2:2 მოლდოვასთან – 10 ფაქტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მე-6 შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ, კვლავ ვერ გაიმარჯვა – ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოლდოვაში ფრედ 2:2 ითამაშა.
6-გუნდიან ჯგუფში საქართველოს ნაკრები V და ბოლოადგილოსან მოლდოვას მხოლოდ ქულით უსწრებს. მოლდოვამ, თავის მხრივ, 6 მატჩიდან მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა ფრედ, დანარჩენ შემთხვევაში დამარცხდა. იგორ დობროვოლსკის გაწვრთნილმა მოლდოვამ ორივე ქულა საქართველოსთან მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩს 2 სექტემბერს ჩაატარებს – რუსეთი 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ჯვაროსნები ირლანდიას უმასპინძლებენ, გუშინდელი შეხვედრის 10 გამორჩეული ფაქტი კი ასეთია:

 

…საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მე-6 შეხვედრა ჩაატარა: 3 ფრე, 3 მარცხი, 3 ქულა.

…ეროვნული ნაკრები მეექვსედ თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში. ჯვაროსნებმა მხოლოდ ერთხელ ჩაამთავრეს შესარჩევი ეტაპი მოგების გარეშე – სამხრეთი აფრიკა 2010-ის საკვალიფიკაციოში არგენტინელი სპეციალისტის ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 10-დან მხოლოდ 3 მატჩი დაასრულა ფრედ, 7 კი წააგო.

…მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში საქართველომ სადღეისოდ 52 მატჩი ჩაატარა: 9 მოგება, 14 ფრე და 29 წაგება. ბურთები – 49:85.

…კიშინიოვში გამართული მატჩი მე-12 იყო ამ გუნდების დაპირისპირებაში. მეტოქეებმა 4-4 მოიგეს, 4-იც ფრედ დასრულდა. ბურთებში მცირე უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობს: 17:14.

…საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე არასდროს დამარცხებულა მოლდოვასთან: 4 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე. თავის მხრიც, ჯვაროსნებს არასდროს მოუგიათ მოლდოვასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში – 2 თამაში, 2 წაგება.

…ზედიზედ მე-4 შეხვედრაა საქართველოს ნაკრები მოლდოვასთან არ აგებს. მეტოქემ ბოლოს 2009 წლის 6 ივნისს გაიმარჯვა: თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი 2:1 მოიგო. მას შემდეგ 3 თამაში ფრედ დასრულდა, 2011 წლის 11 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე გამართული ამხანაგური პაექრობა კი საქართველომ 2:0 მოიგო.

…ზედიზედ 3 მატჩია საქართველოს ნაკრები არ აგებს: ლატვიასთან 5:0 (ამხანაგური, თბილისი), სენტ კიტსთან და ნევისთან 3:0 (ამხანაგური, თბილისი) და მოლდოვასთან 2:2 (ოფიციალური, კიშინიოვი).

…2017 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მე-6 შეხვედრა გამართა: 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ბურთები – 13:7.

…კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 65-ედ ითამაშა ნაკრებში. ჩატარებული მატჩების მხრივ მასზე წინ მხოლოდ 5 ფეხბურთელია: ლევან კობიაშვილი (100 მატჩი), ზურაბ ხიზანიშვილი (93), კახი კალაძე (83), გიორგი ნემსაძე (69) და ალექსანდრე იაშვილი (67).

…მოლდოვასთან მატჩში გიორგი მერებაშვილმა პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით (მე-20 შეხვედრაში), ვაკო ყაზაიშვილმა მე-5 (25-ე თამაშში).

ლაშა გოდუაძე კიშინიოვიდან (www.msy.gov.ge; 2017 წლის 12 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian