გოლფი: საქართველოს ქალთა პირველი ჩემპიონატი დასრულდა
გოლფის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში ქალთა შორის საქართველოს პირველი ღია ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებას Tbilisi Hills Golf & Residences-მა უმასპინძლა. ჩემპიონატში 15 გოლფერი მონაწილეობდა.
საქართველოს I ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ესტონელი მიინა პოჰი გახდა. II ადგილზე სოფო ბრეგვაძე გავიდა, ხოლო III ადგილი მაია შაშიაშვილმა დაიკავა. გამარჯვებული და პრიზიორები გოლფის ფედერაციისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა დააჯილდოეს.
საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით წელს რამდენიმე ტურნირი ჩატარდა. 18-19 მაისს მამაკაცთა შორის საქართველოს I ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. ისტორიული შეჯიბრის გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა.
გამოვლინდა საუკეთესო ოთხეულიც: სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ჟან-პატრიკ ვოისინი აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებენ. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება.
წლის ბოლომდე უკვე დაგეგმილია კიდევ ერთი ტურნირის ჩატარება. გოლფის ფედერაციისა და სპორტული ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, 17-19 ოქტომბერს თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი Taste and Play ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მოყვარული გოლფერები მიიღებენ. მონაწილეთა რეგისტრაცია სექტემბერში დასრულდება.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 ივლისი)