ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები კვლავ გეტლენდს ანდეს

უორენ გეტლენდი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს 2021 წელს მესამედ უთავკაცებს. ახალზელანდიელი სპეციალისტი ამ თანამდებობაზე ახლახანს დაამტკიცეს.

55 წლის მწვრთნელი ამჟამად უელსელ მორაგბეებს ხელმძღვანელობს, თუმცა გადაწყვეტილია, რომ წლევანდელი მსოფლიო თასის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. შეგახსენებთ, რომ უდიდეს სარაგბო ტურნირს შემოდგომით იაპონია უმასპინძლებს.

„ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების კიდევ ერთხელ გაწვრთნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია! ამ გუნდს გამორჩეული ადგილი უჭირავს მსოფლიო რაგბის ისტორიაში და ვიმედოვნებ, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ტურნეთი გავახარებთ ქომაგებს“, – განაცხადა უორენ გეტლენდმა.

მისი ხელმძღვანელობით ლომებმა 2013 წელს ავსტრალიური ტურნე მოიგეს, 2017 წელს კი ახალ ზელანდიაში 3-მატჩიანი პაექრობათა სერია ფრედ დაასრულეს.

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ისტორიაში გეტლენდი მხოლოდ და მხოლოდ მეორე სპეციალისტია, რომელსაც მესამედ ანდეს გუნდი. პირველი სერ იან მაკგიჩენი გახლდათ.

უორენ გეტლენდი 2007 წლიდან ხელმძღვანელობს უელსის ნაკრებს. მის ხელში უელსელებმა 4-ჯერ მოიგეს 6 ერის პირველობა, მათ შორის 3-ჯერ დიდი სლემით. ამას გარდა „დრაკონებმა“ მსოფლიო თასის 1/2-ფინალსა და 1/4-ფინალში ითამაშეს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 ივნისი)

ka_GEGeorgian