საქართველო Vs გერმანია: მეორედ გერმანიაში, პირველად ამხანაგურად

20 წლის წინ, 1995 წლის 29 მარტს, ჯვაროსნები პირველად დაუპირისპირდნენ გერმანელებს.
მაშინ ბუნდესნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ეწვია საქართველოს დედაქალაქს, დღეს კი გერმანია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
ჩვენი ეროვნული გუნდის 25-წლიანი ისტორია 192 საერთაშორისო მატჩს ითვლის. აქედან 3 სწორედ გერმანიასთან გამართული შეხვედრებია.
ამჯერად მეტოქეთა მესამე დაპირისპირებას გავიხსენებთ, რომელიც ამავდროულად, პირველი ამხანაგური მატჩი იყო საქართველოს და გერმანიის ნაკრებთა პაექრობის ისტორიაში.
ის 2006 წლის ოქტომბერში შედგა, გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 თვის შემდეგ.

„მატჩის ინიციატორები ჩვენ ვიყავით. გერმანიასთან ამხანაგური თამაში მამაჩემის აუხდენელი ოცნება იყო! გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები თბილისში პირველად 1979 წელს გვეწვია და მაშინ მათ დელეგაციას ეგიდიუს ბრაუნი ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდეგ გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი გახდა და ახალშექმნილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყველანაირად გვერდში ედგა“, – სფფ-ის პრეზიდენტმა, უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა 2006 წლის აპრილში დაადასტურა, რომ ოქტომბერში ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში გერმანელებს სტუმრად გაეჯიბრებოდა.

მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ ბუნდესგუნდთან პაექრობამდე საქართველოს პირველი გუნდი არაოფიციალურ საწვრთნელ შეხვედრას გამართავდა როსტოკის ჰანზასთან.

ლევერკუზენის ბაიერის ექს-თავკაცის კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილი საქართველო ჰანზას 5 ოქტომბერს, კიულუნგსბორნში დაუპირისპირდა. გუნდებს თავი არ მოუკლავთ, ეროვნულის თავკაცმა კი ყველა გამოძახებულ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. საბოლოოდ ფრე – 0:0.

7 ოქტომბერს კი კლაუს ტოპმიოლერის ფეხბურთელები უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსნის, გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დადგნენ. როსტოკის ოსტზეეშტადიონი მთლიანად გაივსო, მაყურებელთა შორის კი ბევრი ქართველიც იყო.

გერმანელებმა კვლავ მოიგეს, ამჯერად 2:0.

24-ე წუთზე მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავმა ბასტიან შვაინშტაიგერმა საჯარიმოს გარედან შეძლო გიორგი ლომაიას კარის დალაშქვრა, 67-ე წუთზე კი მიხაელ ბალაკმა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან მეორედ დაამწუხრა სტუმრები – 2:0.

მატჩი უხეში გამოდგა: ავსტრიელმა არბიტრმა II ტაიმის დასაწყისში ჯერ ლუკას პოდოლსკის არ აპატია უსაქციელობა და მინდვრიდან მიაბრძანა, მცირე ხანში კი მის გზას ზურაბ ხიზანიშვილიც გაუყენა.

საქართველოს ნაკრებმა II ტაიმში უკეთ ითამაშა, მატჩის მიწურულს ოთარ მარცვალაძემ გოლიც გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლიც გაუქმდა.

7 ოქტომბერი, 2006. ამხანაგური. გერმანია, როსტოკი, ოსტზეე. 28 000
გერმანია 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 ბასტიან შვაინშტაიგერი (24), 2:0 მიხაელ ბალაკი (67)
გერმანია: ტიმო ჰილდებრანდი, კლემენს ფრიცი, არნე ფრიდრიხი, მანუელ ფრიდრიხი (ალექსანდერ მადლუნგი 84), ტომას ჰიტცლშპერგერი (მალიკ ფათჰი 76), დავიდ ოდონკორი, მიხაელ ბალაკი (კაპ), პიოტრ ტროხოვსკი (ტორსტენ ფრინგსი 76), ბასტიან შვაინშტაიგერი, მიკ ჰანკე (იან შლაუდრაფი 65), ლუკას პოდოლსკი
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
საქართველო: გიორგი ლომაია, მათე ღვინიანიძე (ოთარ ხიზანეიშვილი 73), ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე (კაპ), დავით კვირკველია (ვასილ გიგიაძე 79), ზურაბ მენთეშაშვილი (კახა ალადაშვილი 79), ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი (გოგიტა გოგუა 58), ოთარ მარცვალაძე (ალექსანდრე იაშვილი 63), გიორგი დემეტრაძე (ირაკლი მოდებაძე 83)
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)
გაფრთხილება: ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან ცქიტიშვილი
გაძევება: ლუკას პოდოლსკი (48), ზურაბ ხიზანიშვილი (62)
მსაჯები: გერალდ ლეხნერი; რაიმუნდ ბუხი, ანდრეას ფელინგერი (ავსტრია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 28 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian