კარიერა ფრაზებში #49: გიორგი სიჭინავა
თბილისის დინამოს ისტორიას მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი ახსოვს, რომელმაც კლუბის თეთრ-ლურჯი მაისური 16 წლის ასაკში მოირგო. გიორგი სიჭინავა ერთ-ერთი მათგანია.
მას, ნიჭიერს, მოუღლელს და ორიგინალურს, გასული საუკუნის 60-იანი წლების დინამოს ლიდერთა შორის ასახელებენ. ასაკოვანი ქომაგების თქმით, გიორგი სიჭინავა საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი უნივერსალი იყო. იმ დროის დინამოს მატჩების სრული ტელერეპორტაჟები კი, სამწუხაროდ, იშვიათობაა და ძნელია მხოლოდ ცალკეული მომენტებით ან საგაზეთო სტატიებით და გულშემატკივართა მოგონებებით რაიმეს მტკიცება.
რამდენიმე წლის წინ საბჭოთა კავშირის და ვისენტე ფეოლას ლეგენდარული ბრაზილიის ნაკრების 1965 წლის მოსკოვური თამაშის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, ისიც არასრული. იმ შეხვედრაში მწვრთნელებმა სიჭინავას პელეს მეურვეობა დაავალეს, მაგრამ მე სხვა რამ დამამახსოვრდა: ერთ მომენტში დინამოს ნახევარმცველმა შესანიშნავად ითამაშა, ძლიერად დაარტყა და ბრაზილიელთა კარის ხარიხა შეაზანზარა, კომენტატორმა კი დააბრეხვა: სიჭინავას ინდივიდუალიზმი გაუმართლებელიაო.
სხვა დრო იყო, სხვა ქვეყანა და ცხადია, ფეხბურთსაც თავისებურად აღიქვამდნენ.
იმ ნაცრისფერ, ერთფეროვან ქვეყანაში განსხვავებულებს არ ახარებდნენ – საბჭოთა იმპერიის დედაქალაქი სხვა ფასეულობებს ქადაგებდა. ალბათ ამიტომაც წავიდა 28 წლის გიორგი სიჭინავა დიდი ფეხბურთიდან.
გიორგი სიჭინავა ნაღდი „ოქრო ბიჭი“ გახლდათ – 1964 წლის საჩემპიონო სეზონის ყველა, 33-ვე შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლიც გაიტანა. მის კარიერას ტრადიციულად, ქართულ და საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან მოხმობილი ფრაზებით გავიხსენებთ.
…ფეხბურთის თამაში 5 თუ 6 წლისამ დავიწყე. პირველი მწვრთნელი რეზო შარტავა გახლდათ. 15 წლისა უკვე გაგრის ტორპედოში ვთამაშობდი – ჩვენ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში გამოვდიოდით.
…სკოლის პერიოდში ფარიკაობაშიც ვვარჯიშობდი. ფარიკაობაზე სიარული განსაკუთრებით ზამთარში მიყვარდა, რადგან სკოლიდან მათავისუფლებდნენ. ერთხელ აფხაზეთის ჩემპიონიც გავხდი, 1959 წელს რესპუბლიკის მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობაში კი საკავშირო სპარტაკიადაზე III ადგილი დავიკავე! ძლიერი გუნდი გვყავდა: ძმები არჩილ და კოტე გოგელიები, მორის სახვაძე, ნუგზარ ასათიანი, ზურაბ ცქიტიშვილი.
…ანდრო ჟორდანია ქართულ ფეხბურთში მოვლენა იყო! თურმე ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნია და მალე 15 წლის ბიჭმა საქართველოს II ლიგიდან საკავშირო უმაღლეს ლიგაში ამოვყავი თავი! ეს ის დროა, როცა დინამოს ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე კაპიტნობდა.
…გუნდში სანამ ჩავირიცხებოდი, მანამდე იმდენი მოვახერხე, რომ ფარიკაობაში სამუდამო დისკვალიფიკაცია მომისაჯეს. საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ კი გაიოცა, დასჯილს დინამოში რა უნდაო, მაგრამ ჟორდანიამ უთხრა, ჟორა ფარიკაობიდანაა მოკვეთილი, თორემ ფეხბურთში – არაო და მეც გზა გამიხსნეს.
…დინამოში ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები დამხვდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ილია დათუნაშვილი, გივი ჩოხელი, შოთა იამანიძე, სიომა ბარქაია, ზაურ კალოევი, მიშა მესხი. მერე მათ მურთაზ ხურცილავა და სლავა მეტრეველიც დაემატნენ… მართლა ზღაპრული დინამო იყო!
…17 წლისა უკვე ძირითადში ვთამაშობდი! დასამალი რაა: ბასა ღოღობერიძე მედგა გვერდით და მეც ვუჯერებდი. თუმცა ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი, რა თქმა უნდა, ანდრო ჟორდანიამ ითამაშა. და საერთოდ, 1964 წლის დაუვიწყარი გამარჯვებაც, ჩემი აზრით, სწორედ მან გამოჭედა – ყველა ფეხბურთელს მან მოუძებნა ის ამპლუა, სადაც მერე მთელი კარიერა გაატარეს.
…მიხაილ იაკუშინთანაც ვიმუშავე და გავრილ კაჩალინთანაც. იაკუშინი უფრო მკაცრი იყო, კაჩალინი – შედარებით ლმობიერი. 1964 წელს კაჩალინის ხელმძღვანელობით გავხდით ჩემპიონები, მაგრამ იაკუშინის წვლილი იმ გამარჯვებაში არანაკლები იყო. სხვათა შორის, სწორედ მან შეცვალა დინამოს ტაქტიკური განლაგება: 3-5-2-დან 4-4-2-ზე გადაგვიყვანა.
…იცით რატომ ვერ შევინარჩუნეთ ჩემპიონის ტიტული? 1965 წელს ზეიმი ნამეტანი გაგვიგრძელდა და ამიტომ – ბურთი და ყანწი ერთად? გამორიცხულია! ფეხბურთელები თითქმის მთელი წელიწადი „პახმელიაზე“ ვიყავით: ხან ერთ რესტორანში გვპატიჟებდნენ, ხან მეორეში, ერთი „დიდი კაცის“ სუფრას მეორისა ცვლიდა და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ყველგან და ყველასთვის ძვირფასი სტუმრები ვიყავით!
…18 წლისა საბჭოთა კავშირის II ნაკრებში მიმიწვიეს შოთა იამანიძესთან ერთად, 20 წლისამ კი პირველ გუნდში ვითამაშე. ნახევარდაცვაში, ჩემ პოზიციაზე ძალიან მძაფრი კონკურენცია იყო: იგორ ნეტო, იური ვოინოვი, ვალერი ვორონინი, იოჟეფ საბო… ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ! ჩემი მთავარი კონკურენტი მოსკოვის ტორპედოელი ვორონინი იყო, ნიჭიერი მოთამაშე და ჩინებული კაცი! კარიერა რომ დავასრულეთ, მოსკოვში ჩასულს ის მმასპინძლობდა ხოლმე, თბილისსა და საქართველოში კი მე ვხვდებოდი.
…ყველაზე ძალიან დონეცკსა და კუიბიშევში თამაში არ მიყვარდა. ერთხელ დონეცკში ჩვენ ავტობუსს ქვები დაუშინეს – ფანჯრები ჩალეწეს, კუიბიშევში კი, მახსოვს, კაჩალინს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლით თავი გაუტყდა.
…ნიკოლაი მოროზოვის დროს ქართველები საბჭოთა კავშირის ნაკრებში უპრობლემოდ ვხვდებოდით: ობიექტური კაცი იყო, წარმომავლობის გამო არავის იწუნებდა და რაც მთავარია, ფეხბურთელის ფასი იცოდა. ქართველებს ხშირად გვიმეორებდა: სტალინის ვაჟისგან, ვასილისგან ბევრი სიკეთე მახსოვსო.
…1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია – ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში ედუარდ მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა. თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა უშიშროების კომიტეტის ორმა თანამშრომელმა – ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს, ედუარდ შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი. კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო… ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლით დაისჯებიო – საბჭოთა ხალხის მტრად გამომაცხადეს!
…ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ „ზემოდანაც“ ჩაერივნენ სხვები და… მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მე-8 პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?! გამოვიპარე და ცოტა ხანს თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი.
…ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან, ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა. მახსოვს, გაზეთ ლელოში ვიღაცას ჩემს ნაცვლად დააწერინეს გულისამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი… მოგვიანებით შევიტყვე, რომ შევარდნაძე ჩემი შეწყალების წინააღმდეგი იყო.
…დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებშიც დამაბრუნეს და ჩემი თავი ვორონინს ჩააბარეს, როგორც კომორგს – მას ჩემ „აღზრდა-გამოსწორებაზე“ უნდა ეზრუნა! შეკრებებზე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მალე მივხვდი, რომ ჩემზე უარესი იყო… 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ ინგლისში და ერთხელაც მეუბნება, წამო კაზინოში წავიდეთო! მისი მაშინდელი რჩევა არასდროს დამავიწყდება: დაიმახსოვრე, ყველა სასტუმროში პირველი, რაც უნდა გააკეთო, სათადარიგო შემოსასვლელი უნდა მოძებნოო!
…ერთი წლით ადრე მოსკოვში ბრაზილიას ვეთამაშეთ. ისეთი ამბავი იყო, ბევრზე დამთრგუნველად იმოქმედა. მარცხენა მცველი გვყავდა, დანილოვი – მატჩამდე 5 დღით ადრე უთხრეს გარინჩას წინააღმდეგ ითამაშებო და კანკალი დააწყებინა! მერე ზოგს სიცხემ აუწია, სხვებს ტრავმები „გაუმიზეზდათ“… მოკლედ, იყო ერთი ალიაქოთი. რისა ეშინოდათ დღემდე ვერ ვხვდები – გეგონება ჩვენხელა ბიჭების კი არა, მხეცების წინააღმდეგ გადიოდნენ მინდორზე.
…თამაშისწინა გარჩევაზე ვლადიმერ ბარქაიას ჟერსონის აყვანა დაავალეს, მე კი პელეს „დაჭერა“ ვითავე, არადა, პელეს დამჭერი მე კი არა, დედამიწაზე არავინ იყო! მწვრთნელმა გვითხრა პელეს წინააღმდეგ ვინ ითამაშებსო და ხმა არავინ ამოიღო. მე კი ისე მინდოდა ბრაზილიელებთან ძირითადში თამაში, ვიყვირე – მე დავიჭერ პელეს-მეთქი! ასე მოვხვდი სასტარტო შემადგენლობაში. აბა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა?!
…ამბავი, რომელიც მერე ანეკდოტად გავრცელდა, ნაღდად მოხდა. გასახდელში, როცა მწვრთნელმა გვკითხა პელეს ვინ დაიჭერსო, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა და სწორედ მაშინ ჩავილაპარაკე, მაგის დამჭერი ერთადერთი კაცი იყო და ისიც ცოცხალი აღარაა, ლავრენტი პავლოვიჩი-მეთქი… ბერია ვიგულისხმე! იქ ხარხარი ატყდა, ვერ წარმოიდგენთ!
