იუვენტუსის ტრიუმფის შემდეგ: მხოლოდ სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტთა შორისაა: მადრიდის ატლეტიკოსთან შთამბეჭდავმა მოგებამ ტურინელთა აქციები გაზარდა.
„ვერ ვიტყვი, რომ ატლეტიკომ ჩემ ხელში ყველაზე ცუდად ითამაშა. ფეხბურთელებსაც ვერ გავაკრიტიკებ, უბრალოდ მეტოქემ გვაჯობა და ისღა დაგვრჩენია მათ წარმატება მივულოცოთ“, – განაცხადა ესპანელთა არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ.
2013-14 წლებიდან დაწყებული ატლეტიკომ ყველაზე მეტი გოლგაუშვებელი შეხვედრა გამართა ლიგაზე, მაგრამ ტურინის ალიანც არენაზე ერთბაშად 3 მიიღო. კრიშტიანუ რონალდუ პირველია, რომელმაც სიმეონეს გაწვრთნილ გუნდს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
სხვა არანაკლებ საინტერესო მიღწევები კი ასეთია:
1 – ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში წაგების მიუხედავად, იუვენტუსმა შეძლო და ფლეი-ოფის ეტაპი დაძლია. 2005-06 წლების სეზონში ბრემენის ვერდერთან გამარჯვების შემდეგ ტურინელებმა ასეთი რამ პირველად მოახერხეს.
2 – ატლეტიკო მე-4 კლუბია, რომელმაც ლიგის ფლეი-ოფში პირველი მატჩი 2 ბურთით მოიგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც ვერ გააღწია.
3 – მადრიდელებმა იუვენტუსის კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს. ატლეტიკოს ასეთი რამ პირველად დაემართა 2008 წლის დეკემბერში, მარსელის ოლიმპიკთან მატჩის შემდეგ.
4 – კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში უკვე 124 გოლი გაიტანა. ეს რეკორდია. პორტუგალიელი 18 ბურთით უსწრებს მდევარ ლეო მესის. მან მერვედ შეასრულა ჰეთ-თრიქი და ახლა რეკორდს იმავე მესისთან იყოფს.
5 – ლიგის ფლეი-ოფის ეგიდით გამართულ ბოლო 14 მატჩში პორტუგალიელმა ფენომენმა 18 გოლი გაიტანა! თუ კარიერულ მონაგარს გავითვალისწინებთ, რონალდუმ ფლეი-ოფში ჩატარებულ 77 შეხვედრაში 76 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა – 62 ზუსტი დარტყმა და 14 შედეგიანი გადაცემა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 13 მარტი)