კარიერა ფრაზებში #52: თემურ ქეცბაია

„მადლობა ღმერთს, თემურ ქეცბაიამ ჯოჯოხეთისგან მიხსნა! ენით ვერ აღიწერება ის სიამოვნება, ბურთის ბადეში შევარდნისას რომ განვიცადე… ამის შემდეგ ყოველგვარი ხუთვა და აღელვება მომეხსნა, მაგრამ ჩემი ასაკის კაცისთვის ასეთი წუთების გადატანა ნამდვილად ცუდია. ამიტომ გადავაბარე საქმეების დიდი ნაწილი ჩემ ვაჟს, დაგლასს და სხვა დირექტორებს“, – ეს სიტყვები ნიუკასლ იუნაიტედის თავმჯდომარემ, სერ ჯონ ჰოლმა წლების წინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კროაციასა და ნიუკასლ იუნაიტედს შორს ზაგრებში გამართული მატჩის შემდეგ თქვა.
მისი ნიუკასლი 1:2-ს აგებდა, საქმე პენალტების სერიამდე მიდიოდა, თუმცა დამატებითი დროის ამოწურვამდე მცირე ხნით ადრე ქეცბაიამ ზუსტად დაარტყა და ჩრდილოინგლისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაში შეუძღვა. ნიუკასლმა პირველად ითამაშა ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის!
მაშინ წერდნენ, რომ ქეცბაიას გოლმა ნიუკასლის მფლობელს და კლუბის სხვა აქციონერებს დაახლოებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოგება მოუტანა. ალბათ ამიტომ თუ იყო, რომ გუნდის შეფებმა ქართველი ნახევარმცველი ზაგრებული გოლისთვის, როგორც დაიწერა, 25 ათასი ფუნტით წაახალისეს.
იმ დროს ქეცბაია უკვე გახლდათ საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორი. მან ის ბურთი 1994 წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ევრო 96-ის შესარჩევში უელსთან 5:0 მოგებულ თამაშში გაიტანა.
ქეცბაია გამორჩეული ხასიათის მოთამაშე გახლდათ და კლუბსა თუ ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა.
წლების წინ, ფეხბურთიდან წასული, ის საქართველოს ნაკრებს მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა და გახდა პირველი, რომელიც ქვეყნის პირველ გუნდს ფეხბურთელის, კაპიტნის და მწვრთნელის რანგში ემსახურა.
საქართველოს 2-გზის საუკეთესო მოთამაშის კარიერას, ტრადიციულად, მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

 

…გალში დავიბადე. იქ ყველა იცნობდა ერთმანეთს. ქუჩაზე, სადაც ჩვენი სახლი იდგა, ყველანი ნათესავები ვიყავით. მშობლებმა იმ სახლის აშენებაში ყველაფერი ჩადეს. სამეგრელოში ასეა: დიდი სახლებით და ლამაზი ეზოებით ვიწონებთ თავს.

…სახლთან ახლოს პატარა ღელე მოედინებოდა. ბავშვებსაც მეტი რა გვინდოდა – ვბანაობდით ხოლმე. ერთხელ, ალბათ 5 წლის თუ ვიქნებოდი, საბანაოდ ჩავხტი და წყალმა წამიღო. თურმე ნახევარი საათი მეძებდნენ. ვიღაცებს უთქვამთ, ხიდს იქით თუ გაიყვანა წყალმა, მკვდარსაც ვეღარ მიაგნებთო… საბედნიეროდ, ტრუსით ხის ტოტს გამოვედე და ასე გადავრჩი. მომავალმა ნათლიამ თენგიზ მოდებაძემ მიპოვა… მეზობლის სიტყვები დამამახსოვრდა: თემური იღბლიანი ბიჭი ყოფილაო!

…მამა ახალგაზრდა იყო, როცა ავარიაში მოყვა და დაინვალიდდა. ხვდებით ალბათ, იმ ამბის შემდეგ არ გვილხინდა: მამის პენსიას დედის მცირე ხელფასი ემატებოდა – ის გალის საავადმყოფოში მზარეულად მუშაობდა. არადა, ოჯახში 4 პატარა ვიყავით: ორი ძმა და და მყავს.