…რა მოხდა 1969-ში? დაწვრილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ უსაზიზღრესი ბრალდებით დამაპატიმრეს – ქალის გაუპატიურება დამაბრალეს! რამდენიმე თვით ადრე ედუარდ შევარდნაძემ დამიბარა და ჭკუის დარიგება დამიწყო: მილიციის ოფიცერი ხარ, არ ეკადრება შენისთანა კაცს რეჟიმის სისტემატური დარღვევაო… შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოგეხსენებათ, დინამოს კურატორი იყო და მინისტრი გუნდის „სამზარეულოს ამბებს“ კარგად იცნობდა… შევარდნაძეს კაბინეტშივე ვუთხარი: თბილი სიტყვებისთვის მადლობა, მაგრამ სჯობს თქვენ საქმეს მიხედოთ, დამნაშავეები დაიჭიროთ, მე კიდე ფეხბურთს ვითამაშებ-მეთქი. კაბინეტიდან რომ გამოვედი, კი ვიფიქრე, ხომ არ გადავაჭარბე-მეთქი, მაგრამ აღარ შევბრუნდი. ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია – მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, მაგრამ 1969 წლის დეკემბერში დამაპატიმრეს. არცერთმა ქართველმა მოსამართლემ ჩემ საქმეს ხელი არ მოკიდა – ყველამ ყველაფერი იცოდა! ბევრმა დამიჭირა მხარი: კახი ასათიანმა, მურთაზ ხურცილავამ, შოთა იამანიძემ, ვიქტორ პონედელნიკმა, ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ, მაგრამ მათ, ვინც ეს ამბავი შეთითხნა, უკან არ დაიხიეს – 27 წლის ბიჭზე საჩვენებელი პროცესი მოაწყვეს – 4 წელი მომისაჯეს! თავიდან გალის რაიონში, კოლონიაში ვიყავი სოფელ სიდაში, შემდეგ ციხიდან ციხეში დამატარებდნენ. ბოლოს როსტოვში ამოვყავი თავი. ფიქრობდნენ, ზეწოლას ვერ გაუძლებსო, მაგრამ საპატიმროებში, როგორც კი გაიგებდნენ ჟორა სიჭინავა მოიყვანესო, ყველგან უდიდეს პატივს მცემდნენ. საერთო ჯამში ციხეში 7 თვე გავატარე.
…პატიმრობის შემდეგ ერთი სეზონი ვითამაშე რუსთავის მეტალურგში – II ლიგაში. სულ ცოტა დაგვაკლდა I ლიგაში გადასვლამდე. ეს იყო და ეს, ამის მერე, 28 წლისამ ფეხბურთიდან წასვლა გადავწყვიტე.
…წინადადებები როგორ არ იყო: ქუთაისის ტორპედო მიწვევდა, დინამოში ჩემ დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ… ეგ კი არა, კონსტანტინ ბესკოვი შემეხმიანა და მოსკოვის დინამოში გადასვლა შემომთავაზა. იყო ალმა-ატის კაირატის ვარიანტიც – ზღაპრულ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი – მშობლიურ გაგრაში დავბრუნდი და 1992 წლამდე სპორტსკოლას ვხელმძღვანელობდი.
…მშობლები გაგრაში დავკრძალე. ყოველ კვირა გავდიოდი საფლავზე, მაგრამ მერე ცხოვრება აირია და… იქ ჩასვლას იშვიათად ვახერხებ – 1992 წლიდან სოჭში ვცხოვრობ.
…საქართველოში ბოლოს ჩემი ვაჟის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჩამოვედი. დინამოელებთან ერთად ბოლნისშიც წავედი – ნათესავები მოვინახულე, თეიმურაზ სტეფანიას საფლავზეც გავედით… ის უნიჭიერესი მეკარე და შესანიშნავი პიროვნება იყო. გული მწყდება ასე ახალგაზრდამ რომ დაგვტოვა.
…პელეს მაისური? ჰო, თამაშის შემდეგ მე გამიცვალა. მოსკოვში 10 ათას მანეთს მთავაზობდნენ, მაგრამ არ გავყიდე. წლების მანძილზე გაგრაში, სახლში მქონდა გამოფენილი. იქვე ჩემი და პელეს მატჩისშემდგომი ფოტოც ეკიდა… ერთხელ სტუმრად ნაცნობი ქალბატონი გვეწვია და უყურა, უყურა ამ ფოტოს და მერე მეუღლეს ჰკითხა: შენი ქმარი რომელიაო? ეჰ, კაი დრო იყო!
გიორგი სიჭინავა
დაიბადა 1944 წლის 15 სექტემბერს
1959 წელს გაგრის ტორპედოს, 1960-69 წლებში თბილისის დინამოს, 1971-72 წლებში რუსთავის მეტალურგის ნახევარმცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1964; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1962, 1967; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 4-ჯერ დასახელდა: #2 – 1964; #3 – 1961, 1962, 1966; საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1966; ღირსების ორდენი; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2014
სსრკ ნაკრებში: 8 მატჩი (1964-66)
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში 2“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge