ტალახაძის მეოთხე ევროტრიუმფი მსოფლიო რეკორდით!

ბათუმში გამართული ძალოსანთა ევროპის პირველობა ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა! ზუსტად ისე, როგორც შარშან ბუქარესტში (რუმინეთი), 2017 წელს სპლიტში (ხორვატია), 2016 წელს კი ფიორდეში (ნორვეგია).

ტალახაძე მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი და მეოთხედ დაამყარა მსოფლიო რეკორდი (ორჭიდში), თუმცა ევროპის ჩემპიონატზე პირველად: ჯამში 478კგ დაძლია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში!

მსოფლიო რეკორდი ლაშამ პირველად 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე დაამყარა – 473კგ-ს მოერია. 2017 წელს, ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ქართველმა გოლიათმა 477კგ დაძლია – ახალი, რიგით მეორე მსოფლიო რეკორდი!

მას შემდეგ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ისტორიის ახალი ფურცლიდან ათვლა დაიწყო: სხვა წონითი კატეგორიები დააწესა, ყველა მიღწევა გააუქმა და მსოფლიო რეკორდების ჩამონათვალიც ახლიდან შეივსო.

შარშან, აშგაბატში (თურქმენეთი) გამართულ მსოფლიო პირველობაზე ტალახაძემ 474კგ ასწია და მძიმეწონოსათა პირველი მსოფლიო რეკორდიც მიისაკუთრა. ბათუმში მან თავისივე მიღწევა 4კგ-ით გააუმჯობესა!

აქვე გეტყვით, რომ ლაშა ტალახაძე საერთო ჯამში მეშვიდედ გახდა კონტინენტის უძლიერესი ძალოსანი: უფროსთა შორის მოგებული 4 ოქროს გარდა ის თავის დროზე ევროჩემპიონი გახდა ჭაბუკებში (2010), ახალგაზრდებში (2011) და 23-წლამდელებში (2016).

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 აპრილი)

ka_GEGeorgian