ზაზა ფაჩულია ციფრებსა და რიცხვებში: 15 ფაქტი კარიერიდან
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა.
ის იმ იშვიათ ევროპელთა შორისაა, რომლებმაც NBA-ში 15 და მეტი სეზონი გაატარეს – ქართველი ცენტრის დებიუტი რჩეულთა შორის 2003 წელს შედგა და მას შემდეგ მან არაერთ კლუბში ითამაშა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა გოლდენ სტეიტ უორიორზის მრჩევლად დაინიშნა. ყველა მოთამაშისთვის სანატრელი ჩემპიონის ბეჭდები მან სწორედ იქ მოიგო 2017 და 2018 წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ფაჩულია წავიდა, NBA-ში ქართველი მაინც ითამაშებს – გოგა ბითაძის დებიუტს გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. და სანამ ახალგაზრდა ქართველს ვიხილავთ საუკეთესოთა შორის, აჭარასპორტი ზაზა ფაჩულიას ამერიკულ კარიერას 15 გამორჩეული ფაქტით შეგახსენებთ.
1 – ზაზა ფაჩულია პირველი და ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის NBA-ის ჩემპიონი გახდა.
2 – 2017 და 2018 წლებში ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტ უორიორზის შემადგენლობაში 2-ჯერ მოიგო ლიგის ჩემპიონის ბეჭედი!
6 – კლუბების რაოდენობა, რომლის მაისურითაც ფაჩულიამ NBA-ში ითამაშა. მისი პირველი გუნდი ორლანდო მეჯიქი იყო, შემდეგ კი ზაზამ მილუოკი ბაქსში, ატლანტა ჰოქსში, დალას მევერიქსში, გოლდენ სტეიტ უორიორზსა და დეტროიტ პისტონსში იასპარეზა.
8 – NBA-ის ფლეი-ოფში ფაჩულიამ სწორედ ამდენ სეზონში ითამაშა. პირველად 2008 წელს ატლანტა ჰოქსის მაისურით, ბოლოს კი 10 წლის შემდეგ, როცა გოლდენ სტეიტ უორიორზთან ერთად ჩემპიონის ბეჭედი მოიგო.
9,4 – რეგულარულში მოხსნების ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი, 2015-16 წლებში, დალას მევერიქსის მაისურით.
16 – მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში გატარებული სეზონების რაოდენობა. ზაზას დებიუტი NBA-ში 2003-04 წლებში შედგა ორლანდო მეჯიქის შემადგენლობაში.
18 – 2015 წლის 20 მარტს, ბრუკლინ ნეტსთან 127:129 წაგებულ შეხვედრაში ზაზამ 18-ჯერ მოხსნა ბურთი მეტოქის ფარზე. ეს შედეგი რეგულარული სეზონის რეკორდი გამოდგა, ხოლო მილუოკი ბაქსის ფრენჩაიზისთვის დღემდე საუკეთესო მიღწევაა.
27 – ფაჩულიას დებიუტი NBA-ში, ორლანდო მეჯიქის შემადგენლობაში ამ ნომრით შედგა და უკანასკნელ სეზონშიც, 2018-19 წლებში დეტროიტ პისტონსშიც 27-ე იყო.
42 – 2003 წლის დრაფტზე ქართველი ცენტრი სწორედ ამ ნომრით, მეორე წრეში მოხვდა ორლანდო მეჯიქში.
73 – ფლეი-ოფში ჩატარებული მატჩების რაოდენობა. 26 შემთხვევაში ზაზამ პირველ ხუთეულში ითამაშა.
79 – რეგულარულში ყველაზე მეტი შეხვედრა 2010-11 წლების სეზონში ჩაატარა ატლანტა ჰოქსის შემადგენლობაში.
85 – 2016-17 წლების სეზონში, როცა ოკლენდურ კლუბში პირველი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო, ფაჩულიამ რეგულარულსა და პლეი-ოფში 85 შეხვედრა ჩაატარა და ყველა სასტარტო ხუთეულში დაიწყო.
100 – 2016 წლის 12 იანვარს, დამატებით დროში კლივლენდ კეველიერსთან 107:110 წაგებულ მატჩში 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა და კარიერაში მე-100 ორმაგი დუბლი შეასრულა.
1 098 – საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა რეგულარულში ამდენი შეხვედრა ჩაატარა. 516 მატჩში ის სასტარტო ხუთეულში იყო. 1098 მატჩით ის ყველა დროის სიაში 74-ე ადგილზეა.
60 356 464 – მილიონი დოლარი, კარიერის მანძილზე გამომუშავებული თანხა (ოფიციალური ხელფასების ჯამი).
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 30 აგვისტო)