…სწავლას თუ არ ჩავთვლით, ერთადერთი რამ გვევალა, საოჯახო საქმეებში მშობლებს უნდა დავხმარებოდით: სიმინდის დათესვა-აღება, საქონლის მოვლა, წყლის მომარაგება… ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა.

…ბავშვობაში თმა გამცვივდა. ვერავინ დაადგინა მიზეზი. ვისთან არ მიმიყვანეს მშობლებმა, მაგრამ ვერ მიშველეს. ძალიან განვიცდიდი, მეგობრებსაც ვემალებოდი.

…ხუთოსანი არ ვიყავი, თუმცა ვერცერთი მასწავლებელი იტყოდა, რომ თემური ცუდი მოსწავლეაო. საყვარელი საგანი, რა თქმა უნდა ფიზკულტურა იყო: ერთი სული მქონდა ეზოში ჩავსულიყავი და ფეხბურთი მეთამაშა. არც გაკვეთილების მერე ვისვენებდი – მეგობრებთან ერთად იქვე, სახლის გვერდით, დიდ მინდორში ვთამაშობდი. მშობლები მიხვდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ჰქონდათ და სპორტულ სკოლაში გადამიყვანეს.

…70-იან წლებში გალის მზიური საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. კარგი გუნდი იყო, საშინაო თამაშებს არ ვაცდენდით, თუმცა საყვარელი კლუბი მაინც თბილისის დინამო იყო. ბიჭები მაისურზე დინამოელების გვარებს ვიწერდით ხოლმე… უმეტესობას ყიფიანობა სურდა.

…გალში ერთადერთი საფეხბურთო მოედანი იყო – მზიურის, ასე რომ, ჩვენი სკოლის გუნდიც იქვე თამაშობდა. ჩემი პირველი ტურნირი რესპუბლიკური „ტყავის ბურთი“ იყო, რომელიც ახალციხეში ჩატარდა. იმ შეჯიბრს თბილისიდან ჩამოსული მწვრთნელებიც დაესწრნენ. როგორც ჩანს, მოვეწონე და თბილისში გადასვლა შემომთავაზეს. 10 წლის ვიყავი, თუმცა ისე მინდოდა ვარჯიში, მშობლებმა უარი ვერ მითხრეს. მამა გალიდან თბილისამდე მარიგებდა ჭკუას, ეცადე არ შემარცხვინოო, მე და დედა გვერდით რომ არ ვიქნებით, არ ინერვიულო, ხშირად ჩამოვალთო… მარტოობა რა იყო არ ვიცოდი, თუმცა გაიხურა თუ არა მამამ ინტერნატის კარი, მივხვდი რომ ცხოვრებაში რაღაც ახალი დაიწყო.

…სპორტსკოლაში მკაცრი და დატვირთული რეჟიმი გვქონდა: დილით ვსწავლობდით, საღამოს კი ვვარჯიშობდით. იქ სპორტის სხვა სახეობებიც ისწავლებოდა, ჩვენთან ხომ მთელი საქართველოდან შეკრებილი ბიჭები ვარჯიშობდნენ – კალათბურთელები, მოჭიდავეები, მძლეოსნები, მოფარიკავეები… ინტერნატში თავის დაცვაც ვისწავლე. ბევრს ლიდერობა უნდოდა და ხშირად ვჩხუბობდით. მახსოვს, პირველად მოჭიდავეებს დავუპირისპირდით – ბევრნი ვიყავით და მაგრად ვცემეთ.

…ინტერნატამდე თბილისი მხოლოდ ტელევიზორში მენახა. ჩვენი სპორტსკოლა გლდანში იყო და ქალაქში გასვლას მხოლოდ კვირა დღეს ვახერხებდით – სხვა დროს აკრძალული გვქონდა ტერიტორიის დატოვება. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე გალელი სწავლობდა – კახა გეთია, დათო ჩხეტია, კობა ხარჩილავა… მათთან ერთად ვსეირნობდი ხოლმე. სადაც უნდა წავსულიყავით, ბოლოს მაინც დინამოს სტადიონთან ვიკრიბებოდით და იქიდან ვბრუნდებოდით გლდანში.

