მოურინიუ ციფრებსა და რიცხვებში

დღის მთავარი ამბავი მანჩესტერიდან გავრცელდა: ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუ დაითხოვა.
ერთადერთი გამარჯვება ბოლო 5 შეხვედრაში,
VII ადგილი სატურნირო ცხრილში, 19-ქულიანი ჩამორჩენა ლიდერთან და ყველაზე მნიშვნელოვანი, უსახური ფეხბურთი – კლუბის მესვეურებს ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, მობეზრდათ, მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს, ოფიციალურ განცხადებაში კი მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
პორტუგალიელმა მანჩესტერ იუნაიტედში არასრული 3 წელიწადი დაჰყო. დღეს მის ოლდტრაფორდულ და ზოგადად, სამწვრთნელო კარიერას ციფრებით და რიცხვებით გავიხსენებთ.


1
– მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ის პირველი პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელია. მისი თანამემამულე კარლოს კეირუში, ვინც წლების წინ მოღვაწეობდა სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწედ, მთავარი მწვრთნელი არ ყოფილა.

3 – მოურინიუს ტიტულების რაოდენობა ოლდტრაფორდულ კლუბში: ინგლისის სუპერთასი 2016 წელს, ინგლისის ლიგის თასი და უეფას ევროპალიგა 2017 წელს.

3 – სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ (2013 წელს), მოურინიო მე-3 მთავარი მწვრთნელია, რომელიც კონტრაქტის დასრულებამდე გაათავისუფლეს. პირველი შოტლანდიელი დევიდ მოიესი იყო (2014), მეორე – ნიდერლანდელი ლუის ვან გაალი (2016).

4 – მოპოვებული ტიტულების მხრივ პორტუგალიელი კლუბის ყველა დროის მწვრთნელთა შორის მე-4 ადგილზეა (რონ ატკინსონის მხარდამხარ). მასზე წინ არიან სერ ალექს ფერგიუსონი (38), სერ მეტ ბასბი (13) და ერნესტ მენგნელი (5).

7 – მანჩესტერ იუნაიტედი მის სამწვრთნელო კარიერაში მე-7 კლუბი იყო. ოლდტრაფორდელებამდე მოურინიუ მთავარი მწვრთნელის რანგში ლისაბონის ბენფიკაში, ლეირიას უნიაოში, პორტუში, ლონდონის ჩელსიში (2-ჯერ), მილანის ინტერსა და მადრიდის რეალში მუშაობდა.

9 – მისი გაწვრთნილი კლუბები 9 წლის განმავლობაში არ აგებდნენ საშინაო მატჩებს. ეს მსოფლიო რეკორდია.

11 – მანჩესტერში გატარებულ პერიოდში მოურინიუმ სწორედ ამდენი ფეხბურთელი შეიძინა.

25 – კარიერის მანძილზე მოგებული ტიტულები.

28 – მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში წაგებული მატჩები.

32 – მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში ფრედ დასრულებული მატჩები.

77 – მისმა გუნდებმა ზედიზედ ამდენი საშინაო მატჩი არ წააგეს პრემიერლიგაში. ეს ლიგის რეკორდია, თუმცა წლების წინანდელი.

84 – მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში მოგებული მატჩები.

134 – მთავარი მწვრთნელის სტატუსით კარიერის მანძილზე წაგებული მატჩები.

144 – მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული მატჩები.

186 – მთავარი მწვრთნელის სტატუსით კარიერის მანძილზე ფრედ დასრულებული მატჩები.

589 – მთავარი მწვრთნელის სტატუსით კარიერის მანძილზე მოგებული მატჩები.

600 – მანჩესტერის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო ლოურის ნომერი, რომელშიც პორტუგალიელი ოლდ ტრაფორდზე გატარებულ პერიოდში ცხოვრობდა, 24 საათით სწორედ ამდენი გირვანქა სტერლინგი ღირს.

895 – პორტუგალიელმა სწორედ ამდენი დღე გაატარა ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბში.

909 – მთავარი მწვრთნელის სტატუსით კარიერის მანძილზე ჩატარებული მატჩები.

537 000 – გირვანქა სტერლინგი გადაიხადა 2016 წლიდან დღემდე მოურინიუმ სასტუმრო ლოურის ნომერში.

18 000 000 – მისი წლიური ხელფასი მანჩესტერ იუნაიტედში.

22 500 000 – კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის გამო ოლდტრაფორდელები კომპენსაციის სახით პორტუგალიელს სწორედ ამ თანხას გადაუხდიან.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 18 დეკემბერი)

ka_GEGeorgian