ქართველი ასიანის მოლოდინში

11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და ამ შეხვედრით ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს დაასრულებს.
თუ ბერძნებთან ლევან კობიაშვილმა ითამაშა (მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მას უკვე უხმო შეკრებაზე), ეს მისთვის საიუბილეო, მე-100 სანაკრებო მატჩი იქნება!
და ის გახდება პირველი, ვინც საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას მეასედ დაიცავს!
უეფას ფრანგი პრეზიდენტის მიშელ პლატინის ინიციატივით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სექტემბრიდან სიმბოლური კეპით და მედლით აჯილდოვებს ასიანთა კლუბის წევრებს.
„ეროვნულ გუნდში ჩატარებული 100 და მეტი მატჩი ნამდვილად იმსახურებს სპეციალური პრიზით აღნიშვნას. დიდებულია, როცა წლების მანძილზე ემსახურები სამშობლოს! აქამდე ეს მიღწევა არ ფასდებოდა და დროა, უნებლიე შეცდომა გამოვასწოროთ“, – განაცხადა პლატინიმ ამ მოვლენისადმი მიძღვნილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
უეფას ჯილდოს, ნაკრებში მე-100 თამაშის შემთხვევაში, ლევან კობიაშვილიც მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ სექტემბერში უეფამ 18 მოთამაშე უკვე დააჯილდოვა. კეპი და მედლები გადაეცათ ავსტრიელ ანდრეას ჰერცოგს; ესტონელებს – მარტინ რეიმს, მარკო კრისტალს, მარტ პოომს, ანდერს ოპერს, კრისტენ ვიიკმაეს, რაიო პიიროიას და ინდრეკ ზელინსკის; სემი ჰიიპიას და ჯონატან იოჰანსონს (ფინეთი), ისლანდიელ რუნარ კრისტინსონს, პოლონელ მიხალ ჟევლაკოვს, რუმინელებს – დორინელ მუნტეანუს, გეორგე ჰაჯის, გეორგე პოპესკუს და ლადისლაუ ბოლონის; ჩრდილოირლანდიელ პატ ჯენინგს და უნგრეთის ნაკრების ვეტერანის, აწ გარდაცვლილი იოზეფ ბოჟიკის ვაჟს.

ოსლოში დაწყებული ისტორია
1996 წლის ზაფხულში თბილისის დინამომ წარმატებით დაძლია უეფას თასის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი: ივლისში ლუქსემბურგის გრევენმახერი გაანადგურა, აგვისტოში კი ნორვეგიის მიოლდეს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

ერთი წლით ადრე, ბულგარეთის ბოტევთან მიღებული წითელი ბარათის გამო ლევან კობიაშვილს ლუქსემბურგელებთან არ უთამაშია, მიოლდეს წინააღმდეგ კი ორივე შეხვედრაში შეუცვლელი და, ამავდროულად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო – საიმედოდ თამაშობდა დაცვაში და კარგად ერთვებოდა შეტევებში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ კობიაშვილს სწორედ მიოლდესთან მატჩების შემდეგ უხმო. გუნდი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადებოდა, ოფიციალურ თამაშებამდე კი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მასპინძლებთან საკონტროლო თამაში დაიგეგმა. ჩივაძემ დინამოს მაშინდელი თავკაცის და ძველი მეგობრის დავით ყიფიანის სიტყვებიც გაითვალისწინა, რომელმაც ლევან კობიაშვილს ერთ-ერთ ინტერვიუში ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი და თაობის გამორჩეული მოთამაშე უწოდა.

1 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ოსლოში ნორვეგიასთან 0:1 დამარცხდა. ახალწვეულმა ეროვნულის მაისური პირველად იმ დღეს მოირგო: შეუცვლელად ითამაშა.

მას შემდეგ ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია – აქამდე ჩატარებული 99 შეხვედრიდან ყველა ძირითადში დაიწყო!

2001 წლის 6 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ლევანმა პირველი გოლი გაიტანა ნაკრებში: მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაში უნგრელებმა 4:1 მოიგეს, სტუმართა ერთადერთი გოლი კი მან შეაგდო.

მის სანაკრებო კარიერაში ასევე გამორჩეულია 2006 წლის 2 მარტი: ლა ვალეტაში, მალტას წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, პირველად გაიყვანა გუნდი კაპიტნის სამკლაურით. კუნძულელებთან თამაში მისთვის საიუბილეო, მე-60 იყო ქვეყნის პირველ გუნდში, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი კლაუს ტოპმიოლერი პირველად წვრთნიდა.

იმავე წლის 11 ნოემბერს ლევანმა პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ შეძლო ერთ შეხვედრაში 2 გოლის გატანა – მისი დუბლით საქართველომ ურუგვაი თბილისში, ამხანაგურ მატჩში 2:0 დაამარცხა.