ეროვნული ნაკრები

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ, ისტორიულ შეხვედრაში 1990 წლის 27 მაისს ითამაშა ლიეტუველთა წინააღმდეგ

…ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ინტერნატში დინამოს თამაშის ბილეთებს მოიტანდნენ ხოლმე. მეგობრებთან ერთად ტრიბუნაზე მყოფი ვოცნებობდი ერთ დღეს მეც მეთამაშა დინამოში. ჩემთვის ვფიქრობდი: აი, ახლა ასე დავარტყამდი… ბურთს იმას მივაწვდიდი… მოკლედ, ფიქრებით იქ ვიყავი, მოედანზე!

…ჯერ კიდევ გლდანის სპორტსკოლაში ვსწავლობდი, როცა სოხუმის დინამომ მიმიწვია. ის იყო ჩემი პირველი დიდი გუნდი. მერე ყველაფერი ელვის სისწრაფით შეიცვალა – მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთით ვცხოვრობდი.

…უცხოეთში პირველად სოხუმის დინამოდან მოვხვდი – ეთიოპიაში გავემგზავრეთ. ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი, მოსკოვში ჩასულები კი ლამის უკან გამოვბრუნდით: აღმოჩნდა, რომ გუნდის ადმინისტრატორს სამედიცინო აცრების დამადასტურებელი ფურცლები სოხუმში დარჩა! რეისი ცოტა ხნით გადადეს, მერე კი ვიღაც მადლიანმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და გაგვიშვეს. რა მახსოვს იმ ტურნედან და აუტანელი სიცხე, ეთიოპიური სოფლები, ბევრი შავკანიანი და მოწინააღმდეგეები, რომლებიც ფეხშიშველი, ბუცების გარეშე თამაშობდნენ. ერთი სიტყვით, „უცხოეთმა“ იმედები გამიცრუა, არადა გალში ჩემებს დიდი ზეიმი ჰქონდათ, ლამის მთელმა ქალაქმა გაიგო რომ ნარგიზას და ვალიკოს ბიჭი საზღვარგარეთ წავიდა.

…რომ დავბრუნდი, დეპეშა დამახვედრეს – თბილისის დინამო მიწვევდა! სოხუმში მითხრეს, დარჩი, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ერთი სეზონი კიდევ ითამაშე და მერე წადიო, მაგრამ საოცნებო გუნდში მიბარებდნენ და უარს როგორ ვიტყოდი? მატარებლით ჩამოვედი თბილისში, მთელი ჩემი ბარგი ერთ ზურგჩანთაში ჩავტიე.

…დიღმის ბაზაზე საათნახევრით ადრე მივედი. ძალიან ვნერვიულობდი, ეზოში ვერც შევედი. გარეთ, ჭიშკართან ვიდექი. მერე კახი ასათიანი მოვიდა და მკითხა, აქ რას აკეთებო. ასე და ასეა, თემურ ქეცბაია ვარ, დინამოში დამიბარეს და აი, სოხუმიდან ჩამოვედი-მეთქი.

…თავიდან გამიჭირდა, თუმცა შოთა ჭეიშვილმა და ნოდარ აკობიამ მიშუამდგომლეს, ნუ ვიჩქარებთ, შანსი კიდევ მივცეთო. გუნდთან ერთად ლესელიძეში გავემგზავრე, იქ კი პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე, მგონი, ჩეხოსლოვაკიელების წინააღმდეგ. ასე აღმოვჩნდი დინამოში ჩემს საყვარელ ოთარ გაბელიასთან, ალექსანდრე ჩივაძესთან, სოსო ჭედიასთან, რამაზ შენგელიასთან და გელა კეტაშვილთან ერთად.

…იმ დროს დიღმის ბაზაზე ვცხოვრობდი. ხელფასი 500 მანეთი მქონდა, ერთ ამდენს კი ყოველი მოგების შემდეგ ვიღებდი. მამა მეუბნებოდა ფული დააგროვეო, მე კი თანხას ბარებში და დროსტარებაში ვხარჯავდი. მალე სიტუაცია აირია, ფულიც იცვლებოდა, თუმცა დინამოელები ლიმიტის გარეშე ვცვლიდით ფულს. ლამის მთელი სანათესაო მეხვეწებოდა გადახურდავებაში დაგვეხმარეო… მაშინ ვუთხარი მამას, ფული რომ შემეგროვებინა, ყველაფერი დამეკარგებოდა, რაც შემრჩა დროსტარებაა-მეთქი.

…იმ დროს დინამოელთა ყველაზე დიდი პრივილეგია ბინის და მანქანის ურიგოდ მიღება იყო. 1988 თუ 89 წელს გლდანში ბინა მომცეს, მაგრამ ის კორპუსი მგონი, დღემდე არ აშენებულა. რაც შეეხება მანქანას, პირველად ჟიგული 03 მივიღე. ქვეყანა ჩემი მეგონა! მაგრამ მართვა არ ვიცოდი, მეგობრები მეხმარებოდნენ. ერთ თვეში იმ მანქანას მთელი აღარაფერი ჰქონდა… მერე მამას ვაჩუქე და მოგვიანებით, გალში რომ ჩავედი, ვერც ვიცანი ისეთი მოვლილი და გალამაზებული იყო.

…უცხოეთში ხშირად გვმასპინძლობდნენ ქართველები. მაგალითად გერმანიაში ერთ მოხუცს შევხვდი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი სევდიანი თვალები ახლაც თვალწინ მიდგას. დიდ პატივს გვცემდნენ ისრაელში: გვასაჩუქრებდნენ, კარგ ჰონორარს გვიხდიდნენ, თელ ავივის საუკეთესო სასტუმროში გვაბინავებდნენ… კარგი ცხოვრების გემო მაშინ გავიგე.

…80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის დრო დადგა, ბევრი გვეუბნებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ნუ თამაშობთო… მალე საქართველოს ეროვნული პირველობა დაიწყო და დინამოც აქეთ გადმოერთო. 3 წელი სრულ იზოლაციაში ვიყავით, იმ მოვლენებმა ჩემი თაობა ძალიან დააზარალა. ნელ-ნელა ყველამ დაიწყო უცხოეთში წასვლაზე ფიქრი. გამონაკლისი არც მე ვიყავი – ვხვდებოდი, რომ საქართველოში დარჩენით ვერაფერს მოვიგებდი..

…პირველი ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ მოსკოვში წავედი, ერთ-ერთი იქაური კლუბი მთავაზობდა კონტრაქტს: ბინა, მანქანა… ყველაფერი გათვალისწინებული იყო. პირობები მომეწონა, თუმცა საბუთებს ხელი არ მოვაწერე, თბილისში რაღაცები მაქვს გასარკვევი-მეთქი. რომ დავბრუნდი, ლამის აეროპორტშივე დამიჭირეს: ჩვენ რუსეთს ვებრძვით, შენ კი იქ მიდიხარ, ეს ხომ ღალატიაო, მითხრეს! მაშინ მივხვდი, რომ აქაურობა მალე უნდა დამეტოვებინა.

ქეცბაია

თემურ ქეცბაია ერთადერთი ქართველია, რომელმაც უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის თასის ფინალში ითამაშა

…კვიპროსელები 1991 წელს, საგაზაფხულო ჩემპიონატის შემდეგ შემეხმიანნენ. მალე მათი წარმომადგენელი ჩამოვიდა და საქმეში მნახა, ცოტა ხანში კი კონტრაქტიც გავაფორმე. დინამო შვედეთში მიდიოდა მოსკოვის გავლით. იქ ბიჭებთან ერთად გავემგზავრე, მერე კი მე სამხრეთით წავედი, ისინი – ჩრდილოეთით.

…თვითმფრინავიდან რომ გადმოვედი, საშინელი სიცხე დამხვდა, ძლივს ვსუნთქავდი! მითხრეს, დღესვე უნდა ითამაშოო. ჩემთან ერთად იყო ვლადიმერ გუცაევიც – ის მეორე მწვრთნელად მიიწვიეს. ვუთხარი, ვერ შევძლებ, ცუდად ვარ-მეთქი, მაგრამ სხვა რა გზა იყო? მოედანზე გავედი, მაგრამ შესვენებაზე შეცვლა ვითხოვე. მგონი ფიქრობდნენ, ქეცბაია არ გამოგვადგებაო, მაგრამ მალე ბულგარეთში წავედით შეკრებაზე და იქ ლამის ყველა თამაშში გოლი გავიტანე. ასე დავიწყე კვიპროსული კარიერა.

