კომოს ტბაზე: ბელაჯიო

არ მოვიტყუები: ბელაჯიოს შესახებ პირველად ფილმიდან შევიტყვე.

ოუშენის 11 მეგობარი ხომ გინახავთ? სავარაუდოდ კი – 2001 წელს გადაღებული ეს ფილმი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ავტორებმა მოგვიანებით კიდევ ორი ნაწილი მიუმატეს და ოუშენის მეგობართა რაოდენობაც ჯერ 12-მდე, შემდეგ კი 13-მდე გაიზარდა.

პირველ ნაწილში განვითარებულ ისტორიას მაინც შეგახსენებთ: ჯორჯ ქლუნი, ბრედ პიტი და მათი სამეგობრო ლას ვეგასის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ცნობილ და პოპულარულ კაზინოს ძარცვავს, რომელსაც ჰოლივუდის კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ენდი გარსია მართავს. იმასაც დავძენ, რომ ამ უკანასკნელის მეუღლეს პირმშვენიერი ჯულია რობერტსი თამაშობს, ვინც, როგორც ფილმიდან ირკვევა, მანამდე ქლუნის გულისსწორი ყოფილა, მერე კი ვაჟკაცის საქმეები დაღმა წასულა და ბედის ორომტრიალით რობერტსიც გარსიასთან აღმოჩენილა.

ნამეტანი კი ჩავხლართე, მაგრამ იმედია გაგახსენდათ. ჰოდა ენდი გარსიას იმ კაზინოს სწორედ ბელაჯიო ეწოდება. მთელი ფილმი ბელაჯიოს ულამაზეს შენობაში და შენობასთანაა გადაღებული.

თუმცა ბელაჯიო მხოლოდ კაზინოთი არაა პოპულარული: აზარტის მოყვარულებზე უფრო მეტ ტურისტს ბელაჯიოს შადრევანი იზიდავს, რომელიც სტუმრებს ყოველ საღამოს ულამაზეს სანახაობას სთავაზობს. ოუშენის 11 მეგობრის უკანასკნელი სცენაც იმ შადრევნის წინაა გადაღებული. თუ ფილმი გინახავთ, ის კადრებიც უეჭველი გემახსოვრებათ – ძალიან ლამაზია და ამიტომ.

მაგრამ თავი დავანებოთ ლას ვეგასის ბელაჯიოს და მის შადრევანს. ამჯერად კომოს ტბის ერთ-ერთ ულამაზეს და კოხტა ქალაქზე, ბელაჯიოზე გეტყვით ორიოდ სიტყვას.

ვარენაში მოგზაურობის შესახებ თუ წაიკითხეთ, ისიც გემახსოვრებათ, რომ მეგობრებთან ერთად ერთი დღე დავყავი ამ ზღაპრულ ტბაზე და 3 ქალაქი მოვინახულე – ვარენა, ბელაჯიო და მენაჯიო.

ბელაჯიო ტბის ჩრდილოეთ ნაპირზეა, ვარენადან გემით მივედი და ისიც ზუსტად იგივე ეპითეტებს (თუ მეტს არა) იმსახურებს, რაც ვარენას მივუძღვენი: უ-ლამაზესი, უ-მშვენიერესი, უ-კოხტავესი, უ-ნატიფესი, უ-მიმზიდველესი!

ათასფერი, პატარა და ლამაზი სასტუმროებით, ყვავილებში ჩაფლული კაფეებით, ანტონიო მელას და სერბელონის მშვენიერი აღმართებით, საკმაულების უძვირფასესი მაღაზიებით, ქვებით მოკირწყლული ქუჩებით, გადამწვანებული რამდენიმე ვილით და კიდევ უამრავი ღირსებით შემკული ბელაჯიო ყველას გულს იოლად იგებს.

ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა გრანდ ოტელ სერბელონია, რომელიც XIX საუკუნეში გრაფ ფრიძონის საზაფხულო რეზიდენცია გახლდათ. ვინ იყო ეს ფრიძონი, მაგას აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ იმას კი მიხვდებით, რომ ბელაჯიო, ისევე, როგორც კომოს ტბის ლამის ყველა სანაპირო დასახლება, საუკუნეების წინ დიდგვაროვნებს ეკუთვნოდათ და თითოეული მათგანი ყველანაირად ცდილობდა მისი სახლი, ვილა და ეზო-კარი თავისებურად გამორჩეული, ლამაზი და თვალწარმტაცი ყოფილიყო.

და რადგან წარსულიდან გამოვიხმე პატივცემული ფრიძონი, იმასაც გეტყვით, რომ მარკ ტვენის ერთ-ერთი მოთხრობის მონაკვეთი სწორედ ბელაჯიოში თამაშდება, გუსტავ ფლობერი კი თვლიდა, რომ აქ, კომოს ტბის ამ ლამაზ ქალაქში სიკვდილი ტრაგედია კი არა, მხოლოდ ნეტარება იქნებოდა.

უცნაური ხალხია ეს მწერლები. პირი ქვისკენ მიქნია და ბელაჯიოში სეირნობისას აღსასრულზე რატომ უნდა იფიქრო? ისეირნე, ხედებით დატკბი, ჩიტების ჭიკჭიკით მოიხიბლე, უგემრიელესი ყავა მიირთვი, ნაყინით გაგრილდი…

გარშემო ხომ ყველა პირობაა სიამოვნებისთვის! თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ იმავე ვარენასთან შედარებით, ბელაჯიოში ყველაფერი, თუნდაც ყავა, მცირედით, მაგრამ მაინც ძვირია. გასაგებია რატომაც.

კიდევ რითაა ბელაჯიო ცნობილი? სახელოვანი იტალიელი ნიჩბოსნებით (არაერთს მსოფლიო ჩემპიონატიც მოუგია), მთების კალთებზე გაკვალული სარბენი ბილიკებით, საიდანაც ტბის მომაჯადოებელი ხედები იშლება და… ჯისალოს ღვთისმშობლით (მადონა დელ ჯისალო), ვინც ველომრბოლთა მფარველად ითვლება.

ბელაჯიოს თავზე, მთის წვერზე აგებულ იმ პატარა სამლოცველოს ველოსპორტის უამრავი მოყვარული სტუმრობს და ლამის რიტუალად ქცეულ 4-კილომეტრიან ველოგარბენსაც იწყებს ბელაჯიოს შუაგულიდან 500 მეტრის ზევით, ტაძრამდე. იქ კი, სულის განწმენდის გარდა, ველოსპორტისადმი მიძღვნილი მუზეუმის მონახულებაც შეიძლება, რომელიც 2000 წელს საზეიმოდ გაიხსნა.

ბელაჯიოზე წერა ფილმით დავიწყე და ფილმითვე დავასრულებ: ოუშენამდე ოთხი ათეული წლით ადრე ლუკინო ვისკონტიმ სწორედ ამ პატარა ქალაქში გადაიღო „როკო და მისი ძმები“, უფრო სწორად ამ გემრიელი ფილმის ერთი სცენა. და დღეს მხოლოდ ასე თუ ვნახავთ, როგორი იყო ბელაჯიოს ერთ-ერთი პოპულარული სასტუმრო გრან ბრეტანი, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს…

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბელაჯიო, კომოს ტბა, იტალია; 2019 წლის 1 ოქტომბერი

ka_GEGeorgian