ოთხი დიდი წერტილი

ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება.

ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძე და მიხვდი, რომ აღარც მომქანცველი ვარჯიშები გელის, არც შეკრებაზე გამგზავრება გიწევს და აწი სტადიონსაც მხოლოდ მაყურებლის სტატუსით თუ ესტუმრები.

მორჩა: ფეხბურთელი აღარ ხარ.

საქმეს, რომელსაც წლები შეალიე, ჩამოშორდი.

გზა, რომელსაც ათლწეულების წინ დაადექი, გალიე.

რა თქმა უნდა იცოდი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. კარგი ისაა, რომ როცა პირველად გააგორე ბურთი, არავინ გიცნობდა, დღეს კი ფეხბურთს გამოეთხოვე და მილიონობით გულშემატკივარს დაწყვიტე გული.

შენ ფაბიო კანავარო ხარ, იტალიის ნაკრების ექსკაპიტანი, მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის წლის ფეხბურთელი და უთვალავი ტიტული იქით იყოს, უბრალოდ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი!

სკუადრა აძურას ისტორიას არაერთი დიდებული მცველი ახსოვს: ჯაჩინტო ფაკეტი, გაეტანო შირეა, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი… დღეს მათი გზის გამგრძელებლად გასახელებენ, ხალხი კი შენ მემკვიდრეს ელის. ეს რასაც ნიშნავს, ნამდვილად არ გესწავლება.

შენი კარიერა მშობლიურ ნეაპოლში დაიწყო. გახსოვს, რა ბედნიერი იყავი, როცა ნაპოლის მაისურით მოთამაშე არგენტინელ ჯადოქარს ბურთს აწვდიდი? ვიცით, ვიცით… ასეთ დღეები, აბა, ვის ავიწყდება!

არც 2006 წლის 9 ივლისი დაგავიწყდება: იმ დღეს გუნდი ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე გაიყვანე და ფიფას ოქროს თასიც აღმართე! 1986 წელს, როცა შენი კერპი დიეგო მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 15 წლის იყავი და გვჯერა, შენც იგივეზე ოცნებობდი. აბა, შენხელა ბიჭს სხვა რა უნდა ეფიქრა?!

ასეთი პატივი ერთეულების ხვედრია და კაცმა რომ თქვას, განა ბევრი იყო შენნაირი?

სამწუხარო კი, იცი რა არის? ამ ზაფხულს ედვინ ვან დერ სარმაც შენსავით დაასრულა კარიერა. მის წინააღმდეგ უამრავჯერ გითამაშია, თანაგუნდელებიც არაერთხელ გაგიყვანიათ მინდორზე…

ნიდერლანდელიც შენსავით დიდი იყო და ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. კაცი რომ 35 წლისა გადახვალ ინგლისის საუკეთესო კლუბში და ამას თავი დავანებოთ, უამრავ ტიტულს მოიგებ და საოცარ რეკორდებს დაამყარებ, დიდი ხარ, აბა ვინ ხარ?

გავიხსენოთ?

ვან დერ სარი უხუცესია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია!

ყველაზე ასაკოვანია, ინგლისის პრემიერლიგა რომ მოუგია!

პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 50-ზე მეტ მატჩში არ გაუშვა გოლი!

და რაც ყველაზე საოცარია, 38 წლისამ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა – ზედიზედ 1311 წუთის განმავლობაში შეინახა კარი მშრალად!

სიმბოლურია, რომ შენნაირ დიდ მცველთან ერთად, ფაბიო, ფეხბურთს დიდი მეკარეც ეთხოვება!

და დიდი ნახევარმცველიც: კლოდ მაკელელემ თქვენთან ერთად გადაწყვიტა კარიერის დასრულება.

მან ბოლო წლები პარი სენ-ჟერმენში გაატარა, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქში მისი თამაში პატრიარქის შემოდგომას უფრო ჰგავდა: როცა ბრწყინავდა, მადრიდის რეალის სული და გული იყო, სამეფო კლუბის პრეზიდენტისგან ათვალწუნებულმა კი ჩელსის მაისური მოირგო და აბა, იქ ითამაშა თუ ითამაშა!

