კანადის მასტერსი: 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

დღეს მორიგი მასტერსი იწყება – როჯერსის თასი, იგივე კანადის ღია პირველობა.

პრესტიჟულ ტურნირს ვაჟთა შორის ამჯერად მონრეალი უმასპინძლებს, გოგონები კი ტორონტოში ითამაშებენ. წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ შარშან ვაჟთა მთავარი თასი რაფაელ ნადალმა მოიგო – ფინალში სტეფანოს ციციპასს სძლია, გოგონებს შორის კი გამარჯვება სიმონა ჰალეპს დარჩა, წლევანდელი უიმბლდონის ტრიუმფატორს.

აჭარასპორტი კანადის ღია პირველობის შესახებ 5 საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ:

*-როჯერსის თასი ანუ კანადის ღია პირველობა ისტორიაში მე-3 ყველაზე ძველი საჩოგბურთო ტურნირია უიმბლდონის და ამერიკის ღია პირველობის შემდეგ. ვაჟთა შორის პირველი თასი 1881, ხოლო ქალთა შორის 1892 წელს გათამაშდა.

*-კანადის ღია პირველობა მონაცვლეობით ტარდება მონრეალსა და ტორონტოში. 1980 წლიდან დაწყებული, კენტ წლებში ვაჟთა შეჯიბრს მონრეალი, ქალებისას კი ტორონტო მასპინძლობს და პირიქით ლუწ წლებში. ტორონტოში ტურნირი ავივას საჩოგბურთო ცენტრში იმართება, მონრეალში კი IGA სთედიუმზე.

*-2011 წლამდე კანადის ღია პირველობა ივლის-აგვისტოში, სხვადასხვა დროს ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ გოგონათა და ვაჟთა თასები პარალელურად თამაშდება.

*-ვაჟთა ტურნირის რეკორდსმენი ლეგენდარული ჩეხოსლოვაკიელ-ამერიკელი ივან ლენდლია. მან 6-ჯერ მოიგო მთავარი ჯილდო – როჯერსის თასი, 3-ჯერ კი ფინალში ითამაშა. ქალთა რეკორდსმენი კანადელი ლუის მოიეს ბაიკლი გახლავთ, რომელმაც 1906-24 წლებში 10-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

*-1979 წლამდე კანადის ღია პირველობა თიხნარზე ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ საფარი ჰარდით შეიცვალა.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 აგვისტო)

ka_GEGeorgian