კომოს ტბაზე: მენაჯიო

კომოს ტბაზე გატარებული ოქტომბრის ის დაუვიწყარი დღე მენაჯიოში დავასრულე: მეგობრები ბელაჯიოს დიდხანს შერჩნენ და ამიტომ, ეულად მივაკითხე იქაურობას.

ვარენასთან და ბელაჯიოსთან შედარებით მენაჯიო ძალიან პატარაა, თუმცა ამ ორ ქალაქთან შედარებით, მგონი, ყველაზე ძველია – წლების წინ არქეოლოგებმა უძველესი გალავნის ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე II საუკუნით დაათარიღეს.

სიმართლე გითხრათ, იმ 2 საათის მანძილზე, რაც მენაჯიოში დავყავი, არქეოლოგიით და ასეთი ამბებით არ დავინტერესებულვარ – პორტიდან გარიბალდის მოედნისკენ გავისეირნე, მერე სანაპირო ბულვარს გავუყევი და სულ ეგ იყო: უკან, ნავსადგურში დაბრუნებამდე ცხელი შოკოლადი მივირთვი, კიდევ ერთხელ დავტკბი სანახაობით, მერე მეგობრებს შევხვდი და ამასობაში კი დაღამდა.

მენაჯიოს ცენტრი ეს გარიბალდის მოედანია რამდენიმე სასტუმროთი და ღია კაფეებით. სუვენირების მაღაზია ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, ლამის ყველა გზამკვლევში კი მარკ ტვენის სიტყვებია მოშველიებული.

ეს დიდებული ამერიკელი მწერალი 1869 წელს სწვევია კომოს ტბას და ბელაჯიოს შემდეგ მენაჯიოც მოუნახულებია. და აღფრთოვანებულა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მისი სიტყვები ამაზე მიუთითებს. სხვათა შორის, ტვენის ფრაზები იმ კაფის მენიუშიც ამოვიკითხე, სადაც ჩემი საყვარელი ცხელი შოკოლადისთვის შევისვენე…

მენაჯიო კიდევ ორი რამით გამორჩევა – კომოს ტბის გარშემო ერთადერთი ახალგაზრდული სასტუმრო სწორედ ამ კოხტა ქალაქშია, ორიოდ კილომეტრის მოშორებით, მთის კალთებზე კი მენაჯიოს და კადენაბიას გოლფ-კლუბია, რომელიც XX საუკუნის გარიჟრაჟზე დაუარსებია ერთ ბრიტანელ ჯენტლმენს და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ მშვენიერი თამაშის მოყვარულთა შორის. ხოლო გოლფ-კლუბიდან გადაშლილი კომოს ტბის ხედები გულგრილს არავის ტოვებს.

კომოს ტბაზე და ვარენა-ბელაჯიო-მენაჯიოზე წერას აქ დავასრულებ. ერთი დღისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი თავგადასავალი იყო! აი მეორედ მოვინახულებ თუ არა იქაურობას, ეს უკვე აღარ ვიცი, მაგრამ კომოს ტბას რომ კიდევ ერთხელ უნდა ვეწვიო, და თან უფრო დიდი ხნით, ამას წყალი არ გაუვა 😉

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
მენაჯიო, კომოს ტბა, იტალია; 2019 წლის 1 ოქტომბერი

ka_GEGeorgian