…აფხაზეთის ომი ანორთოსისში გადასვლას დაემთხვა. საშინელი პერიოდი გადავიტანე! ჩემები ბოლო მომენტამდე არ აპირებდნენ სახლის დატოვებას, მაგრამ მაინც მოუწიათ… ჩემი და სოხუმში ჩარჩა, თუმცა ძმა ჩავიდა და თვითმფრინავით გამოუშვა, თვითონ კი ჭუბერის უღელტეხილით გადმოვიდა. მოგვიანებით რომ მომიყვა რაც გადახდა, არ ვუჯერებდი – ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა! ჩვენ ცალკე ვნერვიულობდით, ერთი კვირა არ ვიცოდით ცოცხალი იყო თუ არა.

…კვიპროსში ყველაფერი კარგად აეწყო, მალე კი მომავალი მეუღლეც გავიცანი. ბინის პატრონმა ვახშამზე მიმიწვია და კატერინას მაშინ შევხვდი. საბერძნეთში რომ მივდიოდი, მამამისთან მივედი და ვუთხარი, ასე და ასეა, თქვენი თანხმობა მჭირდება-მეთქი. ყველაფერმა ჩინებულად ჩაიარა და 1995 წლის 30 ივნისს დავქორწინდით. მალე გოგონა შეგვეძინა – ლიდა. როცა პირველად დავინახე შვილი, თავი ძალიან უცნაურად ვიგრძენი.

…ათენის აეკმა 500 ათას დოლარად გადამიბირა. პირველ სეზონში გამიჭირდა, ხელი მოვიტეხე და ლამის 3 თვე გამიცდა, თუმცა მალე კარგად ავთამაშდი და ბოლოს ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელადაც დამასახელეს. აეკთან 3-წლიანი კონტრაქტი მქონდა, თუმცა ყველა გრძნობდა, რომ ხელშეკრულებას არ გავახანგრძლივებდი.

…საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩემ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს. რა უნდა მოხდეს, რომ ქვეყნის სახელით გამართული თამაშები დამავიწყდეს? გამორიცხულია! უელსის ნაკრებს თბილისში 5:0 რომ მოვუგეთ, დუბლი შევასრულე! ჩემი პირველი გოლი გუნდისთვის ისტორიული იყო… ასეთი ამბები არავის ავიწყდება!

…ნიუკასლ იუნაიტედიდან რომ დამირეკეს, უცხოეთში ვიყავი. ათენში შეხვედრაზე შევთანხმდით. უცბად გამახსენდა, რომ ინგლისური არ ვიცოდი, სანდოც არავინ მყავდა და ცოლის ძმას დავუკავშირდი, სასწრაფოდ ათენში ჩამოდი-მეთქი. რამდენიმე საათში ჩვენთან გაჩნდა, იმავე საღამოს შევხვდი ნიუკასლის წარმომადგენლებს, ჩემი პირობები გავაცანი და კონტრაქტიც გავაფორმე.

…კროაციასთან გოლს რა დამავიწყებს!? ის თამაში სათადარიგოთა შორის დავიწყე, წინ ორი კაცი გვყავდა – ფაუსტინო ასპრილია და იონ დალ ტომასონი. დალგლიშმა მეორე ტაიმში შემიშვა, ასე მითხრა თავდამსხმელებთან ახლოს იტრიალეო. გულახდილად ვიტყვი: ვფიქრობდი, რომ პენალტების სერიაში წავაგებდით, თუმცა საქმე იქამდე არ მივიდა. ყველაფერი წამებში მოხდა – ასპრილიამ ბურთი დამიგდო, მეც დავარტყი. ერთადერთი, რაც იმ მომენტიდან მახსოვს, ისაა, რომ მეკარე ოდნავ ადრე დაეცა – ალბათ ეგონა, რომ შორეულ კუთხეში დავარტყამდი.

…ჩემმა გოლმა ნიუკასლ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაში შეიყვანა, ისტორიაში პირველად! ის გოლი უელსელებთან გატანილ ბურთზე არანაკლებ მიყვარს.

