საქართველო Vs გერმანია: გერმანელების პირველი სტუმრობა

29 მარტს გერმანიის ნაკრები მესამედ ითამაშებს თბილისში.
მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი საქართველოს დედაქალაქს პირველად 1979 წლის ნოემბერში ესტუმრა – საბჭოთა კავშირის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა.
1995 წელს გერმანია მეორედ ჩამოვიდა თბილისში – ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ერთ-ერთ მეტოქედ ერგო.
დღეს გერმანელთა პირველ თბილისურ მატჩს გავიხსენებთ.

ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის შესარჩევი სსრკ ნაკრებმა ჩააფლავა, მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა კი მოსკოვის ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი გუნდის შენება დაიწყო.

ახალ გუნდს ქმნიდნენ დასავლეთგერმანელებიც. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატზე უსახური თამაშის შემდეგ ლეგენდარული მწვრთნელი ჰელმუტ შიონი გუნდიდან წავიდა, მისმა შემცვლელმა იუპ დერვალმა კი ნაკრების გადახალისება დაიწყო: გუნდში გამოჩნდნენ 21 წლის კარლ-ჰაინც ფიორსტერი, 19 წლის ბერნდ შუსტერი, კაიზერსლაუტერნის 24 წლის მცველმა ჰანს-პეტერ ბრიგელმა კი ნაკრებში პირველად სწორედ თბილისში ითამაშა.

რაც შეეხება გუნდის ლიდერებს, ასეთებად მიუნხენის ბაიერნის კაპიტანი კარლ-ჰაინც რუმენიგე და იმხანად ევროპის საუკეთესო მარჯვენა მცველი, ჰამბურგის ვარსკვლავი მანფრედ კალცი ითვლებოდნენ.

1979 წლის 21 ნოემბრის თამაში გერმანელთა შეტევებით დაიწყო, განსაკუთრებით კალცი და რუმენიგე აქტიურობდნენ. ეს უკანასკნელი მარჯვენა ფლანგიდან უტევდა და ორი გოლიც შეაგდო ოთარ გაბელიას კარში. თბილისის დინამოს მეკარემ იმ დღეს პირველად და უკანასკნელად ითამაშა ნაკრებში. მიუნხენელთა ტანმაღალმა ლიდერმა დუბლის გარდა საგოლე პასიც მიითვალა.

ბუნდესნაკრებმა 3:1 მოიგო, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი იუპ დერვალმა მეტოქე გუნდის 4 ფეხბურთელი გამოარჩია: ვაგიზ ხიდიატულინი, ხორენ ოგანესიანი, ვლადიმერ გუცაევი და ვიტალი დარასელია. ამ უკანასკნელმა ერთხელ ნიგბურის კარის ძელიც შეაზანზარა.

ერთი წლის შემდეგ გფრ-ის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, კარლ-ჰაინც რუმენიგე კი ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთით“ და ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით დაჯილდოვდა.

1979 წლის ნოემბერში საქართველოს გფრ-ის ახალგაზრდული ნაკრებიც ესტუმრა, რომლის შემადგენლობაში გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც ირიცხებოდა.

21 ნოემბერი, 1979. ამხანაგური. თბილისი, ..ლენინის სახელობის დინამოს სტადიონი. 75 000
სსრკ 1:3 გფრ
გოლები: 0:1 კარლ-ჰაინც რუმენიგე (34), 0:2 კარლ-ჰაინც რუმენიგე (62), 0:3 კლაუს ფიშერი (66), 1:3 ალექსანდრ მახოვიკოვი (83)
სსრკ: ოთარ გაბელია, ოლეგ როდინი, ალექსანდრ მირზოიანი, ვიქტორ სამოხინი, ალექსანდრ მახოვიკოვი (კაპ), ვაგიზ ხიდიატულინი (სერგეი შავლო 68), ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, ხორენ ოგანესიანი, იური გავრილოვი, სერგეი ანდრეევი
მწვრთნელი: კონსტანტინ ბესკოვი
გფრ: ნორბერტ ნიგბური, მანფრედ კალცი (მირკო ვოტავა 74), ბერნდ კულმანი, კარლ-ჰაინც ფიორსტერი, ბერნარდ დიცი (კაპ) (ჰერბერტ ციმერმანი 74), ჰანს-პეტერ ბრიგელი, ბერნდ შუსტერი (ბერნდ ფიორსტერი 46), ჰანსი მიულერი, კლაუს ფიშერი, ჰარალდ ნიკელი, კარლ-ჰაინც რუმენიგე
მწვრთნელი: იუპ დერვალი
მსაჯი: მარტი ჰირვინიენი (ფინეთი)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 27 მარტი)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian