თომას ბახი: კობი ბრაიანტი დიდი ოლიმპიური ჩემპიონი იყო!
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონის და NBA-ის 5-გზის ჩემპიონის კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
„კობი ბრაიანტ, განისვენე მშვიდად. შენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები“ – ნათქვამია სოკ-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ლეგენდარული კალათბურთელის დაღუპვას პირადად გამოეხმაურა სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახიც: „კობი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონი იყო. ის ადამიანთა ცხოვრების შესაცვლელად საუკეთესოდ იყენებდა სპორტის ძალას. თამაშიდან წასვლის შემდეგ ის აგრძელებდა ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერას და იყო ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. ვუთანაგრძობთ მის ოჯახს, მეგობრებს და პატივს მივაგებთ სხვა დაღუპულებს“.
შვეულმფრენმა, რომლის ბორტზეც 41 წლის კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა და კიდევ 7 მგზავრი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა კალიფორნიაში განიცადა.
კობი ბრაიანტმა 2016 წელს დაასრულა კარიერა. ის 20 წლის განმავლობაში იცავდა ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას, 5-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, 18-ჯერ კი ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა.
ლეგენდარული მოთამაშე ოლიმპიურ ოქროს 2-ჯერ დაეუფლა: 2008 წელს პეკინში და 2012 წელს ლონდონში.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 28 იანვარი)