შიფრინის მესამე გლობუსი
სამთო მოთხილამურეთა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა, თუმცა ქალთა შორის დიდი ბროლის გლობუსის მფლობელი უკვე გამოვლინდა: 24 წლის ამერიკელმა მიქაელა შიფრინმა მთავარი ჯილდო ზედიზედ მესამედ ჩაიბარა!
მსოფლიო თასის უკანასკნელ ეტაპებს ანდორის კურორტი სოლდეუ მასპინძლობს. გუშინ და დღეს იქ სწრაფდაშვების და სუპერგიგანტის ეტაპები გაიმართა. ამერიკელი პრიზიორთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა სუპერგიგანტში დაკავებული IV ადგილი ჩემპიონობის გასაფორმებლად საკმარისი გამოდგა.
დიდი ბროლის გლობუსის მფლობელი ყველა დისციპლინის შედეგებით ვლინდება. შიფრინი 2004 ქულით ლიდერობს საერთო ჩათვლას და კონკურენტთათვის მიუღწეველია.
ამერიკელმა სლალომსა და სუპერგიგანტშიც გაიმარჯვა – მცირე ბროლის გლობუსები მიიღო, გიგანტურ სლალომში პირველობას კი, სავარაუდოდ, 17 მარტს გაინაღდებს. უკანასკნელი ეტაპის წინ, რომელიც 17 მარტსაა დანიშნული, 515 ქულით ლიდერობს, მდევარი პეტრა ვლაჰოვა კი 418 ქულით მეორეა.
მიმდინარე სეზონში შიფრინმა მსოფლიო თასის 15 ეტაპი მოიგო, შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი 2 ოქროს (სუპერგიგანტი, სლალომი) და ბრინჯაოს (გიგანტური სლალომი) მედალი მოიპოვა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 მარტი)