ირვინ მეჯიქ ჯონსონი: დევიდ შტერნი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო!

ნიუ იორკში NBA-ის კომისიონერის დევიდ შტერნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა, რომელსაც არაერთი ლეგენდარული კალათბურთელი, მწვრთნელი და სხვადასხვა კლუბის პრეზიდენტები დაესწრნენ.

შტერნი NBA-ის 1984 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მართავდა, ბოლო ხანებში კი მძიმედ ავადმყოფობდა. ის 1 იანვარს გარდაიცვალა.

მისმა ვაჟებმა, კოლეგებმა და სხვადასხვა თაობის მოთამაშეებმა არაერთი საინტერესო ამბავი გაიხსენეს, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოთამაშემ, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარულმა კალათბურთელმა ირვინ მეჯიქ ჯონსონმა კი თქვა:

„ღმერთი ყველას გვიგზავნის მფარველ ანგელოზს, უბრალოდ, მათ ჩვეულებრივი ადამიანების სახე აქვთ და დიდი დრო გვჭირდება რომ მივხვდეთ, თუ ვინ დგას ჩვენ გვერდით. დევიდი ჩემთვის სწორედ ასეთი ადამიანი იყო!
90-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ რაც, შიდსი დამიდგინეს, ბევრმა ზურგი მაქცია. ასეთთა შორის ძალიან ახლობლებიც იყვნენ.
დევიდი კი მხარში ამომიდგა და მაიძულა ბოლომდე მებრძოლა. აი, დღეს აქ ვდგავარ და იმ რთულ წუთებს ვიხსენებ. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი.
მადლობა მას ყველა სიკეთისთვის! ის ჩემი მფარველი ანგელოზი იყო“!

დევიდ შტერნი NBA-ის საბჭოს 1978 წელს შეუერთდა, 1980 წელს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 1984 წელს კი მმართველი, ანუ კომისიონერი. ამ თანამდებობაზე 30 წლის მანძილზე, 2014 წლის ჩათვლით მოღვაწეობდა.

შტერნის გამოჩენის დროს, 80-იან წლებში, კალათბურთი სატელევიზიო რეპორტაჟებით და კომერციული კონტრაქტებით ძალიან ჩამორჩებოდა ბეიზბოლს და ამერიკულ ფეხბურთს, მაგრამ ახალი ხელმძღვანელის და მისი გუნდის 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ NBA ყველაზე პოპულარულ სპორტულ ლიგად იქცა.

დევიდ შტერნის ხელში NBA-ის მონაწილე კლუბების რაოდენობა 23-დან 30-მდე გაიზარდა, ლიგას 2 კანადური გუნდი დაემატა, სატელევიზიო უფლებები კი დღეს 180-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ასოციაციის ფინანსურ მხარეზე ერთი ფაქტიც საკმარისია – NBA საშუალო ანაზღაურებით ამერიკის 5 სპორტულ პროფესიულ ლიგას შორის მოწინავეა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 22 იანვარი)

ka_GEGeorgian