…პრემიერლიგა რას უნდა შევადარო? საუკეთესო პირველობაა, სადაც კი მითამაშია. ერთადერთი, რაც არ მომწონდა, ამინდი იყო: ნისლი, წვიმა, ქარიც… ოქტომბერში რომ აცივდებოდა ლამის აპრილის ბოლომდე ასე იყო, მე კი სითბოს და მზის მოყვარული ვარ. გალელი სხვანაირი ვერ იქნება.

…ვფიქრობ, ჩემი გასაკეთებელი ნიუკასლშიც გავაკეთე. იქ რომ გადავედი 29 წლის ვიყავი. იმ დროს ამ ასაკის ფეხბურთელებს ვეტერანებად თვლიდნენ, მე კი მიმაჩნია, რომ ამ ასაკშიც შეიძლება უმაღლეს დონეზე თამაში. ნიუკასლში გატარებულ წლებზე ნაღდად არ მწყდება გული. ცუდთან ერთად ბევრი კარგი მომენტიც იყო.

თემურ ქეცბაია

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული სადებიუტო, 2010 წელი ქეცბაიამ დაუმარცხებლად დაასრულა!

…უსამართლობას არასდროს ვეგუებოდი და ასეთად დავრჩი ინგლისშიც. ამის გამო მწვრთნელებთან ტკბილი ურთიერთობა არასდროს მქონია. ნიუკასლ იუნაიტედი ამ მიზეზით დავტოვე – ვულვერჰემპტონ უონდერერსში გადავედი. იქ ერთი სეზონი გავჩერდი და შოტლანდიას მივაშურე – გიო ნემსაძესთან და ზურა ხიზანიშვილთან. მე რომ გადავედი, ნემსაძე ტრავმირებული იყო, ასე რომ მარტო ხიზანიშვილის მხარდამხარ ვითამაშე. გიო რომ გამოჯანმრთელდა, მე დავშავდი და თითქმის ნახევარი წელი გამიცდა.

…დანდი კონტრაქტის გახანგრძლივებას მთავაზობდა, ნაღდად არ იყო ურიგო პირობები, მაგრამ წვიმა და უამინდობა რომ გამახსენდა, მივხვდი: იქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდი. თან, დაახლოებით იმავე პერიოდში ანორთოსისმა დაბრუნება შემომთავაზა. დიდხანს არ მიფიქრია, უარს, უბრალოდ ვერ ვიტყოდი.

…2 წელიწადში ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა, რის გამოც ანორთოსისი ბევრმა კარგმა ფეხბურთელმა დატოვა. იმ დროს უკვე მოთამაშე-მწვრთნელი ვიყავი, ძველ ნაცნობებს შევეხმიანე და ნელ-ნელა კარგი ბიჭები შევკრიბე. ქართველებიც მყავდა: გაბიდაური და წიტაიშვილი… ცოტა ხანში კი გიო ქინქლაძეც ჩამოვიყვანე. ვიცოდი, რომ ის ძალიან გაგვაძლიერებდა. ელოდნენ, რომ კატასტროფული სეზონი გვექნებოდა, ჩვენ კი ჩემპიონები გავხდით!

…კარიერა 2007 წელს, 39 წლისამ დავასრულე. ტრავმებმა გამტანჯა, მივხვდი, რომ დასვენების დრო იყო და წავედი. თან, მწვრთნელიც ვიყავი და სულ უფეხბურთოდ არ ვრჩებოდი.

…ყველაზე დიდი წარმატება, ალბათ, ჩემპიონთა ლიგაში გასვლა იყო. ფლეი-ოფში პირეოსის ოლიმპიაკოსი დავამარცხეთ, ჯგუფში კი ვერდერთან, ინტერთან და პანათინაიკოსთან ვითამაშეთ. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შემდეგ ეტაპზეც გავიდოდით.

…ოლიმპიაკოსი გაზაფხულზე შემეხმიანა, კარგი პირობები შემომთავაზა და დავთანხმდი. უამრავი გეგმა მქონდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გამიფუჭდა – ვერ ჩამოყალიბდნენ რა სურდათ. ჩემ ხელში ოლიმპიაკოსს თამაში არ წაუგია, გოლიც არ გაგვიშვია, მაგრამ მაინც წავედი, გაცლა ვარჩიე.

