის მფლობელის მარკ ქიუბენის გუშინდელი გადაწყვეტილებით, მის გუნდში კობის სამუდამოდ მიეკუთვნა #24.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 28 იანვარი)