მისი 99 სანაკრებო მატჩიდან 32 მსოფლიოს, ხოლო 28 ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირების თამაშებია. ორივე შედეგით ბერლინის ჰერტას მცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია!

ამავდროულად, ლევან კობიაშვილი მსოფლიოს 1998, 2002, 2006 და 2010 და ევროპის 2000, 2004, 2008 და 2012 წლების ჩემპიონატის შესარჩევების მონაწილეა. ამ მხრივ ის რეკორდის თანამფლობელია კახა კალაძესთან ერთად.

ფიფას ასიანთა კლუბი
პირველი, რომელმაც ნაკრებში 100-ჯერ იასპარეზა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მოთამაშე ბილი რაიტი გახლდათ. მან ამ ნიშნულს 1959 წლის 11 აპრილს ლონდონში, უემბლიზე შოტლანდიელთა წინააღმდეგ უწია – ბრიტანეთის ჩემპიონატის მატჩში ინგლისელებმა სქოთებს 1:0 სძლიეს.

ბილი რაიტის მიღწევა – 105 მატჩი ნაკრებში – 1970 წლამდე სარეკორდო იყო, შემდეგ კი ის ინგლისური ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ ბობი ჩარლტონმა გააუმჯობესა…

დღეს ასიანთა კლუბის სათავეში საუდის არაბეთის ნაკრების ყოფილი მეკარე მოჰამედ ალ დეაეაა – 2006 წლის 11 მაისს, ბელგიის წინააღმდეგ მან 181-ედ და უკანასკნელად ითამაშა ნაკრებში!

წლების მანძილზე ასიანთა კლუბის სია მხოლოდ ეროვნული საფეხბურთო ასოციაციების თუ ფედერაციების მასალებით დგინდებოდა, თუმცა იმის გამო, რომ არაერთი მოთამაშის მონაცემი ფიფას სტატისტიკას არ ემთხვეოდა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ თავად გადაწყვიტა ასიანთა კლუბის წევრთა დადგენა.

90-იანი წლების დასაწყისში, ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (ფისსფ) უშუალო მონაწილეობით, ფიფამ ასიანთა სია დაადგინა და წევრთა მონაცემები შეაჯერა. წლების შემდეგ კლუბმა რამდენიმე ცვლილება განიცადა, რადგან ორჯერ შეიცვალა სანაკრებო მატჩების დათვლის წესი.

დღესდღეობით სათვალავში მიიღება მხოლოდ ეროვნულ ნაკრებთა შორის ჩატარებული ამხანაგური და ოფიციალური თამაშები, ასევე ოლიმპიურ ნაკრებთა მატჩები ლონდონის 1948 წლის ოლიმპიადის რამდენიმე საკვალიფიკაციო შეხვედრის ჩათვლით.

იმის გამო, რომ ფიფამ 1952 წლის და შემდგომ ოლიმპიადებზე ჩატარებულ მატჩებს ეროვნულის სტატუსი მოუხსნა და ამავდროულად, სათვალავიდან ამოიღო მსოფლიოს და ევროპის სიმბოლურ ნაკრებთა წინააღმდეგ გამართული თამაშები, რამდენიმე ფეხბურთელს მონაგარი შეუმცირდა და ასიანთა კლუბს მიღმა აღმოჩნდა. ასეთთა შორის სახელგანთქმული ფეხბურთელებიც არიან: პოლონელები კაზიმიერჟ დეინა და გრჟეგოჟ ლიატო, დანიელი მორტენ ოლსენი, ბულგარელი ბორისლავ მიხაილოვი…

ევროპელთა შორის რეკორდსმენი ლატვიის ნაკრების ექს-კაპიტანი ვიტალის ასტაფიევსია: 2010 წლის 17 ნოემბერს, ჩინეთთან 167-ედ იასპარეზა ნაკრებში და კარიერაც დაასრულა.

უეფამ ასიანთა კლუბის წევრები ფიფას მონაცემების მიხედვით დაადგინა. საგულისხმოა, რომ ამ სიმბოლურ კლუბში ყველაზე მეტი, 9 წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებს შორის მსოფლიოს და კონტინენტის სამგზის ჩემპიონ გერმანიას ჰყავს: ლოთარ მათეუსი, მიროსლავ კლოზე, იურგენ კლინსმანი, იურგენ კოლერი, ფრანც ბეკენბაუერი, იოახიმ შტრაიხი, თომას ჰესლერი, ულფ კირსტენი და ჰანს-იურგენ დიორნერი.

უეფას 53 წევრი ქვეყნიდან ასიანთა კლუბში დღეს 36-ია წარმოდგენილი.

იმედია წლის ბოლომდე მათ საქართველოც დაემატება.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის ოქტომბერი)

ka_GEGeorgian