…მალე საქართველოს ნაკრების გაწვრთნის შანსი გამოჩნდა. ოლიმპიაკოსიდან რომ წავედი, მაშინდელი კულტურისა და სპორტის მინისტრის ნიკა რურუას მოადგილემ დამირეკა, სად შეხვდებით მინისტრს, პარიზში თუ მადრიდშიო. გამეცინა და ვუთხარი, თბილისში ხშირად ჩამოვდივარ-მეთქი. იმ დროს კიდევ მქონდა რამდენიმე სხვა ვარიანტი, მაგრამ არაფერზე მიფიქრია – საყვარელი გუნდის გაწვრთნა მინდოდა.

…ყოველი თამაშის წინ ჩემი ცხოვრება თავიდან იწყება. კადრებად მახსენდება ყველაფერი – ბავშვობა, ოჯახი, გამარჯვებებით გამოწვეული სიხარული და ტკივილი, დამარცხებას რომ თან სდევს.

…არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ – მოედანზე თუ მწვრთნელის სავარძელში. ზუსტად ვიცი, რომ სტადიონზე გატარებული ყოველი წამი ადგილად შეიძლება იქცეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეპიზოდად.

…კლუბებსა თუ ნაკრებში საქმეს ყოველთვის სულით და გულით ვაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე თამაშში თემურ ქეცბაიამ თავი დაზოგა. ყველგან თავდაუზოგავად ვშრომობდი და დაფასებაც არ მაკლდა.

…უმადური კაცი არ ვარ, მაგრამ ჩვენ თაობას უკეთეს პერიოდში რომ ეთამაშა, გაცილებით მეტს მივაღწევდით. ყველაზე ძალიან იმაზე მწყდება გული, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც ვერ ავიხდინე.

თემურ ქეცბაია
დაიბადა 1968 წლის 18 მარტს
1987-92 წლებში თბილისის დინამოს, 1992-94 და 2002-06 წლებში ფამაგუსტას ანორთოსისის (კვიპროსი), 1994-97 წლებში ათენის აეკის (საბერძნეთი), 1997-2000 წლებში ნიუკასლ იუნაიტედის (ინგლისი), 2000-01 წლებში ვულვერჰემპტონ უონდერერსის (ინგლისი) და 2001-02 წლებში დანდის (შოტლანდია) ნახევარმცველი
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 1990, 1991; კვიპროსის ჩემპიონი – 2005; საქართველოს თასი – 1992; საბერძნეთის თასი – 1996, 1997; კვიპროსის თასი – 2003; საბერძნეთის სუპერთასი – 1996; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (ფეხბურთის ფედერაცია) – 1990; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი სარბიელი) – 1997
საქართველოს ნაკრებში: 52 მატჩი, 17 გოლი (1990-2003)

*-ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი საგარეო გოლის ავტორი: 1991 წლის 2 ივლისს კიშინიოვში, მოლდოვასთან – 4:2.

*-ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორი: 1994 წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ევრო 96-ის შესარჩევში უელსთან – 5:0.

*-პირველი და ერთადერთი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რომელმაც კალენდარული წელი (1 მატჩზე მეტი) დაუმარცხებლად დაასრულა – 2010 წელს!

*-1990 წელს, I ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირველობის 22 რჩეულ მოთამაშეთა შორის საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად დაასახელა.

*-სარბიელმა (ჟურნალისტთა გამოკითხვა) 1996 და 1998 წლებში ქვეყნის მეორე მოთამაშედ აღიარა, 1999 წელს კი ამავე რეფერენდუმში მესამე იყო.

*-ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის რანგში 2007 წელს კვიპროსის თასი და სუპერთასი, 2008 წელს კი ჩემპიონატი მოიგო.

*-პირველი ქართველი მწვრთნელი, რომელმაც კლუბი ჩემპიონთა ლიგაში შეიყვანა – ანორთოსისი 2008-09 წლების სეზონში.

*-ერთადერთი ქართველი, რომელმაც უძველესი საფეხბურთო ტურნირის – ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში ითამაშა.

 

ლაშა გოდუაძე (წიგნიდანკარიერა ფრაზებში 2; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian