კარიერა ფრაზებში #50: არნოლდ შვარცნეგერი
I’ll be back!
ეს ფრაზა სუპერპოპულარული ტერმინატორიდან 90-იანი წლების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
XX საუკუნის ბოლო ათწლეულმა უამრავი ცვლილება დაიტია, მათ შორის გამორჩეული კი ისეთი ფილმების მოზღვავება იყო, დღეს უცნაურად რომ მოგეჩვენებათ და საბჭოთა კავშირის დაშლამდე აკრძალული რომ გახლდათ.
ზემოხსენებული ლეგენდარული ფრაზის მთქმელი, მკვლელი ადამიანი-რობოტის როლის შემსრულებელი არნოლდ შვარცნეგერი ჩვენში ჯერ კომანდოში შესრულებული როლით გაიცნეს, შემდეგ კი იყო ტერმინატორის რამდენიმე სერია, რამაც მსახიობი 90-იანი წლების თინეიჯერების კერპად აქცია.
იმ ბიჭებიდან, ვის საძინებელსაც შვარცნეგერის პლაკატები ამშვენებდა, ცოტამ თუ იცოდა, რომ ჰოლივუდის ბლოკბასტერებში გამოჩენამდე ეს დაკუნთული ავსტრიელი ძალიან წარმატებული ბოდიბილდერი გახლდათ. თუმცა, კაცმა რომ თქვას, იმ წლების საქართველოში ბევრს არც ბოდიბილდინგზე სმენოდა რამე.
1947 წლის 30 ივლისს, პატარა ავსტრიულ სოფელ თალში გუსტავ და აურელია შვარცნეგერების ოჯახში დაბადებული არნოლდი ჯერ სამაგალითო სპორტსმენი, შემდეგ პოპულარული მსახიობი, მოგვიანებით კი წარმატებული პოლიტიკოსი გახდა.
სპორტული კარიერის გარიჟრაჟზე, 1967 წელს, მან ახალგაზრდებში მოიგო „მისტერ სამყაროს“ ტიტული, 1968-70 წლებში ზედიზედ 3-ჯერ გახდა ამავე წოდების ლაურეატი, თუმცა უკვე პროფესიონალთა შორის, 1970-75 და 1980 წლებში კი სპორტის ამ სახეობის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა და „მისტერ ოლიმპიას“ 7 ტიტულით ბოდიბილდინგის უკვდავ ლეგენდად იქცა.
სუპერათლეტის, მსახიობის და პოლიტიკოსის კარიერას სხვადასხვა დროს პოპულარულ გამოცემებში გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.
…13 წლის ვიყავი ბოდიბილდინგით რომ დავინტერესდი. ტბისპირა სოფელში ვიზრდებოდი და თითქმის ყოველ დღე ვხედავდი კაცებს, რომლებიც სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობდნენ. 15 წლისამ სპორტდარბაზს მივაკითხე – იმ დროს მხოლოდ ვარჯიში კი არა, დაკუნთული სხეული მსურდა.
…ჩემი ოთახის კედლებზე საუკეთესო ათლეტების პლაკატები იყო გაკრული. ყველაზე ძალიან ინგლისელი რეგ პარკი მომწონდა. და მხოლოდ იმიტომ არა, რომ გამორჩეული იყო. მის შესახებ ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკაში წავიდა და ჰერკულესის როლი შეასრულა. ამ ისტორიამ ძალიან მომხიბლა, მეც იგივე გზის გავლა მომინდა!
…წარმატებული ბოდიბილდერი და მით უმეტეს, ჰოლივუდის ვარსკვლავი ავსტრიელი არასდროს ყოფილა. ჰოდა მეც პირველობაზე დავფიქრდი. 20 წლისამ, ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში, ლონდონში ზუსტად იმ სცენაზე მოვიგე „მისტერ სამყაროს“ ტიტული, სადაც რამდენიმე წლით ადრე ჩემი კერპი იდგა.
…ხშირად უთქვამთ, რომ სპორტდარბაზში გამოკეტილი გიჟი ვარ, გადარეული… რომ უაზროდ ვკარგავ დროს… ასეთებს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას. მქონდა მიზანი და მორჩა, სხვა არაფერი მაინტერესებდა! კარგა ხნის წინ ნელსონ მანდელამ თქვა, რომ ადამიანს ყველაფერი წარმოუდგენლად ეჩვენება, სანამ ვინმე ამას არ გააკეთებს. ჩინებული სიტყვებია! მეც ასე ვუყურებდი მიზნებს – ვიცოდი, რომ წარმოუდგენელი მალე ხელშესახები გახდებოდა.
…ერთია, როცა ათლეტიზმი გხიბლავს და მეორე – როცა წარმატებული ბოდიბილდერობა გსურს. ტიტულები ადვილად არ მოდის, ბევრი შრომაა საჭირო. მე კი არასდროს მეზარებოდა ვარჯიში. სხვათა შორის, ხანგრძლივი და მომქანცველი წვრთნები სწავლაში ხელს არ მიშლიდა.
…რა მიადვილებდა ვარჯიშს? როცა დღეში 5 საათს ატარებ სპორტდარბაზში, მტკიცე ნერვები უნდა გქონდეს, სხვანაირად გზიდან გადაუხვევ. საათობით ვიდექი სარკის წინ, ჰანტელებით ხელში და წარმოვიდგენდი, რომ დიდ სცენაზე გავდივარ, ბოლოს კი „მისტერ სამყაროს“ ტიტულს მანიჭებენ! აი, ასეთი ფიქრები და ოცნებები მეხმარებოდა… მერეც ასე იყო, კინოში. მაგალითად, ბარბაროსი კონანის გადაღების დროს ლოდებზე ხტუნაობა მიწევდა და გადატყავებული მუხლებიდან სისხლი მდიოდა. როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეჟისორი ჯონ მილიუსი ეპიზოდს იწუნებდა და კვლავ კამერის წინ მიხმობდა. რა უნდა მექნა? ყველაფერს თავიდან ვიწყებდი, რადგან ვიცოდი, რომ საბოლოო შედეგი ამ შრომად ღირდა.
…ჩემი, ასე ვთქვათ „სპორტული გაკვეთილები“ კინოშიც დამეხმარა და პოლიტიკაში ხომ თავისთავად. იმთავითვე მივხვდი, რომ წარმატება იოლად არ მოდის და საამისოდ მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო; რომ პესიმისტებს არ უნდა უსმინო – მუდმივად წინ იყურო; რომ ყოველი წაბორძიკება ან დაცემა ფასდაუდებელ ცოდნას გაძლევს და ყველა შემთხვევაში წინსვლა უნდა განაგრძო.
…ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად 1968 წელს ჩავედი. გული მკარნახობდა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა – ამერიკა ხომ ყველას შანსს აძლევს. იმ დროს ჟურნალისტები ბოდიბილდერებზე არ წერდნენ, თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია შეიცვალა. მალე დოკუმენტური ფილმი გადავიღე – რკინის მოთვინიერება. ხალხმა ჩემნაირი გადარეულების შესახებ გაიგო, პრესაც დაინტერესდა და მალე ენდი უორჰოლმა სტატია გამოაქვეყნა ჟურნალ Interview-ში. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და სხვადასხვა ტელეარხზე საღამოს სატელევიზიო გადაცემების სასურველი სტუმარი გავხდი… ერთ წარმატებულ პროექტს მეორე მოჰყვა და პოპულარობამაც არ დაახანა.
…დიდებულია, როცა ხალხი გინცობს, თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს. ვარ თუ არა დღეს პოპულარული? ახლა ეს საკითხი საერთოდ არ მაღელვებს. გახსოვთ როგორ თქვა უორჰოლმა? მომავალში ყველას შეეძლება თუნდაც წუთით გახდეს ცნობილიო… მისი სიტყვები ახდა.
…პოპულარობა არასდროს ყოფილა თვითმიზანი. ვთვლიდი და ახლაც მიმაჩნია, რომ სისულელეა ამაზე ფიქრი. სამაგიეროდ, ყოველთვის მსურდა წარმატებული ვყოფილიყავი იმ საქმეში, რასაც ხელს მოვკიდებდი. ხომ გითხარით, პატარაობიდანვე მქონდა მიზნები და ზუსტად ვიცოდი როგორ მიმეღწია მათთვის. როცა იცი რა გსურს და სირთულეებიც არ გაშინებს, ყველაფერი რიგზე იქნება. პოპულარობაც არ დაიგვიანებს. ასე მოხვეჭილი სახელ-დიდება დიდხანს ძლებს, წამიერი პოპულარობა კი სწრაფად ქრება.
…ზოგი ადვილად იხვეჭს სახელს, სხვა – რთულად. ცხოვრება ზუსტად ამიტომაა საინტერესო, რომ წარმატების ერთი, იდეალური ფორმულა არ არსებობს.
…მიმაჩნია, რომ პოპულარობა მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. მახსოვს, როცა ბოდიბილდინგის წყალობით უამრავმა ადამიანმა გამიცნო და დამაფასა, ხშირად ვმონაწილეობდი საქველმოქმედო ღონისძიებებში. მაგალითად, დროგამოშვებით უნარშეზღუდულთა კონკურსების ჟიურის წევრი გახლდით. მათ უზომოდ უხაროდათ ჩემთან ყოფნა, მეც ბედნიერი ვიყავი… იმ წლებს და მომენტებს სიამოვნებით ვიხსენებ.
…მამაჩემმა არაერთხელ მცემა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, ასე ვთქვათ ნორმა. განსაკუთრებით მაშინ ვშიშობდი, თუ მამა კლასის დამრიგებელს გაესაუბრებოდა და შეიტყობდა, რომ ვცელქობდი ან ვზარმაცობდი… შვილები არასდროს მიცემია, ჩემი თაობა მათ სიზარმაცეს კატასტროფად არ აღიქვავდა და სხვა მეთოდებით ხელმძღვანელობდა.
…მიმაჩნია, რომ ბავშვებთან საუბარი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მათი დასჯა. გოგონებთან პრობლემა არასდროს მქონია – ძალიან დამჯერები იყვნენ. და პრინციპში, არც ბიჭები მაბრაზებდნენ. ყველაზე მეტად ნარკოტიკების მეშინოდა და გულახდილად გეტყვით: ჩუმ-ჩუმად ვაკონტროლებდი შვილებს. მიხარია, რომ ოჯახში ამ მხრივ ყველაფერი ჩინებულად იყო.
…ვარ თუ არა მკაცრი მამა? რაღაც გაგებით, ალბათ, კი. სანამ შვილები პატარები იყვნენ, ვთხოვდი, რომ ოთახები და სამოსი დაელაგებინათ… ზოგადად, სისუფთავე ჩემი სუსტი წერტილია – არ მომწონს ხალხი, ვინც თავს არ უვლის. ახალგაზრდობიდანვე ასე ვარ – წესრიგს მშობლებმა მიმაჩვიეს… შვილებით კი ვამაყობ – ისინი კარგი ადამიანები არიან!
…შვილების თაობა ძალიან განსხვავებულია. ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ჩვენ სხვა ინტერესები გვქონდა, მათ სხვა რამ აღელვებთ… მაგალითად, ერთ-ერთ ვაჟს ძალიან უყვარს MTV-ის შოუ, რომელშიც ძველ ავტომობილებს არემონტებენ. ერთხელ ვუყურე და გავოგნდი – სავარძლებს ლეოპარდის ტყავი გადააკრეს! წარმოგიდგენიათ? ჩვენ ავტომობილებზე ვოცნებობდით, ახლა კი ის ჩვეულებრივი ნივთია, თითქმის ყველა ატარებს… ახლა რაც უფრო განსხვავებულია, მით უკეთესია! არ მესმის რატომ უნდა მოგინდეს მანქანის სალონის ლეოპარდის ტყავით გაწყობა?! ჩემთვის ეს მიუღებელია, თუმცა შვილები სხვანაირად ფიქრობენ.
…როცა გოგონები პატარები იყვნენ, დროდადრო მათ მომავალ თაყვანისმცემლებზე ვფიქრობდი. მეგონა, რომ მათი გაცნობისას დესპოტი, სასტიკი… რა ვიცი, ნამდვილი ურჩხული ვიქნებოდი! თუმცა დადგა ეს დროც და მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით: მიხაროდა, რომ ქალიშვილები ზრდილ და კარგ ბიჭებთან მეგობრობდნენ. თუმცა ვინ იცის, შესაძლოა ისინი ასეთ როლს ირგებდნენ. ხუმრობა ხომ არაა: შეყვარებულს სტუმრობ და აღმოაჩენ, რომ თურმე მამამისი ტერმინატორია! მოდი და ამის მერე ცუდად მოიქეცი!
…ვთვლი, რომ ქალი საუკეთესოა, რაც კი მამაკაცმა ამ ცხოვრებაში შეიძლება ნახოს! და ბედნიერი ვარ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და კარგი ქალი ჩემი მეუღლე იყო.
…ჩემ წარმატებებში, სამსახიობო და პოლიტიკურ კარიერაში მეუღლემ უდიდესი როლი ითამაშა. გამიმართლა, რომ მას შევხვდი, ჩანს, იღბლიან ვარსკვლავზე დავიბადე! სხვათა შორის, ბაბუამისი წლების განმავლობაში კინოინდუსტრიაში მოღვაწეობდა და როცა მსახიობობა გადავწყვიტე, მარიამ ეს ნაბიჯი მომიწონა. რაც შეეხება პოლიტიკას, მთხოვდა თავი შემეკავებინა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვა გზა ავირჩიე, ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა. ის ძალიან ჭკვიანი ქალია და პოლიტიკაც ზედმიწევნით ზუსტად ესმის. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ დემოკრატია! (შვარცნეგერი რესპუბლიკური პარტიის წევრი გახლდათ – ლ.გ.) ოპონენტების მშვიდად და ყურადღებით მოსმენა მარიამ მასწავლა. და მინდა გითხრათ, რომ ამით არასდროს წამიგია.
…გული მწყდება, რომ ჩვენი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. რაც მოხდა ჩემი ბრალია და ეს არასდროს დამიმალავს. ვნანობ, რა თქმა უნდა. მიხარია, რომ შვილები დედას უფრო ჰგვანან. ეს ძალიან კარგია.
…წლებია სპორტს შევეშვი, თუმცა შეჯიბრის სურვილი არ გამნელებია. ხანდახან ვფიქრობ, რა მოხდებოდა ამერიკაში დავბადებულიყავი და პრეზიდენტობისთვის მებრძოლა. ალბათ, შევაბიჯებდი კიდეც თეთრ სახლში. მეორე მხრივ, რაც ახლა გამაჩნია, ყველაფერი ამერიკამ მომცა: ოჯახი, შვილები, სახელ-დიდება, მატერიალური კეთილდღეობა… ავსტრიაში დაბადებულმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღე, მაგრამ მხოლოდ ამის გამო თავს უიღბლოდ ვერ მივიჩნევ.
…ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს კანონი შეიცვლება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის სხვა ქვეყანაში დაბადებულიც იბრძოლებს. XXI საუკუნეში მსგავსი შეზღუდვა, რბილად რომ ვთქვა, ღიმილისმომგვრელია.
…სპორტის და კინოს წყალობით გამომუშავებული თანხა პოლიტიკაში ძალიან დამეხმარა. როცა კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში ვმონაწილეობდი, კამპანია საკუთარი დანაზოგით დავაფინანსე. ხალხმა დაინახა, რომ მხარდაჭერის გარდა არაფერს ვითხოვდი და მენდო. ეს ძალიან მესიამოვნა.
…გეთანხმებით, რომ შტატის გუბერნატორის თანამდებობა მიმზიდველია – ძალაუფლებას, და თან საკმაოდ შთამბეჭდავს, თავის ხიბლი აქვს. თუმცა გუბერნატორობას უდიდესი მინუსიც ახლავს – დროდადრო ცბიერ, ორპირ, ქლესა ხალხთან ურთიერთობას გავალდებულებს, ეს კი ძალიან არ მიყვარს. მეტიც, მაღიზიანებს. რომ იცოდეთ რამდენ უაზრო პრობლემას მიქმნიდნენ ასეთი ადამიანები, გუბერნატორობაზე არც იოცნებებდით. მახსოვს, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მიუნხენში ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოვედი, რამდენიმე დღეში პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს შევხვდი… დავფიქრდი და მივხვდი, რომ დროს მშვიდად ვატარებდი. გუბერნატორის სტატუსით კი ამას ნაღდად ვერ შევძლებდი, რადგან ოპონენტები მალევე დამადანაშაულებდნენ, რომ შტატს სათანადო ყურადღებას არ ვუთმობ, ვმოგზაურობ, დროს და სახელმწიფო ფინანსებს ვფლანგავ… ამიტომ ვამბობ, რომ გუბერნატორობა ბედნიერების გარანტია არაა.
…ავსტრიელი რომ ვარ, არასდროს დამვიწყნია და ეს ფაქტი დროდადრო შემახსენებდა ხოლმე თავს. მაგალითად, გუბერნატორის თანამდებობაზე მოღვაწეობისას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობდი ეკოლოგიურ პრობლემებს და ჯანდაცვის სისტემას. ეს ინტერესი ჩემი წარმომავლობითაა ნასაზრდოები. ამაში დარწმუნებული ვარ.
…მიმაჩნია, რომ ფული, გარკვეულწილად, თავისუფლებას განიჭებს. და ეს კარგია.
…პირველი მილიონი წლების წინ ვიშოვე, მაგრამ ბოლოს როდის შევამოწმე საბანკო ანგარიში, აღარ მახსოვს. ამას ორი მიზეზი აქვს: ვიცი, რომ თანხა ოჯახს დიდხანს ეყოფა და მეორე – უბრალოდ, ბანკებს ვენდობი.
…ბედნიერება საბანკო ანგარიშით არ განისაზღვრება. რაღაც მიზეზით წლების წინ 2 მილიონი ვიზარალე, თუმცა დარჩენილი 48 მილიონითაც ძალიან ბედნიერი გახლდით.
…რატომ დავბრუნდი პოლიტიკიდან კინოში? პოპულარობა რომ არ მსურდა, ამას ხომ ხვდებით. უბრალოდ, გადაღებები ახლაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. თან, პოლიტიკის მერე საოცარი თავისუფლება ვიგრძენი და მსურდა ყოველი წუთით დავმტკბარიყავი. კინოში დაბრუნებით რაიმეს დამტკიცება არ მინდოდა. უბრალოდ, სასურველი ნაბიჯი გადავდგი. ჩემ ასაკში ყოველ წუთს უნდა გაუფრთხილდე კაცი, თითოეული წამით მაქსიმალურად უნდა ისიამოვნო! კინოში ამიტომაც დავბრუნდი.
…ამერიკაში ასეთი წესია: პოლიტიკიდან წასულ პრეზიდენტს და გუბერნატორს კვლავ შესაბამისი სტატუსის აღნიშვნით უნდა მიმართო. ჩემ შემთხვევაში – ბატონო გუბერნატორო. მაგრამ თუ ასე არ ხდება, ტრაგედია არაა. მაგალითად, გადასაღებ მოედანზე ჩემთან საუბარი თუ გსურთ, „არნიც“ საკმარისია.
…საყვარელი ფილმი? სამს დავასახელებ: ტერმინატორი, ტყუპები და მართალი ტყუილი. ყველაზე ცუდად კი ჰერკულესი ნიუ იორკში მახსენდება – საშინელებაა!
…ყველაზე დიდი წარმატება ტერმინატორის პირველმა და მეორე ნაწილმა მომიტანა. არავინ ფიქრობდა ფანტასტიკა ასე პოპულარული თუ გახდებოდა – წლის ბოლოს ჟურნალმა Time ისინი საუკეთესო 10 ფილმს შორის დაასახელა! რაც შეეხება ტყუპებს, მახსოვს: დაბალი ბიუჯეტის გამო – 15 მილიონი დოლარი – მსახიობებმა ჰონორარზე უარი ვთქვით და ფილმის ეკრანებზე გამოსვლას დაველოდეთ. ხალხს ძალიან მოეწონა – მხოლოდ ამერიკაში ტყუპებმა 112 მილიონი დოლარი გამოიმუშავა!
…ნარკოტიკები? მსგავსი არასდროს არაფერი ყოფილა, მსუბუქი ნარკოტიკიც არ გამისინჯავს! ვინც ამბობს, რომ მას უდიდესი სიამოვნება მოაქვს, ბრიყვია! ყველაზე ძალიან პროფესიული წარმატება მათრობდა: 40 წლის წინ სპორტში ვიმარჯვებდი და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი… 25 წლის წინ კინოში გახლდით წარმატებული, შემდეგ კი პოლიტიკაში… და ამის მერე ვინმე მეტყვის, რომ ნარკოტიკები მეტ სიკეთეს მომიტანდა?!
…წლების წინ, როცა „რკინის მოთვინიერება“ გადავიღე, ამბობდნენ, რომ სიმძიმეებით ვარჯიში გულისთვის ცუდია. დღეს სხვა სიტუაციაა: ყველა ნორმალურ სასტუმროს აქვს სპორტდარბაზი, სადაც შეგიძლია მძიმე ჰანტელებით და შტანგით ივარჯიშო, ექიმები კი ამტკიცებენ, რომ ფიზიკური დატვირთვა კარგია. ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა.
…კარგა ხანია სიმძიმეებს აღარ ვეწევი – სპორტული ინტერესი 10 თუ 15 წლის წინ დავკარგე. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვზარმაცობ. ბავშვობიდან ვვარჯიშობ და ამაზე უარს ვერასდროს ვიტყვი. ახლა, ასე ვთქვათ, ფორმას ვინარჩუნებ.
…ზუსტად არ მახსოვს სად ამოვიკითხე ან ვინ თქვა: ვარჯიში მხოლოდ ფიზიკური ფორმისთვის კი არაა სასარგებლო, საღ აზროვნებაშიც გეხმარება ადამიანს. ზუსტად ასეა! კარგი ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ჩინებულ ხასიათზე ვარ.
…ფეხბურთი დიდად არ მაინტერესებს, თუმცა დევიდ ბექემი რომ გადმოვიდა ლოს ანჯელესში, მის პირველ თამაშს დავესწარი. მისი პირველი გოლიც ვნახე. სხვათა შორის, ძალიან ეფექტურად გაიტანა. ავსტრიაში დავიბადე, მაგრამ იქ ფეხბურთი არასდროს ყოფილა ნომერ პირველი სახეობა, ამერიკაში კი, მოგეხსენებათ, ხალხს სოკერი ნაკლებად უყვარს. ჩემი შვილები კი თამაშობდნენ, მაგრამ მალე ამერიკულ ფეხბურთზე გადაერთნენ.
…სწავლა არასდროს დამზარებია. როცა ბოდიბილდინგით დავინტერესდი, ლამის სრულყოფილად შევისწავლე ადამიანის აგებულება: სხეული, ძვლები, კუნთები… კინოში მოხვედრილი სამსახიობო ოსტატობის კურსებს გავდიოდი, პოლიტიკაში მისული კი სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს ვხვდებოდი და ყურადღებით ვუსმენდი. საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ საკითხის სრულყოფილად გაცნობის შემდეგ ვიღებდი. და ამის გამო არასდროს მინანია.
…ვერ გეტყვით თუ რას დააწერენ საფლავის ქვას. ამის გამოცნობას, მიჯობს ახლავე შევიტყო, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე.
…როცა ბერდები, სულ უფრო ხშირად იხსენებ განვლილ გზას. გამონაკლისი არც მე ვარ – დროდადრო ვიგონებ წარსულს და მუდამ ერთ დასკვნამდე მივდივარ: ფუჭად, ცუდად არ მიცხოვრია. ჩემი სიტყვის თქმა მინდოდა და მგონი, მოვახერხე. რამდენად შევძელი არ ვიცი, მაგრამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ვცდილობდი. ცხოვრების მთავარი მიზანიც, ალბათ, ეს იყო.
არნოლდ შვარცნეგერი
დაიბადა 1947 წლის 30 ივლისს ავსტრიის სოფელ თალში, შტირიის მხარე
ბოდიბილდერი
ტიტულები: მისტერ ოლიმპია – 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975, 1980; მისტერ სამყარო – 1968, 1969, 1970; მისტერ სამყარო (ჭაბუკები) – 1967; მისტერ ევროპა – 1966; მისტერ ევროპა (ჭაბუკები) – 1965; საერთაშორისო სპორტის დიდების დარბაზი – 2012
*-1990-93 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სპორტის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
*-2003-11 წლებში კალიფორნიის შტატის გუბერნატორი.
*-გადაღებულია არაერთ პოპულარულ ბოლკბასტერში, მათ შორის ბარბაროსი კონანი (1982), ტერმინატორი (1984), კომანდო (1985), მორბენალი კაცი (1987), მტაცებელი (1987), წითელი სიცხე (1988), ტყუპები (1988), ტერმინატორი 2 (1991).
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)