მას შემდეგ, რაც კლოდმა სამეფო კლუბი დატოვა, ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, რეალის და ნაკრების კაპიტანმა ფერნანდო იერომ თქვა: მაკელელეს მნიშვნელობას მხოლოდ თანაგუნდელები და დელ ბოსკე ხვდებოდნენ და სამწუხაროა, რომ მისი ფასი პრეზიდენტისთვის გაუგებარი დარჩაო.

და განა მარტო იერო იყო, ვინც მაკელელეს მადრიდიდან წასვლას შეეწინააღმდეგა? გახსოვს, რა თქვა ზიდანმა? რა აზრი აქვს როლს-როისის ოქროთი ხელახლა მოვარაყებას, თუ ძრავას ამოვაცლითო…

მაკელელე რეალიდან 2003 წლის ზაფხულში წავიდა და მას შემდეგ მადრიდელებმა პირველი ტიტული მხოლოდ 4 წლის შემდეგ მოიგეს. 4 წელი ტიტულის გარეშე – სამეფო კლუბისთვის ეს ძალიან დიდი დროა!

და სანამ რეალი ბარსელონის ჩრდილში გონს მოდიოდა, ფუტკარივით მუშა ფრანგი მოურინიუს ჩელსისთვის იხარჯებოდა და საფეხბურთო გაკვეთილებს ატარებდა.

მაკელელეს პრემიერლიგური წლები იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ იქ, ნისლიან ალბიონზე კვლავ აქტუალურია ტერმინი „მაკელელეს როლი“. ეს იმის დასტურად, რომ თქვენსავით გენიოსები ერთეულები არიან…

ვან დერ სარი, შენ, მაკელელე…

მეკარე, მცველი, ნახევარმცველი…

წრე პოლ სქოულზმა შეკრა – ის არასდროს ყოფილა გამოკვეთილი ფორვარდი, მაგრამ ერთადერთი კლუბის, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიას ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსით შემორჩება: 676 ოფიციალური მატჩი და 150 გოლი!

წითური ინგლისელი პრემიერლიგის 10-გზის ჩემპიონია, სულ კი 24 ტიტული მოუგია, მაგრამ ამაზე ფასეული მაინც ლეგენდარული მისტერ იუნაიტედის – სერ ბობი ჩარლტონის სიტყვები მგონია: ჩემთვის პოლ სქოულზი იმ ყველაფერ საუკეთესოს გამოხატულებაა, რაც კი ფეხბურთში არსებობს!

დღეს, როცა ნიჭიერი ბიჭები ცდუნებას ვერ უძლებენ და უკეთესი გასამრჯელოს ძიებაში კლუბს კლუბზე იცვლიან, სანთლით საძებარია სქოულზის დარი ერთგულიები: 17 წლის იყო, პირველად რომ ითამაშა ალისფერი ეშმაკუნების მაისურით და 36 წლამდე დაიხარჯა მშობლიური კლუბისთვის!

თუ კაცმა იცი რა გსურს და შენ ადგილსაც ზუსტად ხვდები, ეს უკვე ძალიან კარგია. და არანაკლებ დასაფასებელია, როცა წასვლის დროც არ გეშლება.

შენ 37 წლისამ გადაწყვიტე ფეხბურთიდან წასვლა.

ვან დერ სარი ორმოცისა გამოეთხოვა ფეხბურთს.

მაკელელემ 38 წლის ასაკში დაასრულა კარიერა.

სქოულზმა 36 წლისამ დასვა წერტილი.

ოთხივემ უამრავი მინდვრები გადასერეთ, გამარჯვებაც იზეიმეთ და იმედგაცრუებაც გამოსცადეთ, თასებიც უამრავჯერ აღმართეთ და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი იარეთ, ჩვენ, თქვენს გულშემატკივრებს ფეხბურთიდან წასვლით მაინც გული დაგვწყვიტეთ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და ეს ამბავი ამ ზაფხულს მოხდებოდა თუ რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვეწყინებოდა.

როცა ამხელა სიყვარულია, სხვანაირად არ გმოდის.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 25-31 ივლისი)

ka_GEGeorgian